„გლოვოს“ კურიერის დაჭრის საქმეზე ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

თბილისში, „გლოვოს“ კურიერის დაჭრის საქმეზე ერთ პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. პროკურატურა მას 32 წლის თემო სიგუას ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვასა და ტარებას ედავება. ბრალდებულთან ერთად მყოფი პირების მიერ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. 

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, თბილისში, ნუცუბიძის მე-4 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრალდებულს თანმხლებ ორ პირთან ერთად, საკურიერო მომსახურებასთან დაკავშირებით შელაპარაკება მოუხდა დაზარალებულთან, რა დროსაც ფიზიკურად გაუსწორდა მას და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით დაზიანებები მიაყენა.

„მას ბრალდება დაუსწრებლად წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადეს პროკურატურაში.

პროკურატურა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართავს.

თემო სიგუაზე თავდასხმის საქმიდან ორი დღე გავიდა, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არავინ დაუკავებია. მამაკაცი, რომელმაც სიგუას ესროლა, იდენტიფიცირებულია.

თემო სიგუა თბილისში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, შეკვეთის დატოვების შემდეგ, უკმაყოფილო მომხმარებელმა უკან დაბრუნება მოსთხოვა და იმის გამო დაუპირისპირდა, რომ შეკვეთას ერთი ბოთლი ლუდი აკლდა.

„ერთი ბოთლი აკლიაო, მე ვუთხრი შეფუთული ხომ იყო, მე რა შუაში ვარ, „გლოვოში“ დარეკეთ, მე რაც მომცეს, ის ჩაგაბარეთო. შენ, ბიჭო, ვის ეტლიკინებიო და დედა შემაგინაო. ოთხი კი ჩამოვიდნენო, მაგრამ ერთთან იყო კამათიო. მერე იარაღი ამოიღო და უცებ მესროლაო. ერთი მე ამომიდგაო, მოტოციკლეტზე დამსვა და მითხრა, გააღწიე აქედანო“, - ამბობს დაჭრილის დედა.

ხეჩინაშვილის კლინიკის ექიმის განცხადებით, კურიერს ორივე წვივისა და ტერფის მოდამოში გამავალი ცეცხლნასროლი ჭრილობები ჰქონდა. ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით იძიებდა, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. ოჯახი ეჭვქვეშ აყენებდა ინფორმაციას, თითქოს თემურ სიგუას პნევმატური იარაღიდან ესროლეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).