პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე, ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ამბობს, რომ ქვეყანაში ეკონომიკა იზრდება, მაგრამ გაზრდილი ეკონომიკა 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის და მან ეს ყველაფერი ზეპირად იცის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ადამიანები ეჩვევიან თანამდებობებს, ფულის მოპარვას, დაუსჯელობას. ამათ ახლა სახლში იმდენი აქვთ წაღებული, იმას ფიქრობენ, როგორ დაიცვან, შეინარჩუნონ ეს ყველაფერი, თან დაჭერისაც ეშინიათ. ეს ხალხი არ უნდა გაქრეს, მაგრამ რაც გაუფუჭებიათ, იმაზე პასუხი უნდა აგონ! კითხვები ახლა დაიწყება, ვის რამდენი აქვს წაღებული, ვის რამდენი აქვს მოპარული, ვის რამდენი გაფუჭებული“, - განაცხადა გახარიამ ამომრჩევლებთან შეხვედრისას.
პარტიის პოლიტიკური მდივნის, კახა ქემოკლიძის თქმით, „გახარიას პრემიერობის დროს ეს 20-25 ოჯახი ვერ მდიდრდებოდა, მერე აიწყვიტეს“.
„ეს ადამიანები ვერ იგებდნენ ტენდერებს, ვერ აწყობდნენ წინმსწრებად ბიზნეს გარიგებებს. მარტო მე მახსოვს მათი ათეულობით პროექტი, რომლებიც გაჩერებული იყო და, შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაციის მაგიდიდან გადადებული.
როგორც კი წამოვედით, რა გააკეთეს პირველი? გააკეთეს ის, რომ ეს პროექტები უკან დააბრუნეს და დომინოს პრინციპით მწვანე დერეფანი გაუკეთეს.
ობიექტური ანტიკორუფციული სააგენტო რომ არსებობდეს და საქმეები შეისწავლოს, ათეულობით კი არა, ასეულობით საქმეს ამოიღებენ, როდესაც ძალიან ძვირფასი ქონებები გადაცემულია 1 ლარად. წარმოიდგინეთ, „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული პირი ხართ, ან პრემიერთან ხართ დაახლოებული და საქართველოს რიგითი მოქალაქის ქონებას გიკანონებენ 1 ლარად, შემდეგ სხვადასხვა მანიპულაციებით გიფორმებენ და შემდეგ ყიდით ამ ქონებას. უკვე ყიდით მილიონობით ლარზე და დოლარზე. მომენტალურად ხდებით მილიონერი.
გახარია პრემიერობის პოსტზე აკეთებდა მაქსიმუმს, რაც შესაძლებელი იყო, რომ გაკეთებულიყო. მაშინ იყო მხოლოდ 5 ოჯახი, რომლებიც ბიძინა ივანიშვილთან იყვნენ დაახლოებულები და ამას აკეთებდნენ. სადაც ეს 5 ოჯახი ჩაკეტვადი იყო, იქ ეს 5 ოჯახი იკეტებოდა და შესაბამისად, ისინი, როგორც მეტასტაზები სახელმწიფოს დანარჩენ ორგანიზმში ვერ მიდიოდნენ. მთლიანად რომ დაამარცხო ვირუსი, სისტემას უნდა ფლობდე.“- განაცხადა ქემოკლიძემ ტელეკომპანია „პალიტრის“ ეთერში.
გახარის ბრალდებებს დემაგოგია უწოდეს „ქართულ ოცნებაში“.
გიორგი გახარია 2017-2019 წლებში იყო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. მისი მინისტრობის დროს, 2019 წლის 20-21 ივნისს საპოლიციო ძალებმა სასტიკად დაარბიეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული დემონსტრაცია. პროტესტი თბილისში რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის ჩამოსვლას და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის სესიის წაყვანას მოჰყვა. მრავალათასიანი აქციისა და დაძაბულობის გამო გავრილოვს და რუსეთის დელეგაციის სხვა წევრებს საქართველოს დატოვება მოუხდათ. აქციის დარბევისას დაშავდა 240 ადამიანი, მათ შორის 30 ჟურნალისტი, ორმა დემონსტრანტმა თვალი დაკარგა. საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მიზეზით 342 ადამიანი დააკავეს.
საპროტესტო აქციის დაშლისა და დარბევის შემდეგ საზოგადოების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა გახარიას გადადგომა იყო, თუმცა სამ თვეში ის დააწინაურეს და პრემიერ-მინისტრად დაინიშნა. მთავრობის მეთაურის თანამდებობიდან ის 2021 წლის 18 თებერვალს გადადგა. მიზეზად დაასახელა „ქართული ოცნების“ მმართველი გუნდისგან განსხვავებული პოზიცია, რომ ის არ ეთანხმებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებას.