ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 29 იანვარს, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ თანამდებობას ტოვებს. ღარიბაშვილი მმართველი პარტიის ახალი თავმჯდომარე იქნება. მისი თქმით, შემოდგომაზე საპარლამენტო არჩევნებია და „ქართული ოცნება“ დამაჯერებელი გამრჯვებისთვის უნდა მოემზადოს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„დღეს მე ვტოვებ პრემიერ-მინისტრის თანამდებობას. ნება მომეცით, მოკლედ, მაგრამ მკაფიოდ განვმარტო ამ გადაწყვეტილების მიზეზები. სულ ახლახან, გასული წლის ბოლოს, მე საზოგადოებას ჩავაბარე ვრცელი ანგარიში ჩემი სამწლიანი საქმიანობის შესახებ. მოგეხსენებათ, მთავრობის მეთაურის პოზიციაზე მეორე ვადით მუშაობა ურთულეს პერიოდში, შიდა თუ საერთაშორისო პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური კრიზისების პირობებში დავიწყე. მე პირნათლად ვემსახურე ჩვენს ქვეყანას, უკომპრომისოდ ვიცავდი ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესებს და მე ვამაყობ შედეგებით, რომელსაც ამ პერიოდში გუნდთან ერთად მივაღწიეთ.

„ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში, მე ორჯერ მომიწია ამ უმაღლეს თანამდებობაზე მუშაობა. ჯამში ყველაზე დიდხანს, 5 წელი ვიყავი საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ჩვენი პოლიტიკური გუნდის სიძლიერის ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი არის შიდა დემოკრატია, რომლის ყველაზე მკაფიო გამოვლინება გახლავთ როტაციის პრინციპი. გუნდში მრავალი წარმატებული ლიდერია და საჭიროა, სხვებსაც მიეცეთ შესაძლებლობა. მითუმეტეს, რომ ახლა ახალი ამოცანების წინაშე ვდგავართ. შემოდგომაზე ახალ პარლამენტს ავირჩევთ და „ქართული ოცნება“ უნდა მოემზადოს არჩევნების დამაჯერებლად მოსაგებად, რათა გავაგრძელოთ წინსვლა სხვა, უფრო დიდი მიზნების მისაღწევად“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თანამდებობის დაკავების შესახებ შეთავაზება პარტიის პოლიტსაბჭოსგან მიიღო. მას თავმჯდომარედ 1-ელ თებერვალს დაგეგმილ ყრილობაზე აირჩევენ.

„არ დაგიმალავთ, პოლიტსაბჭოში განვიხილეთ შესაძლებლობა, რომ ზაფხულში სარჩევნო კამპანიის დაწყებამდე დავრჩენილიყავი, თუმცა ვარჩიე, ახლა მიმეღო ეს გადაწყვეტილება. მნიშვნელოვანია, რომ შემდეგმა პრემიერმა დროულად წარადგინოს თავისი გუნდი და ჩამოაყალიბოს ახალი მთავრობა. მე წარმატებებს ვუსურვებ ახალ პრემიერ-მინისტრს. ჩემთვის კი დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, გავაგრძელო მუშაობა პარტიაში, აქტიური მონაწილეობა მივიღო საარჩევნო პროცესში და ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.

პრემიერ-მინისტრად მუშაობისას გაწეული უდიდესი მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდი ჩვენი პარტიის დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს, პარტიისა და პარლამენტის ხელმძღვანელობას და წევრებს, სამინისტროების ხელმძღვანელებს და თითოეულ თანამშრომელს, მთავრობის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ყველა საჯარო მოხელეს.

თანადგომისთვის განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეუღლეს, შვილებს, მშობლებს. იმედი მაქვს, ახლა მექნება შესაძლებლობა, მეტი დრო დავუთმო ოჯახს.

მშვიდობას, კეთილდღეობას და გაერთიანებას ვუსურვებ ჩვენს სამშობლოს. ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მის გადადგომაზე ინფორმაცია გუშინ, 28 იანვარს, ტელეკომპანია „პირველმა“ გაავრცელა, დღეს კი ამის შესახებ საზოგადოებას პროსამთავრობო არხმა, „იმედმაც“ აცნობა, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პარტიას პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად, ირაკლი კობახიძეს წარუდგენს.

კონსტიტუციის თანახმად, ირაკლი ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის უფლებამოსილება გადადგომისთანავე შეუწყდა, მთავრობა კი მოვალეობის შესრულებას ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე განაგრძობს. ორი კვირის ვადაში პარლამენტმა „ქართული ოცნების“ მიერ წარდგენილი პრემიერ-მინისტრობის ახალ მთავრობას ნდობა უნდა გამოუცხადოს.

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2021 წლის 22 თებერვლიდან იკავებდა. ის მთავრობის მეთაური იყო 2013 წლის 20 ნოემბრიდან 2015 წლის 24 დეკემბრამდე პერიოდშიც. გამომძიებელმა ჟურნალისტებმა ღარიბაშვილი და მისი ოჯახის წევრები არაერთხელ ამხილეს კორუფციულ ქმედებებში. 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).