აქტივისტ ჰაკერების საერთაშორისო ჯგუფი Anonymous-ი აცხადებს, რომ თბილისის ავტობუსებსა და მიკროავტობუსებში გადახდის აპარატებზე კიბერშეტევის უკან მათთან აფილირებული ქართველი ჰაკერები დგანან.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 4 რუსეთის დაზვერვა: EU საქართველოში აქციის მონაწილეებს დღიურად 120 ევროს გადაუხდის
- 5 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
- 6 ესტონეთში შესვლა საქართველოს კიდევ 55 მოქალაქეს აეკრძალა - სია
პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რამდენიმე კვირის წინ Anonymous-მა კიბერ-ომი გამოუცხადა „საქართველოს არალეგიტიმურ, რუსეთის მიერ მხარდაჭერილ რეჟიმს“ მას შემდეგ, რაც წარმატებით შეიჭრა და გატეხა საქართველოს მთავრობის ყველა სამინისტროს ვებგვერდი.
„დღეს, თბილისის საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემის გატეხვა, რომელიც Anonymous-თან დაკავშირებული ქართველი ჰაკერების ჯგუფმა განახორციელა, მოიცავდა ბილეთების მანქანებში შეღწევას, როგორც პირდაპირ გზავნილს კორუმპირებული ხელისუფლებისადმი, რომელმაც გააყალბა არჩევნები და ავტორიტარული რეჟიმი დაამყარა.
ეს არის გაფრთხილება მჩაგვრელებისთვის: თქვენი დანაშაული დემოკრატიისა და თქვენი ხალხის წინააღმდეგ უპასუხოდ არ დარჩება.
საქართველოს ხალხს: აჯანყდით, წინააღმდეგიბა გაუწიეთ და დაიბრუნეთ თქვენი თავისუფლება. თქვენ მარტო არ ხართ ამ ბრძოლაში. გაუმარჯოს საქართველო“, - ნათქვამია Anonymous-ის განცხადებაში.
კიბერშეტევა 24 იანვარს, დილით მოხდა. ავტობუსებსა და მიკროავტობუსების გადახდის აპარატებში საპროტესტო აუდიოჩანაწერი ირთვებოდა. კერძოდ, ისმოდა საქართველოს და ევროკავშირის ჰიმნები, ასევე, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სიტყვა - „გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!“ და პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას - „მე ვარ ქართველი და მაშასადამე, ვარ ევროპელი“. გარდა ამისა, აუდიოჩანაწერი მოიცავდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის და არალეგიტიმური პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის ცნობილი განცხადებებსაც.
ჰაკერული შეტევის შემდეგ გადახდის აპარატები რამდენიმე საათის განმავლობაში გათიშული იყო. თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომ გამოძიება დაადგენს, „თუ საიდან, როგორ მოხდა ეს ყველაფერი და ვის მიერ განხორციელდა კიბერშეტევა“.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლით აღძრა, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას გულისხმობს. ასეთი ქმედება, რომელიც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არის ჩადენილი, ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით 2 წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2-დან 5 წლამდე.
თბილისის მერიაში განმარტეს, რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტში დამონტაჟებულ აპარატებზე ტექნიკურ მხარდაჭერას „საქართველოს ბანკის“ კონტრაქტორი კომპანიები - შპს „მს+“ და შპს „აზრი“ ახორციელებენ.
