გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობა დატოვა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ზურაბ უტიაშვილ, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერად 20 თვის წინ, 2021 წლის 2 ოქტომბერს, ოთხი წლის ვადით აირჩიეს, გადადგა. Facebook-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში უტიაშვილი წერს, რომ თანამდებობას პირადი განცხადების საფუძველზე ტოვებს და უბრუნდება ჯანდაცვის სფეროს, სადაც „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად გააგრძელებს მუშაობას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

რიგგარეშე არჩევნების ჩატარებამდე გურჯაანის მერის უფლებამოსილებას მერის მოადგილე ლერი გელენავა შეასრულებს, რომელიც მაჟორიტარი დეპუტატის, დავით სონღულაშვილის ნდობით აღჭურვილი პირია.

„საქართველოს ამბებმა“ ზურაბ უტიაშვილთან დაკავშირება სცადა, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებსა და შეტყობინებას ამ დრომდე არ უპასუხა.

„მინდა შეგატყობინოთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა. მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს და პირადად პრემიერ-მინისტრს 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო მოსახლეობას არჩევნებში ჩემი მხარდაჭერისთვის, რის საფუძველზეც მომეცა შესაძლებლობა ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი სასიკეთო საქმე გამეკეთებინა“, - წერს ზურაბ უტიაშვილი Facebook-ზე.

როგორც ის აღნიშნავს, ეამაყება, რომ მისი მერობის პერიოდში გურჯაანში მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნის საკითხი გადაიჭრა, რაც, მისივე თქმით, ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

„მუნიციპალური ტრანსპორტი გურჯაანში ათწლეულების განმავლობაში გაუქმებული იყო. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია კონსოლიდირებული ტენდერი და წლის ბოლომდე გურჯაანელებს 10 ახალი Isuzu-ს მარკის 21-ადგილიანი ავტობუსი მოემსახურება. ასევე, მინდა გამოვყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით განხორციელებული პროექტი „განახლებული რეგიონები“, რომლის ფარგლებშიც ქალაქ გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩამ თანამედროვე იერსახე მიიღო, რომელიც თითოეული გურჯაანელის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს... ჩემი მერობის პერიოდში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 25-ზე მეტი საბავშვო მოედანი და სავარჯიშო სივრცე მოეწყო. აქვე მინდა გაგაცნოთ ახალი პროექტი - ქალაქ გურჯაანში მულტიფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობა, რომელიც 2024 წელს დასრულდება. საჭიდაო მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი 150 მაყურებლიან ტრიბუნას მოიცავს, სადაც შესაძლებელი იქნება ყველა დონის სპორტული ტურნირის ჩატარება“, - აღნიშნავს უტიაშვილი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში მერის რიგგარეშე არჩევნები ოქტომბერში უნდა ჩატარდეს. საარჩევნო კოდექსის მიხედვით, თუ მერს უფლებამოსილება 15 იანვრიდან 15 ივნისამდე შეუწყდა, რიგგარეშე არჩევნები ტარდება იმავე წლის ოქტომბერში, ხოლო თუ მერს უფლებამოსილება 15 ივნისიდან 15 იანვრამდე შეუწყდა − უახლოეს აპრილში.

მუნიციპალური ორგანოების 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებში ზურაბ უტიაშვილმა ამომრჩეველთა ხმების 60.5% მიიღო, ხოლო მისმა კონკურენტმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, სერგი კაკალაშვილმა - 34.4%.

ზურაბ უტიაშვილი 2015 წლიდან 2021 წლამდე, „ქართული ოცნების“ მიერ მერობის კანდიდატად დასახელებამდე, შპს. „წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფოს“ დირექტორი იყო. 2014-2015 წლებში მთავრობის კანცელარიაში სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს უფროს მრჩევლად მუშაობდა, 2001-2014 წლებში კი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.