გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას საქართველოში მისიის გამოგზავნას სთხოვენ

ფერნანდო არასი, OPCW-ის გენერალური დირექტორი

12-მა ქართულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გაეროს ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის (OPCW) გენერალურ დირექტორს, ასევე, გაეროს სპეციალურ მომხსენებლებსა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიმართა საქართველოში საპროტესტო გამოსვლების დროს პოლიციის მხრიდან ქიმიური და ექსპერიმენტული საშუალებების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით. ისინი OPCW-ის გენერალურ დირექტორს მოუწოდებენ, გამოიყენოს საკუთარი მანდატი და განიხილოს ფაქტების დადგენის ან საგამოძიებო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, რომ მათ მიერ საერთაშორისო მექანიზმებისთვის მიწოდებული ინფორმაცია ეხება 2024 წლის ნოემბერ–დეკემბერში თბილისში გამართული მასშტაბური აქციების შვიდ ეპიზოდს, რომლის დროსაც, არსებული მტკიცებულებების მიხედვით, სამართალდამცავებმა გამოიყენეს ქიმიური ნივთიერებები, მათ შორის წყლის ჭავლში შერეული ქიმიური გამაღიზიანებლები და სხვა იდენტიფიცირებელი ან არაიდენტიფიცირებელი ტოქსიკური და ექსპერიმენტალური ნაერთები, რამაც დემონსტრანტებში გამოიწვია მძიმე და ხანგრძლივი ჯანმრთელობის დაზიანებები.

„არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დოკუმენტირებული შემთხვევები, სამედიცინო კვლევები, დაზარალებულთა ჩვენებები და საერთაშორისო მედიის საგამოძიებო მასალები აჩვენებს, რომ გამოყენებულ ქიმიურ საშუალებებს არ ჰქონიათ დროებითი და სწრაფი ეფექტი, არამედ გამოვლენილი სიმპტომები - სუნთქვის მწვავე და ხანგრძლივი დარღვევები, ქიმიური დამწვრობები, ნერვული სისტემის დაზიანება, მხედველობის დარღვევები და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები ფიქსირდება ქიმიური საშუალებების გამოყენებიდან ხანგრძლივი დროის გასვლის შემდეგაც, რაც მიანიშნებს, რომ გამოყენებული ქიმიური საშუალებები და მათი გამოყენების მეთოდები სცდება საერთაშორისო სტანდარტებით დაშვებულ ნორმებს.

სუს-ის ხუთდღიანმა ე.წ. გამოძიებამ და წარმოდგენილმა „დასკვნამ“ პასუხების ნაცვლად შეკითხვები, ეჭვები გააჩინა და კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოში არ არსებობს ეფექტიანი, დამოუკიდებელი და სანდო გამოძიების მექანიზმი.

სუს-მა დაადასტურა, რომ შსს-ს მფლობელობაში ნამდვილად იყო ტოქსიკური ქიმიური ნივთიერება კოდით UN1710 და მისი გამოყენება უარყო მხოლოდ 4-5 დეკემბრის ღამეს. შესაბამისად, უპასუხოდ დარჩა შეკითხვა-გამოიყენა თუ არა აღნიშნული ქიმიური ნივთიერება შსს-მ 6 სხვა შემთხვევაში?

გამოძიებამ, ასევე, სათანადოდ არ გამოიკვლია და არ გაასაჯაროვა მნიშვნელოვანი ინფორმაციები, ექსპერტული დასკვნები, ლაბორატორიული კვლევის შედეგები და სხვა.

ზემოხსენებული გარემოებების გათვალისწინებით, ჩვენ მოვუწოდეთ OPCW-ის გენერალურ დირექტორს, გამოიყენოს საკუთარი მანდატი და განიხილოს ფაქტების დადგენის ან საგამოძიებო მისიის საქართველოში გამოგზავნის შესაძლებლობა. პარალელურად, მივმართეთ გაეროს სპეციალურ მომხსენებლებს და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს, რათა მათ საკუთარი მანდატის ფარგლებში მოახდინონ რეაგირება, უზრუნველყონ საერთაშორისო ზედამხედველობა და ხელი შეუწყონ სიმართლის დადგენას, დაზარალებულთა უფლებების დასაცავად.

