პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, „მთავარი არხის“ დირექტორის ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენზე, აშშ-ს საელჩოს მიერ გუშინ გაკეთებული განცხადება, სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ცოტა მძიმედ უნდა შევაფასო ასეთი განცხადებები. ჩვენ არცერთ შემთხვევაში არ ვკადრულობთ სასამართლოს დამოუკიდებლობაში ჩარევას და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე რაიმე ფორმით ზემოქმედებას.
გუშინ ვნახე აშშ-ის საელჩოს განცხადება, ეს იყო სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი ჩარევა, რაც ბუნებრივია, ძალიან მძიმეა. მე სხვა შეფასებას ამას ვერ მივცემ. ჩვენი პარტნიორები თანაბრად უნდა უფრთხილდებოდნენ სამართლის უზენაესობას, სასამართლოს დამოუკიდებლობას როგორც საკუთარ, ასევე სხვა ქვეყანაში, ეს არის ერთადერთი შეფასება, რაც შემიძლია გავაკეთო.
ჩვენ სხვანაირად ვუდგებით სასამართლოს დამოუკიდებლობას და სამართლის უზენაესობას“, - თქვა კობახიძემ.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გუშინ, ნიკა გვარამიას საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განაჩენთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანს და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა.
გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს გუშინვე გამოეხმაურა ევროკომისიის საგარეო საქმეთა სამსახური. „თბილისის სააპელაციო სასამართლომ დღეს დაადგინა, რომ საქართველოს ერთ-ერთი ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ წაყენებული ბრალდება, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე მუხლით 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ძალაში რჩება. ევროკავშირი ამ საქმეს ყურადღებით აკვირდება.
ევროკავშირი ინდივიდუალური საქმეების შემადგენლობის შესახებ კომენტარს არ აკეთებს, მაგრამ კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით დაისვა კითხვები, მათ შორის, სახალხო დამცველის მხრიდან.
ამ კუთხით, შეგახსენებთ, რომ „უფრო ძლიერი ძალისხმევა თავისუფალი, პროფესიული, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმისათვის, რომ მედიის მფლობელთა წინააღმდეგ მიმართული სისხლის სამართლებრივი პროცედურები აკმაყოფილებდეს უმაღლეს იურიდიულ სტანდარტებს“ ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს.
ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერას სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან მიმართებაში, დამოუკიდებლობაზე, გამჭვირვალობაზე და სასამართლო პროცედურების ხარისხზე ყურადღების გამახვილებით, რაც აუცილებელია კანონის უზენაესობის დასაცავად“, - განაცხადა პრესპიკერმა ნაბილა მასრალიმ.
2 ნოემბერს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ, მოსამართლეების მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო და პატიმრობაში დატოვა. სააპელაციო სასამართლომ გვარამიას იგივე სასჯელი განუსაზღვრა - 3.6 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა სასამართლომ ნაწილობრივ შეცვალა პირველი ინსტანციის განაჩენი. კერძოდ, გვარამია მეექვე თვეა პატიმრობაშია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ავტომობილის პირადი მიზნების გამოყენებისთვის (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), რადგან თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2022 წლის 16 მაისის განაჩენით მას ბრალდების მეორე ეპიზოდზე - „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ნაწილში მხოლოდ ჯარიმა დააკისრა 50 ათასი ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ გვარამიას მიმართ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი ამ ნაწილში შეცვალა და 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ეპიზოდზეც მას პატიმრობა მიუსაჯა.