„ქართულმა ოცნებამ“ რომელსაც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოში უმრავლესობა არ აქვს, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი წევრების დახმარებით, თანამდებობიდან გადააყენა საკრებულოს თავმჯდომარე, გახარიას პარტიის წარმომადგენელი ნოდარ შეროზია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთი ალეკო ელისაშვილს დაუსწრებლად ასამართლებს უკრაინაში ბრძოლისთვის
- 2 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 3 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 4 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
- 5 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: „ტიტუშკები“, თავდასხმები მედიაზე და დაუსჯელობა
- 6 მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების აღიარება საქმედ იქცეს – ზახაროვა აგვისტოს ომზე
ნოდარ შეროზიას გადაყენების გადაწყვეტილება საკრებულოს წევრებმა ფარული კენჭისყრით მიიღეს. კენჭისყრაში 21 დეპუტატი მონაწილეობდა, 3 ბიულეტენი ბათილად იქნა ცნობილი, 18-მა დეპუტატმა კი საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებას მხარი დაუჭირა.
თვითმმართველობის კოდექსით, ამ გადაწყვეტილების მიღებას საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტის ხმა სჭირდებოდა. ქალაქ რუსთავის საკრებულოს სულ 35 წევრი ჰყავს, აქედან მხოლოდ 16 დეპუტატი წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“. ბოლო, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შედეგად, რუსთავის საკრებულოში უმრავლესობას ოპოზიცია წარმოადგენდა, თუმცა ცოტა ხნის წინ, ფრაქცია „ნაციონალურ მოძრაობას“ 4 წევრი გამოაკლდა. „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტის წევრი დავით კირკიტაძე ამბობს, რომ ოთხივე მათგანი ფრაქციიდან პარტიისთვის შეუფერებელი საქციელის გამო გარიცხეს.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტიის წარმომადგენლებმა „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ თანამშრომლობაში დაადანაშაულეს.
„ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად, საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ჩვენი გუნდის წევრია, გადაირჩია. ანუ, ერთად მოაწყვეს იმპიჩმენტი. ეს არის კლასიკური დადასტურება იმისა, რასაც დიდი ხანია ვამბობთ, რომ „ნაცები" და „ოცნება“ ერთმანეთთან თანამშრომლობენ,“ - განაცხადა გახარიას პარტიიდან საქართველოს პარლამენტის წევრმა ანა ბუჩუკურმა.
დღესვე თანამდებობებიდან გადააყენეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და კომისიების ხელმძღვანელებიც.
ამ პროცესს წინ უძღოდა „ქართული ოცნებიდან“ ქალაქ რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძისა და საკრებულოში მმართველი პარტიის წარმომადგენლების ხანგრძლივი დაპირისპირება უკვე ყოფილ ხელმძღვანელობასთან.
„ქართული ოცნებიდან“ რუსთავის საკრებულოს 16-მა წევრმა 17 აპრილს მიმართა საკრებულოს თავმჯდომარეს რიგგარეშე სხდომა მოეწვია, სადაც მისი, მოადგილეებისა და კომისიების თავმაჯდომარეების გადაყენების საკითხს განიხილავდნენ და ახალ ხელმძღვანელებს აირჩევდნენ. საკრებულოს აპარატის უფროსის არჩილ ძამაშვილის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტის მიხედვით, საკრებულოს თავმჯდომარეს სამ დღეში უნდა მიეღო გადაწყვეტილება რიგგარეშე სხდომის მოწვევის ან მოტივირებული უარის შესახებ, რაც არ გააკეთა. ამიტომ, რიგგარეშე სხდომა საკრებულოს აპარატის უფროსმა 24 აპრილისთვის ჩანიშნა.
