რუსთავის საკრებულოს მუშაობა პარალიზებულია - თავმჯდომარე მერიას საბოტაჟში ადანაშაულებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომებს ფრაქციანაციონალურმა მოძრაობამბოიკოტი გამოუცხადა. როგორც ფრაქციის წევრმა და საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალექსანდრე ბერიძემ განაცხადა, სხდომებს მანამდე არ დაესწრებიან, ვიდრე მერიის საფინანსო სამსახური კუთვნილ ანაზღაურებას არ ჩაურიცხავს აპარატის თანამშრომლებსა და იმ დეპუტატებს, რომლებსაც საკრებულოში თანამდებობები არ უკავიათ. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სხდომა, რომელიც 22 მარტს გადაიდო, კვორუმის არქონის გამო, ვერც 24 მარტს ჩატარდა. სხდომას არც ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიის, „საქართველოსთვის“ წევრები ესწრებოდნენ.

„ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება. რუსთავის საკრებულო არის ოპოზიციური და ცდილობენ, აპარატს დაუპირისპირონ. ამისთვის გააკეთეს ის, რომ წინა თვის სადეპუტატო ანაზღაურებებიც არ აქვთ ჩარიცხული იმ დეპუტატებს, ვისაც თანამდებობები არ უკავიათ. ეს არის 560 ლარი, დეპუტატის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯის ანაზღაურება. საკრებულოს აპარატის თანამშრომლებს კი შვებულების და ბიულეტენზე ყოფნის თანხებს არ უხდიან. ამ ადამიანებს პრობლემები ექმნებათ, რადგან სხვადასხვა ვალდებულება გააჩნიათ. ამიტომ ჩავთვალეთ, რომ მორალური უფლება არ გვქონდა, საკრებულოს სხდომაზე დასწრება გაგვეგრძელებინა. რა წუთშიც ანაზღაურება ჩაირიცხება, საკრებულოს სხდომაზე შევალთ“, - განაცხადა ალექსანდრე ბერიძემ.

მერიის იურისტი მიხეილ მუზაშვილი განმარტავს, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს დოკუმენტები „ჩუმად და უკანონოდ“ დამზადებული ბეჭდით აქვს დამოწმებული, რის გამოც მერიამ საფინანსო სამსახურს მიმართა, მათზე რეაგირება არ მოეხდინა.

როგორც საკრებულოს თავმჯდომარე, პარტია „საქართველოსთვის“ წევრი ნოდარ შეროზია აცხადებს, ბეჭდის დამზადების თხოვნით რუსთავის მერიას ოთხი თვის განმავლობაში არაერთხელ მიმართა, თუმცა მისი მიმართვები უპასუხოდ რჩებოდა.

ნოდარ შეროზია მიხეილ მუზაშვილის ბრალდებას უარყობს და ამბობს, რომ საკრებულომ ბეჭედი კანონის სრული დაცვით დაამზადა. ის „ქართულ ოცნებას“ პოლიტიკურ ზეწოლასა და საკრებულოს მუშაობის საბოტაჟში ადანაშაულებს.

„მერია არ არის საკრებულოს თავმჯდომარის უფროსი. მე ვარ კოლეგიალური ორგანოს თავმჯდომარე და გადაწყვეტილებებს ბეჭდის დამზადება-გამოყენებასთან დაკავშირებით საკრებულო უმრავლესობით იღებს. საკრებულოს განკარგულებაში, რომელიც თვითონ მერს აქვს დამოწმებული, ნათქვამია, რომ მუნიციპალიტეტს უნდა ჰქონდეს ორი იდენტური ბეჭედი და ამ ბეჭდების გამოყენების წესის მიხედვით, მე მაქვს უფლებამოსილება, დავამზადო საკრებულოს ბეჭედი, თუ მერიის შესყიდვების სამსახური ამას არ გააკეთებს.

ოთხი თვეა მერიას წერილებს ვწერ, რომ ხელი მეშლება საკრებულოს მუშაობაში. მერიის მხრიდან ფაქტობრივად საბოტაჟის რეჟიმში ვართ, რადგან ოთხი თვე, შესყიდვების სამსახური სპეციალურად, საკრებულოსთვის ხელის შეშლის მიზნით, არ აფორმებდა ხელშეკრულებას 45-ლარიანი ბეჭდის დამზადებაზე. ვიდრე ამ ადამიანებს არ დააკმაყოფილებენ, არ ვაპირებ საკრებულოს სხდომების ჩატარებას. თუ პრობლემა არ მოგვარდება, სასამართლოს მივმართავ“.

მიხეილ მუზაშვილი ადასტურებს, რომ მერიამ საკრებულოსთვის ბეჭედი მხოლოდ რამდენიმე დღის წინ დაამზადა. „რამდენჯერმე კი მოგვწერა [ნოდარ შეროზიამ] წერილი, მაგრამ გარკვეული ხარვეზები იყო და ამასთან დაკავშირებით ვაზუსტებდით ამ ბეჭდის დამზადების ფორმას, რისთვის სჭირდებოდა და ა.შ. როდესაც უკვე გადაწყვეტილება იქნა მიღებული, საფინანსო სამსახურმა დაუმზადა და გადასცა“, - ამბობს იურისტი და აღნიშნავს, რომ ბეჭდის უკანონოდ დამზადების საკითხზე რეაგირებისთვის მერიამ სამართალდამცავ ორგანოებსაც მიმართა.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგად „ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის 35-წევრიან საკრებულოში უმრავლესობა ვერ ვოიპოვა. სახელისუფლებო პარტიამ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ 16-16 მანდატი აიღეს, 3 მანდატი კი პარტიას „გახარია - საქართველოსთვის“ ერგო. ერთი წლის შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დავით სულაძე ფრაქცია „ლელოში“ გადავიდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).