FT: აშშ-ის საერთაშორისო დახმარების სააგენტოს, USAID-ის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

გავლენიანი გამოცემა Financial Times-ი წერს, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას მას შემდეგ, რაც ორგანიზაციის ვებსაიტი გაითიშა, ორი უმაღლესი თანამდებობის პირი შვებულებაში გაუშვეს, ხოლო პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ სააგენტო „რადიკალი შეშლილების“ მიერ იმართებოდა. არსებობს ვარაუდი, რომ ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაქვემდებარებაში გადავა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

USAID დამოუკიდებელი სააგენტოა, მთელს მსოფლიოში დაახლოებით 10 000 თანამშრომლით, რომელიც აშშ-ის საგარეო დახმარებისა და განვითარების პროგრამების ადმინისტრირებაზეა პასუხისმგებელი. ორგანიზაცია 1961 წელს, პრეზიდენტ ჯონ კენედის ადმინისტრაციის დროს დაფუძნდა.

„მას რადიკალი შეშლილების ჯგუფი მართავდა და ჩვენ მათ გავყრით. შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - ამის შესახებ ტრამპმა რეპორტიორებს 2 თებერვალს განუცხადა.

Financial Times-ის ცნობით, შაბათს, USAID-ის უსაფრთხოების მიმართულებით ორი უმაღლესი ოფიციალური პირი შვებულებაში გაუშვეს მას შემდეგ, რაც მათ უარი უთხრეს ილონ მასკის „მთავრობის ეფექტიანობის დეპარტამენტის“ თანამშრომლებს სააგენტოს სისტემაზე წვდომაზე. დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებით, სწორედ ეს დეპარტამენტია პასუხისმგებელი „მთავრობის უაზრო ხარჯების შემცირებაზე“. მასკმა USAID-ს „კრიმინალური ორგანიზაცია“ უწოდა და თქვა, რომ „დროა ის მოკვდეს“.

დონალდ ტრამპმა 20 იანვარს, პრეზიდენტის თანამდებობის მეორედ დაკავებიდან რამდენიმე საათში, გამოსცა აღმასრულებელი განკარგულება, რომლითაც აშშ-ის საგარეო დახმარება 90 დღით შეჩერდა. განკარგულებაში ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია ემსახურებიან „მსოფლიო მშვიდობის დესტაბილიზაციას უცხო ქვეყნებში იდეების გავრცელებით, რომლებიც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჰარმონიულ და სტაბილურ ურთიერთობებს ქვეყნებს შიგნით და მათ შორის“. 26 იანვარს, ტრამპის განკარგულების შესაბამისად, სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შეაჩერა ყველა საგარეო დახმარება, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტისა და USAID-ის მიერ, ან მათი მეშვეობით ფინანსდებოდა. „ის იწყებს საგარეო დახმარების ყველა პროგრამის გადახედვას, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი ეფექტურია და შესაბამისობაშია „ამერიკა პირველ რიგში“ ფარგლებში აშშ-ის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგთან“, - განაცხადეს სახელმწიფო დეპარტამენტში.

როგორც Financial Times-ი წერს, საგარეო დახმარების პროექტების დაუყოვნებელმა შეჩერებამ გამოიწვია კრიზისი ჰუმანიტარულ და განვითარების ორგანიზაციებში, რომლებიც მუშაობენ ყველაფერზე - სიცოცხლის გადამრჩენი სამედიცინო აქტივობებიდან და ნარკოტიკების საწინააღმდეგო ძალისხმევიდან დაწყებული, სუფთა წყლის პროგრამებით დამთავრებული. მოგვიანებით სახელმწიფო დეპარტამენტმა გამონაკლისი დაუშვა სიცოცხლის გადამრჩენი ჰუმანიტარული დახმარების გარკვეული ტიპებისთვის.

USAID-ი საქართველოში 1992 წლიდან მუშაობს და როგორც მის ვებ-გვერდზე იყო გამოქვეყნებული, ამ ხნის განმავლობაში „ამერიკელმა ხალხმა USAID-ის საშუალებით 1.9 მილიარდი დოლარის დახმარება გაუწია“ ქვეყანას. 2025 წლისთვის USAID-ი საქართველოში მხარს უჭერდა 35-ზე მეტ პროგრამას, რომლებიც სოფლის მეურნეობას, კანონის უზენაესობას, სამოქალაქო ჩართულობას, მედიას, განათლებას, ენერგეტიკას და ა.შ. მოიცავდნენ.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის საგარეო დახმარების პროგრამების შეჩერებას მიესალმა და გამოთქვა იმედი, რომ ეს 90 დღეზე მეტხანს გაგრძელდება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.