8 სექტემბერს მომხდარი სტიქიის გამო გურიაში განსახლებას 105 ოჯახი დაექვემდებარა. მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ სტიქიური კერები იყო ოზურგეთის 22 და ლანჩხუთის 15 სოფელში. სტიქიამ 3 ადამიანი იმსხვერპლა, მათ შორის, ორი ბავშვი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, გეოლოგების მიერ შემოწმებულია 237 მოქალაქის საკარმიდამო ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, 31 ინფრასტრუქტურული ობიექტი და შეგუბების 9 უბანი.
„მინდა თხოვნით მივმართო ამ ოჯახებს, რომ აუცილებელია ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინება. აუცილებელია მათი დროებით გადაყვანა უფრო უსაფრთხო ადგილას. ამიტომ, მივმართავ ოჯახებს, რომ მიჰყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების და შესაბამისი სამსახურების რეკომენდაციებს. ასევე, გეტყვით, რომ მუნიციპალიტეტის მიერ სასტუმროებში განთავსებულია 110 მოქალაქე“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ამჟამად ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 11 ადგილზე შეზღუდულია ავტომანქანების გადაადგილება. მთავრობის სხდომაზე ითქვა, რომ სასმელი წყალი ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას სრულად მიეწოდება. რაც შეეხება ელექტროენერგიას, დარჩენილია მხოლოდ 250 აბონენტი, საიდანაც 200 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება დღის ბოლომდე აღუდგება.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, დაზარალებულ მოქალაქეებს სახელმწიფო მაქსიმალურ დახმარებას გაუწევს.
მოქმედი კანონმდებლობით, იმ შემთხვევაში, თუ ოჯახი განსახლებას ექვემდებარება გეოლოგიური პროცესების გამო, როგორიცაა მეწყერი, ზვავსაშიშროება, ჯდენადი გრუნტი, ქვათაცვენა, ღვარცოფი, მდინარეების მიერ ნაპირების გამორეცხვა და ა.შ, დაზარალებულ ოჯახებს, საცხოვრებელ სახლებს, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო შეუსყიდის. ამ საკითხს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის 779-ე ბრძანება არეგულირებს. ბრძანების თანახმად, ეკომიგრანტი ოჯახების განსახლების შესახებ გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია იღებს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ოჯახს ერთთვიანი ვადა ეძლევა, რათა შესასყიდი სახლი თვითონ შეარჩიოს და ინფორმაცია სააგენტოს წარუდგინოს. სააგენტო სახლში მაქსიმუმ 30 ათას ლარს იხდის. დანარჩენი მყიდველმა თვითონ უნდა დაფაროს.