ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ბრალდებით, საქართველოში ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
როგორც გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, ერთ-ერთი დაკავებულის საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, პარიზის ეროვნული ბიბლიოთეკიდან მოპარული, მე-19 საუკუნეში გამოცემული, ფრანგულენოვანი წიგნი იპოვეს.
კრიმინალური ქსელის გამოვლენის შესახებ ინფორმაცია სისხლის სამართლის სფეროში ევროკავშირის ქვეყნების თანამშრომლობის ორგანომ, ევროჯასტმაც გაავრცელა. პრესრელიზში ნათქვამია, რომ
„ორგანიზებულმა დანაშაულებრივმა ჯგუფმა, სავარაუდოდ, 170 მაღალი ისტორიული და კულტურული ღირებულების წიგნი ევროპის რამდენიმე ქვეყანაში მოიპარა. მოპარული წიგნების სავარაუდო ღირებულება 2.5 მილიონი ევროა და დაწერილია ისეთი ცნობილი რუსი მწერლების მიერ, როგორებიც არიან პუშკინი, გოგოლი და ლერმონტოვი“.
ევროჯასტი აღნიშნავს, რომ ქართული წარმოშობის დამნაშავეებმა საფრანგეთში, გერმანიაში, ლიტვაში, პოლონეთში, ლატვიაში, ესტონეთსა და შვეიცარიაში მდებარე ბიბლიოთეკები გაძარცვეს.
საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგენილია, რომ საქართველოს მოქალაქეებმა ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი 2022 წლის დასაწყისიდან შექმნეს და განიზრახეს ევროპის მასშტაბით, შემდგომი რეალიზაციის მიზნით ფარულად დაუფლებოდნენ მე-19 საუკუნის სხვადასხვა ავტორების ძვირადღირებულ წიგნებს. საქმის მასალების მიხედვით, ამისთვის ისინი იყენებდნენ ყალბ პირადობის დამადასტურებელ მოწმობებს, გამოგონილ სახელებს და ორიგინალის ჩასანაცვლებლად წინასწარ გამზადებულ, წიგნების ყალბ ნიმუშებს.
„წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის თანახმად, ორგანიზებული ჯგუფის წევრებს საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვის, ესტონეთის, შვეიცარიის, პოლონეთის და ჩეხეთის ეროვნულ და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკებში წასაკითხად უნდა აეღოთ მე-19 საუკუნის კლასიკოსი მწერლების წიგნები, რასაც ფარულად დაეუფლებოდნენ და მათ ორიგინალი წიგნების მაღალი ხარისხის ასლებით ჩაანაცვლებდნენ.
ზემოხსენებული დანაშაულებრივი სქემის შესაბამისად, ორგანიზებული ჯგუფის წევრები 2022-23 წლებში, ევროპის სხვადასხვა ქალაქების ბიბლიოთეკებიდან ასეულობით ათასი ევროს ღირებულების წიგნებს ფარულად დაეუფლნენ“, - განაცხადეს გენერალურ პროკურატურაში.
დაკავებულებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ “ ქვეპუნქტებით (ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ და დიდი ოდენობით) წარედგინათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ევროპის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირფასი წიგნების ქურდობის შესახებ უცხოურ მედიაში ინფორმაცია გასული წლიდან ვრცელდებოდა.