ღამე ვერც ახალი ვერტმფრენი იფრენს, იგივე შეუძლია, რაც არსებულ ვერტმფრენებს - შს მინისტრი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ღამით სამაშველო ოპერაციების შესრულება ვერც იმ სამი ვერტმფრენით იქნება შესაძლებელი, რომელიც საქართველომ გერმანულ-ფრანგული კომპანია Airbus Helicopters-სგან შეიძინა. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ეს ახალი საფრენი აპარატია, ბევრად კომფორტულია, თუმცა ის, რომ ეს ვერტმფრენი რომ გვყოლოდა, რაც გაჟღერდა, რომ იქ [შოვში] ყველას გადავარჩენდით და ესე მოხდებოდა, ეს არის სიცრუე. შემიძლია, თუ თქვენი ნება იქნება, მოვიყვანო, ვინც არიან ამის პროფესიონალები, ექსპერტები და აგიხსნან. მე მათ მოყოლილს გიყვებით ხოლმე.

ღამე ვერც ეს ვერტმფრენი ვერ იფრენს, ეგ იცოდეთ. შეუძლია იგივე, რაც შეუძლია დღევანდელ ვერტმფრენებს, რაც ჩვენ გვყავს - აფრინდეს ბათუმის აეროპორტიდან და ჩამოფრინდეს თბილისის აეროპორტში, თუ ქარიშხალი, ჭექა-ქუხილი არ არის საფრენ ზონაში. იგივე პრობლემები აქვს ამ ახალ ვერტმფრენსაც. ანუ, ის, რომ ეს ვერტმფრენი ახლა ღამე მიფრინდება, ხეობაში შეფრინდება, დაჯდება და ვიღაცას აიყვანს, ეს პრობლემა ამასაც აქვს. ყველა ვერტმფრენს აქვს ასეთი პრობლემა.

არის სამხედრო ვერტმფრენები, რომლებიც ომის დროს რისკავენ და ღონისძიებებს ატარებენ. არ შეიძლება ვერტმფრენის გამოყენება ღამე ხეობაში, მით უმეტეს, სადაც მაღალი ძაბვის ხაზები გადის. შეიძლება თქვათ, რომ ხომ არსებობს რუკები, მაგრამ ხეების რუკებს ვერავინ გააკეთებს.  ყაზბეგში რაც მოხდა - დღე იყო, მაგრამ ხალხი დაიღუპა. მით უმეტეს, ღამე უდიდესი პრობლემაა. შეიძლება გარეთ არ გასულა ეს [ინფორმაცია], მაგრამ როცა ხანძრები იყო, ბორჯომი-ხარაგაულის მიმართულებაზე ბეწვზე გადავრჩით, სახანძრო კალათა წამოედო ხეს შემთხვევით. ეს ხდება დღისით და არა ღამით. როგორ წარმოგიდგენიათ, რაჭაში, ღამით, 20 ბავშვი ჩაგვესვა და ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო. ხომ იკითხავდით, ვინ გასცა სამშვიდობოს გამოყვანილი ბავშვების ვერტმფრენში ჩასმის ბრძანება?“ - განაცხადა ვახტანგ გომელაურმა 20 მარტს, პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლის დროს.

გასულ კვირაში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას Airbus Helicopters-ის თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის H145 ვერტმფრენი გადაეცა. 2022 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით,  Airbus Helicopters-მა ქართულ მხარეს სულ სამი ვერტმფრენი უნდა გადმოსცეს, რომელთა საერთო ღირებულება 26 500 000 ევროა.

„გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, Airbus Helicopters-თან მოლაპარაკებების საფუძველზე, შვეულმფრენების ჩაბარების ვადები შემცირდა. შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის უახლოეს პერიოდში იგეგმება. ეს არის მრავალფუნქციური შვეულმფრენი, რომელსაც შეუძლია პოლიციური, სატრანსპორტო, სამძებრო და სამაშველო ფუნქციების შესრულება. ის სრულადაა დაკომპლექტებული ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. ახალი შვეულმფრენი მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრირების შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადია“, - განაცხადა დღეს ვახტანგ გომელაურმა.

საქართველოს აქამდე არცერთი სამაშველო ვერტმფრენი არ ჰყავდა. გადაუდებელ შემთხვევებში სასაზღვრო პოლიციის საბჭოთა წარმოების „მი 8“ ტიპის ვერტმფრენებს იყენებენ. 2022 წლის 29 ივლისს, გუდაურში, სამაშველო ოპერაციის შესრულებისას სწორედ „მი 8“ ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა და აფეთქდა. ბორტზე მყოფი რვავე ადამიანი დაიღუპა - ეკიპაჟის 4 წევრი, 2 მაშველი და 2 ექიმი. თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდეოში ჩანს, რომ ვერტმფრენს ე.წ. „კუდის როტორი“ დაუზიანდა, რამდენიმე წამში კი მთლიანად მოსძვრა, რის შემდეგაც ვერტმფრენმა მართვა დაკარგა. ჩამოვარდნის შემდეგ აფეთქების შედეგად ვერტმფრენი მთლიანად დაიწვა. გამოძიება საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე დაიწყო, მაგრამ შსს-ს გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაცია არ მიუწოდებია.

სპეციალური ვერტმფრენის არქონის გამო ვერ ჩატარდა სამაშველო სამუშაოები 2023 წლის 3 აგვისტოს, კურორტ შოვში მომხდარი სტიქიური უბედურებისას, რომელსაც 33 ადამიანი ემსხვერპლა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).