შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარე წლის დასაწყისიდან, ქვეყნის მასშტაბით ნარკოდანაშაულის ბრალდებით 270 პირი დააკავეს, საიდანაც 27 ნარკორეალიზატორია. დაკავებულები არიან როგორც საქართველოს, ასევე, ირანის, თურქეთის, სომხეთის, იორდანიის, რუსეთის, ყაზახეთის, უკრაინის, ბელარუსის, ერაყისა და ნიდერლანდების მოქალაქეები. მათ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
„დაკავებულ პირთა შორის არიან ნარკორეალიზატორები, რომლებიც ტრადიციული - ხელიდან ხელში გასაღების მეთოდით ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. გარდა ამისა, დაკავებულები არიან ე.წ. დამდებები, რომლებიც სხვადასხვა ლოკაციებზე დადების მეთოდით ასაღებდნენ ნარკოტიკულ საშუალებებს. დაკავებულებს შორის, ასევე, არიან ნარკოტიკების საზღვარზე უკანონოდ შემომტანი პირები, რომლებსაც ქვეყანაში სხეულით შემოჰქონდათ სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები“, - განაცხადა ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, თეიმურაზ კუპატაძემ.
ქვეყნის მასშტაბით ამოღებულია ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებები „ჰეროინი“, „კოკაინი“ „ალფა პვპ“, „სუბოტექსი“ „სუბოქსინი“, „მეტადონი“, „მდმა“, „ლსდ“, „მეფედრონი“, „ამფეტამინი“, „ექსტაზი“, „ჰაშიში“ და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“.
დღევანდელ ბრიფინგზე თეიმურაზ კუპატაძემ განმარტება გააკეთა ბოლო პერიოდში მედიასაშუალებებში გასულ სიუჟეტებთან და საზოგადოებაში გაჩენილ კითხვებთან დაკავშირებით, რომლებიც ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარებას ეხება.
„დღევანდელ რეალობაში ტექნოლოგიურ განვითარებასთან ერთად ნარკოტიკების რეალიზაციამ ინტერნეტ სივრცეში გადაინაცვლა.
ნარკომომხმარებლებთან კომუნიკაცია ფიზიკური კონტაქტის გარეშე, ინტერნეტის საშუალებით ხდება. აღნიშნული გზით გასაღებული ნარკოტიკული საშუალებები წარმოადგენს კუსტარულად დამზადებულ სინთეტიკურ ნარკოტიკულ საშუალებებს, რაც მომხმარებლებში იწვევს ფატალურ შედეგებს. უმეტეს შემთხვევებში ნარკორეალიზატორები გასაღების სქემაში რთავენ ახალგაზრდებს, ონლაინ სივრცეში და სხვადასხვა მეთოდებით აცხადებენ ვაკანსიებს და სთავაზობენ სოლიდურ გასამრჯელოს.
მინდა აღვნიშნო, რომ ზემოხსენებული საქმიანობა მძიმე დანაშაულია. ეს არ ნიშნავს მხოლოდ სხვადასხვა ლოკაციებზე ნარკოტიკების განთავსებას, არამედ წარმოადგენს ნარკოტიკების რეალიზაციას, რისთვისაც სასჯელი ძალიან მკაცრია და მსგავს საქმეებზე ასობით პირი იქნა მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში.
ამავდროულად კომპლექსური გამოძიების ფარგლებში, მუდმივად ხორციელდება საბანკო ანგარიშებზე არსებული ფულადი სახსრებისა და უძრავ მოძრავი ქონების მოძიება და დაყადაღება, რომლებიც ნარკორეალიზაციის შედეგად უკანონო გზით იქნა მოპოვებული.
გარდა ამისა, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ მუდმივ რეჟიმში ვახორციელებთ ე.წ. დარქნეტში და სხვადასხვა ტელეგრამ არხებზე არსებული ონლაინ მაღაზიების იდენტიფიცირებას, მიღებული ინფორმაციის დამუშავებას, საკონტროლო შესყიდვების განხორციელებას და სხვადასხვა ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების გატარებას. ასევე ტექნოლოგიური შესაძლებლობების ფარგლებში ხდება ხსენებული ტელეგრამ არხებისა და სხვა ონლაინ მაღაზიების დაბლოკვა და მათი გაუქმება“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.
როგორც მან აღნიშნა, მსგავს სქემებში ჩართული ნარკორეალიზატორების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად მტკიცებულებების მოძიებას, მონაცემების დამუშავებასა და ექსპერტიზების ჩატარებას დრო სჭირდება.
