პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ საქართველოს რუსეთთან „საკმაოდ ლიბერალური“ სავიზო რეჟიმი აქვს, რაც დღევანდელ პირობებში შეიძლება „ნაკლებად მისაღები“ იყოს. ამის შესახებ მან კიშინეუში, მოლდოვის პრეზიდენტ მარია სანდუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელმა კობახიძეს, მდინარაძეს და სუბარს ცილისწამებისთვის უჩივლა
- 2 ირაკლი ოქრუაშვილი დააპატიმრეს წულუკიანის კომისიის სხდომაზე არმისვლის გამო
- 3 ბათუმის და ქობულეთის მერები ფეისბუკპოსტებით გადადგნენ
- 4 გლდანის ციხიდან კლინიკაში მძიმე დაზიანებებით გადაყვანილი პატიმარი გარდაიცვალა
- 5 ზურაბ ჯაფარიძე დააპატიმრეს „ქართული ოცნების“ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო
- 6 2024 წელს საქართველოში რეკორდული რაოდენობის ჩინური კომპანია დარეგისტრირდა
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოსვლა გამოწვევაა.
„არ ვიტყოდი, რომ საფრთხეა, მაგრამ გამოწვევა არის. მათ შორის არიან საქართველოს ყოფილი მოქალაქეები, რომლებიც დღეს, იმ პირობებიდან გამომდინარე, რაც რუსეთში არსებობს, საქართველოში ბრუნდებიან, მაგრამ ასევე არიან რუსი მოქალაქეები, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო შემოდიან. აქ მთავარია, საზოგადოება იყოს დარწმუნებული, რომ კონტროლის ყველა მექანიზმი გამოყენებულია, რომ საფრთხე არ გაჩნდეს. ამისთვის, მგონი, მეტი კომუნიკაციაა საჭირო, ჩვენი საზოგადოების მეტი ინფორმირება, რომ ყველა მხრივ, ყველა შესაძლო საფრთხე, ყველა შესაძლო საკითხი რეალურად გათვალისწინებულია ხელისუფლების მიერ და ყველა ზომა მიღებულია.
ასევე, გამორიცხული არ არის, რომ მოგვიწიოს გადახედვა სავიზო რეჟიმის, რომელიც საკმაოდ ლიბერალურია დღევანდელ პირობებში და რომელიც შეიძლება ამ აგრესიის პირობებში ნაკლებად მისაღები იყოს. მაგრამ ეს ყველაფერი ხელისუფლების მიერ არის გადასაწყვეტი, საზოგადოებასთან ერთად და მისი ინფორმირებით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების დაწესების საჭიროებას ვერ ხედავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი. მისი თქმით, დღეს არსებული კონტროლის მექანიზმები სრულად პასუხობს იმ გამოწვევებს, რომლებიც ქვეყანას აქვს: „თუ დადგება ისეთი მომენტი, რომ ქვეყანაში არსებული კონტროლის მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ იმ სტანდარტს, რა სტანდარტიც ქვეყანაშია საჭირო უსაფრთხოების მიმართულებით, ამაზე შეიძლება იყოს საუბარი, თუმცა, დღეს ამის საჭიროება არ არის“, –აღნიშნა ხუციშვილმა.
21 სექტემბრიდან, მას შემდეგ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში მიმდინარე ომის გამო, ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რუსეთი ასობით ათასმა მოქალაქემ დატოვა. რუსეთ-საქართველოს სახმელეთო საზღვარზე, ზემო ლარსის მხარეს ავტომობილების მრავალკილომეტრიანი საცობი შეიქმნა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 21-26 სექტემბერს საქართველოს საზღვრებზე რუსეთის 53 ათასზე მეტი მოქალაქე შემოვიდა. ამავე პერიოდში, რუსეთის 35 ათასამდე მოქალაქემ საქართველო დატოვა.
რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებს და მუდმივად მცხოვრებ მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში უვიზოდ შემოსვლის და სრული ერთი წლის ვადით დარჩენის უფლება აქვთ. ეს მაშინ, როდესაც საქართველოს მოქალაქეებს რუსეთის ტერიტორიაზე შესვლისთვის ვიზის აღება მოეთხოვებათ.
ამ თემაზე:
ქსენოფობიაზე მკაცრი პასუხი გვექნება - კობახიძე რუსებისთვის ვიზების შემოღების მოთხოვნაზე
