გამოვავლენთ და დავსჯით ყველას, ვინც ტერორისტების უკან დგას - პუტინი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

მოსკოვში, საკონცერტო დარბაზ „კროკუს სითი ჰოლში“ მომხდარი თავდასხმიდან 19 საათის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მოსახლეობას მიმართა და განაცხადა, რომ „დანაშაულის ყველა შემსრულებელი, ორგანიზატორი და შემკვეთი“ დაისჯება. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

საგამოძიებო კომიტეტს, რომელიც საქმეს ტერაქტის მუხლით იძიებს, ოფიციალური ვერსია და მტკიცებულებები, თუ ვინ შეიძლება იდგეს თავდასხმის უკან, ჯერ არ წარმოუდგენია, თუმცა ხელისუფლება და პროპაგანდისტული მედია „უკრაინული კვალზე“ საუბრობენ.

„ტერაქტის ოთხივე უშუალო შემსრულებელი, ყველა ის, ვინც ისროდა, კლავდა ადამიანებს, ნაპოვნი და დაკავებულია. ისინი მიმალვას ცდილობდნენ და გადაადგილდებოდნენ უკრაინის მიმართულებით, სადაც, წინასწარი მონაცემებით, მათთვის უკრაინული მხრიდან მომზადებული იყო ფანჯარა სახელმწიფო საზღვარზე გადასასვლელად. სულ დაკავებულია 11 ადამიანი“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტმა მომხდარი თავდასხმა ნაცისტების ქმედებებსაც შეადარა და თქვა: „ჩვენ შევეჯახეთ არა მხოლოდ ზუსტად, ცინიკურად დაგეგმილ ტერაქტს, არამედ  მშვიდობიანი, დაუცველი ადამიანების მომზადებულ, ორგანიზებულ მასობრივ მკვლელობას. ბოროტმოქმედები ცივსისხლიანად და მიზანმიმართულად სწორედ ჩვენი მოქალაქეების, ჩვენი ბავშვები მოსაკლავად მიდიოდნენ. ისევე, როგორც ნაცისტები ოდესღაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ხოცვა-ჟლეტას აწყობდნენ, მათ გადაწყვიტეს მოეწყოთ საჩვენებელი სიკვდილით დასჯა, დაშინების სისხლიანი აქტი“.

„ამ დანაშაულის ყველა შემსრულებელი, ორგანიზატორი და დამკვეთი მიიღებს სამართლიან და გარდაუვალ სასჯელს, ვინც არ უნდა იყვნენ ისინი და ვისაც არ უნდა გამოეგზავნა. ვიმეორებ: ჩვენ გამოვავლენთ და დავსჯით ყველას, ვინც დგას ტერორისტების უკან, ვინც ამზადებდა ამ სისასტიკეს, ამ თავდასხმას რუსეთზე, ჩვენს ხალხზე“, - აღნიშნა პუტინმა.

მან რუსეთის ყველა მოქალაქეს, მათ შორის, „ფრონტზე მყოფ თანამებრძოლებს“, ერთიანობისკენ მოუწოდა. „ჩვენი საერთო ვალია, ერთად ვიდგეთ. მჯერა, რომ ასეც იქნება, რადგან ვერავინ და ვერაფერი შეარყევს ჩვენს ერთობას და ნებას“.

BBC-ის რუსული სამსახურის თანახმად, „უკრაინული კვალის“ შესახებ ვერსია ერთ-ერთმა პირველმა რუსეთის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა გააჟღერა. მისი თქმით, თუ დადგინდება, რომ თავდამსხმელები „კიევის რეჟიმის ტერორისტები“ არიან, მაშინ ისინი „უმოწყალოდ უნდა განადგურდნენ, როგორც ტერორისტები“.

უკრაინის ხელისუფლება მომხდართან კავშირს კატეგორიულად უარყოფს. საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსული მხარის ბრალდებები დაგეგმილი პროვოკაციაა, რომლის მიზანია რუსულ საზოგადოებაში ანტიუკრაინული ისტერიის გაღღმავება, მობილიზაციისთვის საფუძვლის შექმნა და  საერთაშორისო საზოგადოების თვალში უკრაინის დისკრედიტაცია.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ  მომხდარი ტერაქტი რუსული სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაციაა.

„ეს არის პუტინის სპეცსამსახურების მიზანმიმართული პროვოკაცია, რაზეც საერთაშორისო საზოგადოებამ გაფრთხილება გააკეთა. კრემლის ტირანმა თავისი კარიერა ამით დაიწყო და სურს დაასრულოს იგივე დანაშაულებით საკუთარი მოქალაქეების მიმართ“, - აღნიშნა იუსოვმა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაციამ ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ აიღო. აჯგუფების პროპაგანდისტულმა მედიასაშუალება Amaq-მა გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ თავდასხმა ოთხმა ადამიანმა განახორციელა, საიდანაც სამი ხალხს ესროდა, ხოლო მეოთხემ შენობაში ხანძარი გააჩინა. განცხადების მიხედვით, „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები „ქრისტიანების დიდ ბრბოზე“ თავდასხმას გეგმავდნენ. Amaq-მა სავარაუდო თავდამსხმელების ფოტც გამოაქვეყნა.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმაში ეჭვმიტანილი დაკავებულებიდან არცერთი არ არის რუსეთის მოქალაქე.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, 22 მარტს მომხდარი თავდასხმის შედეგად 133 ადამიანი დაიღუპა. მათი ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა, ნაწილი კი საკონცერტო დარბაზში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა. 100-ზე მეტი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაღუპულებსა და დაშავებულებს შორის ბავშვებიც არიან.

24 მარტი რუსეთში გლოვის დღედ გამოცხადდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).