„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ნორვეგიაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაჯილდოება თბილისში, ნორვეგიის საელჩოსთან გააპროტესტეს და ელჩ ჰელენ სანდ ანდრესენს მოსთხოვეს, გააკეთოს განცხადება, რომ ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 3 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 6 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
ტელეკომპანია „იმედის“ ინფორმაციით, დღევანდელი აქციის ორგანიზატორი კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის ძმა, თორნიკე მოლაშვილი იყო.
„მიხეილ სააკაშვილი კი არ უნდა დააჯილდოვონ, დღეს ხუთვარსკვლავიან სასტუმროში რომ იმყოფება, ხალხმა უნდა მოითხოვოს, ციხეში დააბრუნონ. ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა, როდესაც ასეთ ადამიანს დემოკრატიის და ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ აჯილდოებ. ჩვენ ეს მთავრობა დემოკრატიულად ავირჩიეთ, მაგრამ არა, ამათ არ უნდათ ეს მთავრობა“, - განაცხადა მოლაშვილმა აქციაზე.
ნორვეგიის კონსერვატიულმა პარტიამ წელს მიხეილ სააკაშვილს გადასცა ნორვეგიელი პოლიტიკოსის, შურ ლინდერბრექეს სახელობის პრიზი ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებების, ასევე დემოკრატიული ინტიტუტების ხელშეწყობის გამო.
გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გააკრიტიკეს. 27 მარტს, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილი ნორვეგიელ ტერორისტს ანდერს ბერინგ ბრეივიკს შეადარა და თქვა, რომ ეს დაახლოებით იგივეა, რომელიმე ქვეყანამ რომ ბრეივიკს მისცეს ჯილდო. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის თქმით კი, ერთადერთი პრინციპული განსხვავება ბრეივიკსა და სააკაშვილს შორის ის არის, რომ ბრეივიკმა მხოლოდ 77 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
„მე გაოგნებული ვარ ტერორისტ ბერინგ ბრეივიკთან შედარებით, რაც უაღრესად უადგილოდ მიმაჩნია“, - განაცხადა საქართველოში ნორვეგიის ელჩმა, ჰელენ სანდ ანდრესენმა.
ელჩის თქმით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაჯილდოების თაობაზე ნორვეგიის საელჩო თბილისში ინფორმირებული არ ყოფილა და ეს მედიიდან შეიტყო.
მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის მოქალაქეა, 2021 წლის 1-ელ ოქტომბერს, თბილისში დააკავეს. ის დამნაშავედ ცნობილია და ექვსი წლით პატიმრობა აქვს მისჯილი პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლების შეწყალების საქმეებზე. სააკაშვილი ასევე ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“, 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის გაფლანგვის საქმეებზე. მესამე პრეზიდენტი ბრალს არ აღიარებს და პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს.