ჩვენი მიზანია არა მხოლოდ წარსულში ჩადენილი შესაძლო მძიმე დარღვევების გამოძიება, არამედ მომავალი ძალადობის პრევენცია და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დაცვა საქართველოში. ქიმიური მოწამვლით დაზარალებულებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ სრული ინფორმაცია გამოყენებული ქიმიური ნაერთების შესახებ, რათა შეძლონ ადეკვატური მკურნალობის მიღება“, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია)
  2. საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო
  3. სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (CSF)
  4. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  5. საქართველოს ევროპული ორბიტა
  6. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
  7. საფარი
  8. პრევენცია პროგრესისთვის (PFP)
  9. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ქართული ცენტრი (GCRT)
  10. დემოკრატიის მცველები
  11. სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  12. საქართველოს მომავლის აკადემია

2024 წლის ბოლოს თბილისში, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ჩასახშობად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა – ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიება BBC World Service-მა 30 ნოემბერს გამოაქვეყნა.

ჟურნალისტებმა მოიპოვეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებატა დეპარტამენტის, იგივე სპეცრაზმის ინვენტარიზაციის სიის 2019 წლის დეკემბრით დათარიღებული ასლი, სადაც ორი უსახელო ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს - „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“.

UN1710 ტრიქლორეთილენს (TCE) ნიშნავს. ის სხვა ქიმიური ნაერთების წყალში გაიხსნას უწყობს ხელს. ვირჯინიის უნივერსიტეტის სამედიცინო ტოქსიკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი კრისტოფერ ჰოლსტიგი BBC-სთან ამბობს, რომ „ტრიქლორეთილენი ადვილად აღწევს კანში, ფილტვებსა და კუჭნაწლავში. ის მოქმედებს ნერვულ და კარდიოვასკულურ სისტემაზე, შეუძლია ღვიძლზე ზემოქმედება. ეს ნამდვილად არ არის ის ქიმიკატი, რომელიც შეიძლება ხალხს პროტესტის დროს შეასხა. ყველაფერი დამოკიდებულია დოზებზე - რაც უფრო დიდია დოზა, მით უფრო მეტია გართულებების რისკი“.

ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული აღმოჩნდა, რადგან, როგორც BBC წერს, ეს არის ზოგადი კოდი სამრეწველო ქიმიური ნაერთების ფართო სპექტრისთვის, რომელთაგან თითოეული საშიშია. BBC-მ დაადგინა, რომ მათგან ერთადერთი, რომელიც ოდესმე ყოფილა გამოყენებული არეულობების კონტროლისთვის, ბრომბენზილ ციანიდი, იგივე კამიტია. კამიტი პირველად პირველი მსოფლიო ომის ფრანგულმა ძალებმა ქიმიურ იარაღად გამოიყენეს და მალევე ამოიღეს ხმარებიდან ზემოქმედების ხანგრძლივი ეფექტის გამო.

„ქართული ოცნების“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ BBC-ის მასალაში მითითებული კოდებით - UN1710 და UN3439 - შსს-მ 2007 და 2009 წლებში შეიძინა ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი და გამხსნელი ნივთიერება ტრიქლორეთილენი. გამოძიების ფარგლებში შს სამინისტროდან ტრიქლორეთილენიც ამოიღეს - სუს-ის თანახმად, „ამ შემთხვევაში საუბარია ჩამოწერილ ნაშთზე 880 ლიტრის ოდენობით“.

ხუთდღიანი გამოძიების ფარგლებში, შსს-დან ასევე ამოიღეს ქიმიური ნივთიერება „პროპილენ გლიკოლი“. როგორც სუს-ი აცხადებს, „დადგინდა, რომ 2024 წლის დეკემბრის პირველ რიცხვებში, კერძოდ, 4-5 დეკემბრის ღამით, მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი. „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“ (Chlorobenzylidenemalononitrile) ცნობილია როგორც CS, ანუ ცრემლსადენი გაზი.

„აღნიშნული ნივთიერებებიდან არცერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას“, - განაცხადა სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ.

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა“, რომ შსს-ს „შარშან მოძალადე მომიტინგეების დაშლისას არა მხოლოდ „კამიტი“, არამედ არცერთი აკრძალული ნივთიერება არ გამოუყენებია. კობახიძემ BBC-ის იმ ჟურნალისტური გამოძიების გამო დიდი ბრიტანეთის მთავრობისგან ბოდიშის მოხდაც კი მოითხოვა. 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.