პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე, რომელიც რუსული კანონის წინააღმდეგ აქციაზე დააკავეს, ორდღიანი პატიმრობის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ირაკლი კუპრაძემ დაკავებისა და მის მიმართ ფიზიკური ანგარიშსწორების დეტალები სატელევიზიო ინტერვიუს დროს გაიხსენა:
„დავინახე, რომ ერთ-ერთ მოქალაქეს ძირს დაგდებულს, გონებადაკარგულს ურტყამდნენ და სცემდნენ. მის დასახმარებლად მისულს ოთხივე მხრიდან მომხვდა ხელი, ფეხი, ხელკეტი, იყო გინება. სულ რაღაც 20 წაში დამაკავეს და საშინელი ფიზიკური ანგარიშსწორებით გამატარეს მთელი 9 აპრილის ქუჩა, გამიყვანეს ინგოროყვას კუთხემდე, სადაც მანქანა ჰყავდათ მობილიზებული. გამატარეს სპეცრაზმის ე.წ. კორიდორები, სადაც ყველა ერთად მირტყამდა და მაგინებდა. ავტომობილთან გამაჩერეს, მანქანაშიც კი არ ჩამსვეს და იქვე გააგრძელეს ცემა, დაახლოებით 2 წუთის განმავლოობაში“.
ირაკლი კუპრაძის თქმით, პოლიციის მანქანაში ის და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა, ზვიად ხარაზიშვილმა, იგივე „ხარებამ“ ნახა.
„როცა ჩამსვეს მანქანაში, ღია კართან მოვიდა ე.წ. ხარება - ზონდერი, რომელიც ჯერ „ნაცმოძრაობის“ დროს სცემდა, ატერორებდა ხალხს და ახლა „ქართული ოცნების“ დროს - შემოგვხედა მე და გელა ხასაიას რომ მძიმედ ნაცემები ვიყავით და კმაყოფილი ღიმილით გაუდგა გზას. ალბათ, სხვა მანქანებში უნდა შეეხედა, რომ იქაც ენახა ნაცემი მოქალაქეები. სისხლი გვდიოდა ცხვირიდან, ტუჩიდან.
ეს მოხდა ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ეს იყო ანგარიშსწორება. გზაში გვეუბნებოდნენ - „ეს რუსული კანონის გამო“, „ეს ივანიშვილის გამო“, „ეს ხარებას გამო“ და გვირტყამდნენ. სხეულზე სისხლჩაქცევა დაახლოებით 15 ადგილზე მაქვს, რაც სამხარაულის ექსპერტმა დაასურათა და აღწერა. ვამაყობ თითოეული სისხლჩაქცევით, რადგან ვიცი, რატომ მომხვდა რუსული ხელკეტი რუსული ხელისუფლების მხრიდან“, - ამბობს „ლელოს“ გენმდივანი.
ირაკლი კუპრაძე და გელა ხასაია 16 აპრილის აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ და დანარჩენ დაკავებულებსაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავება.
გელა ხასაიაც ნაცემია. „პოლიცილები ყველა დარტყმაზე გვიმეორებდნენ, რომ ეს იყო კობახიძის სახელზე, ღარიბაშვილის სახელზე, გომელაურის სახელზე და ა.შ. მანქანისკენ მივყავდი, როცა ერთ-ერთმა ნიღბიანმა მითხრა, ამდენს იმიტომ მირტყამდნენ, რომ შემდეგ აქციებზე აღარ გავსულიყავი. ამ ყველაფერს შელამაზებულად ვამბობ, არ მინდა გავიმეორო ის სიტყვები რასაც გვეუბნებოდნენ, როგორც გვაგინებდნენ. პირველად არ დავუკავებივარ, მაგრამ მსგავსი მოპყრობა და ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფა არცერთ აქციაზე არ მინახავს“, - თქვა ხასაიამ გათავისუფლების შემდეგ.
ირაკლი კუპრაძისა და გელა ხასაიას სასამართლო პროცესი 24 აპრილს გაიმართება.