პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ექსპრემიერმა გიორგი გახარიამ მამუკა ხაზარაძესა და კოალიცია „ძლიერ საქართველოსთან“ მოლაპარაკებების ახალი ეტაპის დასაწყებად სამი პრინციპი დაასახელა. მისი თქმით, ესენია ნეიტრალური პლატფორმის შექმნა, გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი, პარიტეტული პრინციპი და კოალიციის დაუშვებლობა როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ისე „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
როგორც გახარიამ განაცხადა, მოლაპარაკების ის ეტაპი, რომელიც „ძველი პრინციპებით“ მიმდინარეობდა, დასრულებულია, ხოლო თუ „ლელო“ აღნიშნულ სამ პრინციპზე სასაუბროდ მზადაა, მისი პარტიაც ნებისმიერ დოკუმენტზე მოაწერს ხელს.
„რას არ დათანხმდა ხაზარაძე? ნეიტრალურ პლატფორმას. თქვა, რომ მას ბევრი მილიონი აქვს ჩადებული „ლელოში“, ამიტომ ნეიტრალური პლატფორმა ამის და დროის სიმცირის გამო არის შეუძლებელი“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
მისი განმარტებით, ნეიტრალური პლატფორმა ნიშნავს სხვა ნეიტრალურ ორგანიზაციას, პარტიას, ნომერს, რომელიც არ არის არც „ლელო“ და არც „საქართველოსთვის“, არ არის არც 9 და 25.
„პარტია „ლელოს“ დასახელება არის „ლელო საქართველოსთვის“. ჩვენი დასახელებაა „გახარია საქართველოსთვის“, პირველი ორი სიტყვა რომ მოვაშოროთ, ორივე პარტიას ერქმევა „საქართველოსთვის“. საბოლოო ჯამში, ჩვენი მთავარი მიზანიც არის ეს.
ჩემი მთავარი შეცდომა იყო ამ მოლაპარაკებების გაგრძელება მას შემდეგ, რაც დავინახე, რომ ნეიტრალურ პლატფორმაზე მოლაპარაკება მიღწევადი არ არის. მაშინ უნდა შემეჩერებინა ეს მოლაპარაკებები. იმიტომ, რომ სინამდვილეში, ჩვენ როცა ვსაუბრობთ მომავალ თანამშრომლობაზე, პირობები უნდა იყოს სამართლიანი. ამ სამართლიანი პირობების უზრუნველყოფა დღეს, ამ გარემოში შეუძლია მხოლოდ და მხოლოდ ნეიტრალურ პლატფორმას“, - განაცხადა გახარიამ.
მეორე პრინციპი, რასაც მამუკა ხაზარაძე არ დათანხმდა, გიორგი გახარიას თქმით, გადაწყვეტილების მიღების პარიტეტული, სამართლიანი პრინციპია - „ითქვა, რომ კოალიციაში ბევრი სუბიექტია, თუმცა ამ სუბიექტებს შორის ურთიერთობა მაშინაც და დღესაც არის გაურკვეველი“.
„ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენ ყოველთვის ვაყენებდით პარტიულ ინტერესებზე მაღლა, ჩვენ უარი ვთქვით ყველაფერზე. პარტიასა და პარტიულ ნომერზეც. რამაც საპასუხო კომპრომისის ნაცვლად, კიდევ უფრო მეტი მადა აღუძრა მეორე მხარეს და საბოლოოდ და სრულად ააცილა ეს მოლაპარაკებები მიზანს.
ამიტომ ჩვენ ვუბრუნდებით თავდაპირველ მიზანს და ამ მიზნის მისაღწევად აუცილებელ პრინციპებს. საჯაროდ ვაცხადებ ჩვენს მზაობას შემდეგი პრინციპებით: 1. ნეიტრალური პლატფორმა და მიგვაჩნია, რომ ეს არის სამართლიანი და უსაფრთხო ყველასთვის. 2. გადაწყვეტილების მიღების სამართლიანი პარიტეტული პრინციპი და 3. კოალიციის დაუშვებლობის პრინციპი როგორც „ქართულ ოცნებასთან“, ასევე „ნაციონალურ მოძრაობასთან“.
ჩვენ თუ ვსაუბრობთ გაერთიანებასა და დიდ მიზანზე, როგორიცაა ქვეყანაში ორპოლუსიანობის საბოლოო დაძლევა და რაც მთავარია „ოცნების“ ისე დამარცხება, რომ ხელისუფლებაში არ დაბრუნდეს „ნაციონალური მოძრაობა“, ჩვენ გვჭირდება თანამშრომლობისთვის, სამართლიანი, გამჭვირვალე, პროგნოზირებადი და და რაც მთავარია, ყველასთვის გასაგები პრინციპები. მესმის არჩევნებამდე ცოტა დროა დარჩენილი. ორი პარტიის ერთმანეთთან შერწყმა რთული პროცესია, მაგრამ ახალი დამოუკიდებელი ნეიტრალური პლატფორმა ესაა მისაღები, გაკეთებადი.
მე მადლობას ვუხდი საქართველოს პრეზიდენტს, ასევე მამუკა ხაზარაძეს. ეს პროცესი თავად იყო პოზიტიური, რამაც გახადა შესაძლებელი და გაძლიერება ჩვენი მომავალში თანამშრომლობის შესაძლებლობა. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ამჟამინდელმა სამწუხარო პროცესმა, იმედგაცრუება არ გამოიწვიოს.
ამ მოლაპარაკებების თავდაპირველ მიზანს, რაც არის ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა და ქვეყანაში პოლარიზაციის დაძლევა, ყველა ერთად, ყველა შემთხვევაში და ყველაფრის მიუხედავად მივაღწევთ“, - განაცხადა გახარიამ.
წინასაარჩევნოდ გაერთიანებაზე მოლაპარაკებები თითქმის სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, რის შემდეგაც გუშინ, 19 სექტემბერს, გიორგი გახარიას პარტიამ გაავრცელა განცხადება, რომ შეთანხმება ვერ შედგა. „საქართველოსთვის“ განცხადებით, მათ გვერდზე გადადეს პარტიული ინტერესები და ყველაფერი დათმეს, მაგრამ „როგორც ჩანს, მეორე მხარემ შიდა კონსესუსს ვერ მიაღწია“. ამის საწინააღმდეგოდ, მამუკა ხაზარაძემ თქვა, რომ მოლაპარაკებების დროს შეთანხმებას მიაღწიეს და მზად იყო კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ სახელით შეთანხმებაზე ხელი მოეწერა.