„ქართული ოცნების“ მოქმედმა შინაგან საქმეთა მინისტრმა, გელა (გეკა) გელაძემ განაცხადა, რომ შსს-ს არასოდეს შეუსყიდია ე.წ. კამიტი - პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება, რომელიც BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, 2024 წლის ბოლოს ანტისამთავრობო დემონსტრაციების დასაშლელად გამოიყენებოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
- 3 საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
- 4 პროკურატურამ ოპოზიციის 8 ლიდერს ახალი ბრალდება წარუდგინა
- 5 „ოცნების“ შს მინისტრის მოადგილის პოსტზე გიორგი ბუთხუზი გიორგი სახოკიამ ჩაანაცვლა
- 6 „უკრაინა რთული არჩევანის წინაშეა“ - ზელენსკიმ ტრამპის გეგმას ერისადმი მიმართვაში უპასუხა
ამით გელაძემ ფაქტობრივად უარყო მისი წინამორბედის, ვახტანგ გომელაურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ BBC-ის მასალაში დასახელებული ნივთიერება „ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე“.
„გავრცელებული ბრალდება, რომელიც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების, ე.წ. კამიტის გამოყენებას, არის სრული აბსურდი, სიცრუე, სიმართლეს არ შეესაბამება.
მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც კი განხორციელებულა ამ მიმართულებით და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს შეუსყიდია ე.წ. კამიტი.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება. რა თქმა უნდა, დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა, გამოიკითხება ყველა ადამიანი და გაეცემა კითხვებს პასუხი.
ბატონი ვახტანგი რასაც გულისხმობდა, 2009 წელს არის სხვადასხვა ნივთიერებები შესყიდული, უბრალოდ გაგიცრუვდათ იმედები და ეს არ არის „კამიტი“. შეგვიძლია ყველა დოკუმენტაცია გამოძიებას გადავცეთ, რომ არ არსებობს, საქართველოში არასდროს არ შესყიდულა აღნიშნული ნივთიერება.
2009 წელს იყო რამდენიმე ნივთიერება შესყიდული, სხვადასხვა სახის და არა „კამიტი“.
აქციების დროს არანაირი ჯანმრთელობისთვის საშიში ნოვთიერება არ ყოფილა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყენებული. ყველა ნოვთიერება, რომელიც იქნა გამოყენებული სხვდასხვა აქციის დაშლის პროცესში, არის კანონიერად ნაყიდი, სხვადასხვა მსხვილი კომპანიების, რომლებიც აპრობირებული აქვთ ყველა წამყვან ქვეყანაში“, - განაცხადა გელაძემ მედიასთან.
„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრმა არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რა ნივთიერებას იყენებდნენ აქციების დაშლის დროს.
BBC-მ შეაგროვა მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებენ, რომ 2024 წლის ბოლოს თბილისში, ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ჩასახშობად „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. საუბარია ნივთიერება ბრომბენზილ ციანიდზე, რომელსაც ფრანგმა სამხედროებმა „კამიტი“ უწოდეს. კამიტი საფრანგეთის არმიამ პირველი მსოფლიო ომის დროს დასავლეთის ფრონტზე გერმანიის წინააღმდეგ გამოიყენა. მისი შემდგომი გამოყენების დოკუმენტური მტკიცებულებები მწირია. მიიჩნევა, რომ ის მოხმარებიან 1930-იან წლებში ამოიღეს მისიგრძელვადიანი ეფექტების შესახებ შეშფოთების გამო და „ცრემლსადენი გაზით“ ჩაანაცვლეს.
თბილისში გამართული დემონსტრაციების ერთ-ერთმა მონაწილემ მისი და აქციის სხვა მომიტინგეების წინააღმდეგ გამოყენებული წყლის ჭავლის შესახებ BBC-ს უთხრა, რომ ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს წყალი სწვავდა და ამ შეგრძნებისგან თავის დაღწევა დაბანითაც კი შეუძლებელი იყო. პროტესტის მონაწილეები სხვა სიმპტომებსაც უჩიოდნენ, მათ შორის ქოშინს, ხველას და ღებინებას, რაც კვირების განმავლობაში გრძელდებოდა.
