ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ პროკურატურას მოუწოდებს, გამოძიება დაიწყოს „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატის, გივი მიქანაძის დანაშაულში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით. გახარიას პარტიის განცხადებას მიქანაძე ჯერ არ გამოხმაურებია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 3 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე პარტიის წევრმა, ლევან გოგიჩაიშვილმა განაცხადა, სავარაუდოა, რომ 2006 წელს N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ე.წ. ბუნტის ჩასახშობად მიღებული გადაწყვეტილებები სწორედ გივი მიქანაძესთან თანხმდებოდა, რომელიც იმ დროს საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე იყო.
„2006 წლის 27 მარტს, საქართველოს მე-5 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ე.წ. ციხის ბუნტის დროს, სპეცდანიშნულების რაზმის წევრთა მიერ ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან განხორციელებული ქაოტური გასროლის შედეგად, დაიღუპა 7 და დაშავდა 22 პატიმარი. სპეცრაზმელების მიერ პატიმრების მიმართ სიცოცხლის ხელმყოფი და არაადამიანური მოპყრობის ქცევები ბუნტის ჩახშობის შემდეგაც გაგრძელდა. ბაჩო ახალაია, რომელიც ე.წ ამბოხის სისხლიან ჩახშობას მეთურობდა, იუსტიციის სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი იყო. აღნიშნული გარემოებები დადასტურებულია როგორც სტრასბურგის სასამართლოს 2020 წლის 2 აპრილის, ასევე საქართველოს სასამართლოების გადაწყვეტილებებით.
ამ უმძიმესი მოვლენების დროს, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტს პარლამენტის მოქმედი დეპუტატი, გივი მიქანაძე იკავებდა, რომლის უშუალო საკურატორო სფეროს სწორედ სასჯელაღსრულების სისტემა წარმოადგენდა. შესაბამისად, ლეგიტიმურია ვივარაუდოთ, რომ იმ დროს გივი მიქანაძე ციხეში განვითარებული მოვლენების საქმის კურსში იყო და გადაწყვეტილებები მასთან თანხმდებოდა. ეს ინფორმაცია, რომელიც აქამდეც იყო საჯარო და ხელმისაწვდომი, როგორც საზოგადოების, ასევე საგამოძიებო ორგანოებისათვის, აშკარად შეიცავს შესაძლო დანაშაულის ნიშნებს, რაც ავალდებულებს საგამოძიებო ორგანოებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება. შესაბამისად, პროკურატურას მოვუწოდებთ, დაიწყოს გამოძიება „ქართული ოცნების“ მოქმედი დეპუტატის, გივი მიქანაძის დანაშაულში შესაძლო მონაწილეობასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.
მისი თქმით, პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ გააგრძელებს ინფორმაციის მიწოდებას „ქართული ოცნების“ იმ წევრების შესაძლო დანაშაულებთან დაკავშირებით, რომლებიც თავის დროზე, „ნაციონალურ მოძრაობას“ ემსახურებოდნენ.
გივი მიქანაძე, რომელიც „ქართული ოცნების“ პარტიული სიით პარლამენტის წევრი 2020 წელს გახდა, ამჟამად განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს თავმჯდომარეობს. იუსტიციის მინისტრის მოადგილის თანამდებობას ის 2005-2008 წლებში იკავებდა. 2005 წლის 25 ოქტომბერს, მიქანაძის დანიშვნასთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ის სასჯელაღსრულების სისტემის რეფორმას გაუწევდა კურირებას.
