ირანის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქში მდებარე აზერბაიჯანის საელჩოზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი - დაცვის უფროსი სასიკვდილოდ დაიჭრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
თავდასხმა დღეს, 27 იანვარს, ბაქოს დროით, დილის 8:30 საათზე მოხდა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, კალაშნიკოვის ავტომატური იარაღით შეიარაღებულმა თავდამსხმელმა დაცვის პოსტი გაარღვია და დაცვის სამსახურის უფროსი მოკლა. თავდასხმის აღკვეთისას საელჩოს დაცვის ორი თანამშრომელიც დაშავდა.
თეირანის კრიმინალურ საქმეთა ინსპექცია აცხადებს, რომ თავდამსხმელს, რომელიც უკვე დაკავებულია, პირადი მოტივი ამოძრავებდა.
„მისი თქმით, აპრილში მისი მეუღლე აზერბაიჯანის საელჩოში წავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ფიქრობდა, რომ ის ჯერ კიდევ საელჩოში იმყოფებოდა, ელჩთან შეხვედრა მოითხოვა. იმის გამო, რომ არაერთხელ უთხრეს უარი, შეტევა გადაწყვიტა“, - აცხადებენ თეირანში, თუმცა ამ ვერსიის ბაქოში არ სჯერათ.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა მომხდარი, როგორც „ტერორისტული აქტი“, დაგმო: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ უფროსი ლეიტენანტის, ორჰან რიზვან ასკეროვის ოჯახისა და ახლობლების მიმართ, რომელიც საელჩოსა და მისი თანამშრომლების დაცვის უზრუნველყოფის დროს დაიღუპა. მოვითხოვთ ტერაქტის სწრაფ გამოძიებას და ტერორისტების დასჯას. დიპლომატიურ წარმომადგენლობაზე ტერორისტული თავდასხმა დაუშვებელია“, - თქვა ალიევმა.
აზერბაიჯანი მომხდარზე პასუხისმგებლობას ირანის ხელისუფლებას აკისრებს და აცხადებს, რომ მას უნდა შეესრულებინა საელჩოსა და მისი თანამშრომლების უსაფრთხოების ვალდებულება, რომელიც დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციიდან გამომდინარეობს.
„ირანში ჩვენი დიპლომატიური მისიის მიმართ მუქარის მცდელობები ადრეც ყოფილა. სამწუხაროდ, ბოლო სისხლიანი ტერაქტი მეტყველებს იმაზე, თუ რა სერიოზულ შედეგებს იწვევს ამ მიმართულებით ჩვენი გადაუდებელი მოწოდებებისადმი სათანადო მგრძნობელობის არქონა. მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბოლოდროინდელმა ანტიაზერბაიჯანულმა კამპანიამ ირანში წაახალისა ასეთი თავდასხმები. კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ირანის მიერ, რაც შეიძლება მალე გამოვლინდნენ და დაისაჯონ დამნაშავეები, ასევე, ამ სისხლიანი აქტის შემკვეთები“, - განაცხადეს საგარეო უწყებაში.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თეირანიდან აზერბაიჯანში საელჩოს თანამშრომელთა ევაკუაცია მიმდინარეობს.