BBC-მ მოახერხა სპეციალური დანიშნულების რაზმების ინვენტარიზაციის სიის, 2019 წლის დეკემბრით დათარიღებული ასლის, მოპოვება. ჟურნალისტებმა მასში ორი უსახელო ქიმიური ნივთიერება აღმოაჩინეს - ჩამონათვალში ისინი მითითებული იყვნენ, როგორც „ქიმიური სითხე UN1710“ და „ქიმიური ფხვნილი UN3439“, შერევის ინსტრუქციასთან ერთად.
UN1710 ტრიქლორეთილენს (TCE) ნიშნავს - ის სხვა ქიმიურ ნაერთებს წყალში გაიხსნის საშუალებას აძლევს.
„ტრიქლორეთილენი ადვილად აღწევს კანში, ფილტვებსა და კუჭნაწლავში. ის მოქმედებს ნერვულ და კარდიოვასკულურ სისტემაზე, შეუძლია ღვიძლზე ზემოქმედება. ეს ნამდვილად არ არის ის ქიმიკატი, რომელიც შეიძლება ხალხს პროტესტის დროს შეასხა. ყველაფერი დამოკიდებულია დოზებზე - რაც უფრო დიდია დოზა, მით უფრო მეტია გართულებების რისკი“, - ამბობს კრისტოფერ ჰოლსტიგი, ვირჯინიის უნივერსიტეტის სამედიცინო ტოქსიკოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი.
UN3439-ის იდენტიფიცირება გაცილებით რთული აღმოჩნდა, რადგან, როგორც BBC წერს, ეს არის ზოგადი კოდი სამრეწველო ქიმიური ნაერთების ფართო სპექტრისთვის, რომელთაგან თითოეული საშიშია. მათგან ერთადერთი, რომელიც, როგორც BBC-მ დაადგინა, ოდესმე გამოიყენებოდა არეულობების კონტროლისთვის, ბრომბენზილ ციანიდია.
„არსებული მონაცემები, დაზარალებულთა და სხვა მოწმეების მიერ მოხსენებული კლინიკური სიმპტომები შეესაბამება ბრომბენზილ ციანიდის ზემოქმედებას“, – განაცხადა ქიმიური იარაღის ექსპერტმა, კრისტოფერ ჰოლსტიგმა და გამორიცხა შესაძლებლობა, რომ სიმპტომები შეიძლება გამოწვეული ყოფილიყო უფრო გავრცელებული სპეციალური საშუალებით, როგორიც ცრემლსადენი გაზია. მისი თქმით, სიმპტომების ხანგრძლივობა არ შეესაბამება ცრემლსადენი გაზის ეფექტს.
კრისტოფერ ჰოლსტიგმა ივარაუდა, რომ ბრომბენზილ ციანიდი შესაძლოა გამოყენებულიყო, რადგან ის ძლიერ შემაკავებელ საშუალებას წარმოადგენს: „ის დიდი ხნის განმავლობაში აკავებს ადამიანებს. ისინი ვერ მოახერხებენ სიმპტომებისგან თავისდაღწევას დამოუკიდებლად. საავადმყოფოში წასვლა მოუწევთ. საპროტესტო აქციის ადგილის დატოვებამოუწევთ. თუ ამ ნივთიერების გამოყენება მართლაც განახლდა, ეს უკიდურესად საშიშია“.
„ქართულმა ოცნებამ“ BBC-ს „დიპ სტეიტის“ პროპაგანდისტულ იარაღი“ უწოდა და საერთაშორისო სასამართლოებში ჩივილით დაემუქრა. პარტიაში განაცხადეს, რომ გამოქვეყნებული მასალა „სიცრუის კორიანტელია“ და წარმოადგენს მცდელობას, „ჩირქი მოსცხონ საქართველოს მთავრობას, ქართულ პოლიციას და რაც მთავარია - საქართველოს სახელმწიფოებრიობას“.
ჟურნალისტურ მასალასთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლით და 319-ე მუხლებით დაიწყო, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.
