„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა“ - ასე გამოეხმაურა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ნიკა გვარამიას მიმართ თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დღეს გამოცხადებულ განაჩენს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
- 6 „სააფთიაქო ნარკომანიის“ საქმეზე დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე
„იმ დროს, როდესაც საქართველოს ერთგულება მიუკერძოებელი სასამართლოსა და მედია პლურალიზმის მიმართ განსაკუთრებული დაკვირვების საგანია, მთავარი ოპოზიციური ტელეარხის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმდინარე პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს - უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა.
შეერთებული შტატების საელჩო კიდევ ერთხელ გამოხატავს ღრმა შეშფოთებას დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეზე. არაერთმა საერთაშორისო და ქართველმა უფლებადამცველმა თავიდანვე წამოჭრა სერიოზული კითხვები ამ საქმის შესახებ, მათ შორის დროსა და ბრალდებებთან დაკავშირებით, აგრეთვე, მსჯავრდებისა და სასჯელის შესახებ. შერჩევითი გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და მსჯავრდების აღქმაც კი ასუსტებს საზოგადოების ნდობას სამართალდამცავების, პროკურატურის, სასამართლოებისა და თავად ხელისუფლების მიმართ.
შეერთებული შტატები გააგრძელებს მედიის თავისუფლებისა და სასამართლო რეფორმის მხარდაჭერას, რაც აუცილებელია სტაბილური და წარმატებული დემოკრატიის ასაშენებლად და რაც ქართველი ხალხის მკაფიო სურვილია“, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ, მოსამართლეების მერაბ ჯორბენაძის, ლავრენტი მაღლაკელიძისა და დავით მამისეიშვილის შემადგენლობით, „მთავარი არხის“ დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია დამნაშავედ სცნო და პატიმრობაში დატოვა. სააპელაციო სასამართლომ გვარამიას იგივე სასჯელი განუსაზღვრა - 3.6 წლით თავისუფლების აღკვეთა, თუმცა სასამართლომ ნაწილობრივ შეცვალა პირველი ინსტანციის განაჩენი. კერძოდ, გვარამია მეექვე თვეა პატიმრობაშია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ავტომობილის პირადი მიზნების გამოყენებისთვის (უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება), რადგან თბილისის საქალაქო სასამართლომ, 2022 წლის 16 მაისის განაჩენით მას ბრალდების მეორე ეპიზოდზე - „რუსთავი 2“-სთვის 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ნაწილში მხოლოდ ჯარიმა დააკისრა 50 ათასი ლარის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ გვარამიას მიმართ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი ამ ნაწილში შეცვალა და 6 763 509 ლარის ზიანის მიყენების ეპიზოდზეც მას პატიმრობა მიუსაჯა.
„თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით იმის უზრუნველსაყოფად, რომ მედიის მფლობელების წინააღმდეგ სისხლის სამართლის პროცედურები შეესაბამებოდეს უმაღლეს სამართლებრივ სტანდარტებს“, - ეს მოთხოვნა ევროკომისიის 12 რეკომენდაციიდან ერთ-ერთია საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
