ის აქციები იმართებოდა მონური დამოკიდებულებით - ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„გასული კვირების განმავლობაში გაიმართა პოლიტიკური უმცირესობის რამდენიმე აქცია. იმ აქციებს და ჩვენ დღევანდელ შეკრებას ერთმანეთისგან განასხვავებს ერთი მთავარი პრინციპული რამ - ის აქციები იმართებოდა მონური დამოკიდებულებით“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „აგენტების შესახებ“ რუსული კანონის მხარდასაჭერად, ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ „საყოველთაო შეკრებაზე“ სიტყვით გამოსვლისას.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

აქცია მრავალათასიანი რომ ყოფილიყო, ხელისუფლებამ თბილისში საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩაიყვანა საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულები. რაიონებიდან ავტობუსების გასვლამდე მერიის წარმომადგენლები ამოწმებდნენ, წერილობით სიაში შეყვანილი ყველა საჯარო მოსამსახურე გამოცხადდა თუ არა.

„ქართული ოცნების“ შეკრებაზე ანტიდასავლური გზავნილებით გამოვიდა მთავრობის მეთაურიც.

„როდესაც ქვეყანა ხდება ევროკავშირის წევრი, არა მხოლოდ ევროკავშირი უშვებს ამ ქვეყანას საკუთარ სახლში, არამედ ეს ქვეყანაც უშვებს საკუთარ სახლში ევროკავშირს. ამიტომ, საქართველოს აქვს სრული უფლება, ჩვენ სახლში შემოსვლამდე  ევროკავშირს ჩვენი სუვერენიტეტისა და ღირებულებების პატივისცემა მოვთხოვოთ.

...ჩვენ ვერ დავყვებით ვერცერთ მოთხოვნას, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის დათმობას გულისხმობს.

2020 წლიდან, რადიკალურმა ოპოზიციამ და მასთან დაკავშირებულმა „ენჯეოებმა“ უკვე ორჯერ სცადეს რევოლუციის მოწყობა.

მათ ეს ქვეყანა 3 წელი არ დაასვენეს და პრაქტიკულად, მუდმივ რევოლუციურ რეჟიმში ამყოფეს. უფრო შორს თუ წავალთ, ისინი უკვე 20 წელია არ ასვენებენ ჩვენს ქვეყანას. ახლა კი, ოღონდ საკუთარი შავი ფული დამალონ, ქვეყნის არევის მესამე ცდასაც არ ერიდებიან.

ყველას, ვინც ეწინააღმდეგება „ენჯეოების“ გამჭვირვალობას, სინამდვილეში, ამოძრავებს ერთადერთი მიზანი - ეს ქვეყანა არასოდეს დაასვენოს და მუდმივად ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეზე ატაროს.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ გასული 3 წლის მანძილზე ქვეყნის არევის ყველა მცდელობა აღკვეთა, ქვეყანას მშვიდობა შეუნარჩუნა და კანდიდატის სტატუსიც მიიღო. აქედან ჩანს, რომ თუ თავს არავის დაუხრი და ღირსეულად დადგები, შედეგსაც ღირსეულს მიიღებ.

უკვე რამდენიმე თვეა გვემუქრებიან, რომ თუ არ დავთმობთ ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და სასამართლოს დამოუკიდებლობას, არ გაგვიხსნიან  მოლაპარაკებებს ევროკავშირთან. აქ ერთი რამ უნდა ითქვას: დღეს მოლაპარაკებები გახსნილი აქვთ უკრაინასთან და მოლდოვასთან, მაშინ, როდესაც საქართველო ერთი თავით მაღლა დგას ორივე ქვეყანაზე დემოკრატიის, სამართლის უზენაესობის, ადამიანის უფლებების, ინსტიტუტების სიძლიერის, კორუფციის სიმცირისა და ეკონომიკური განვითარების თვალსაზრისით. შესაბამისად, პირველ რიგში, სწორედ ევროკავშირის ინტერესებშია, სამართლიანობა რაც შეიძლება მალე აღადგინოს.

აქ დგახართ ადამიანები, რომლებიც გამოხატავთ საქართველოს მოსახლეობის უდიდესი უმრავლესობის პოზიციას.

ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს, 2022 წლის ივნისისგან განსხვავებით, გამოხატოს სათანადო პატივისცემა ქართული საზოგადოების მიმართ, აღადგინოს სამართლიანობა და გახსნას მოლაპარაკებები წელსვე.

ეს არის ქართული საზოგადოების მოთხოვნა, რომელსაც ქართული საზოგადოება და ქართული სახელმწიფო იმსახურებს. გარდა ამისა, მოვუწოდებთ ყველას, იზრუნონ ქართველ ხალხზე და არა ქვეყნის არევის მოსურნე „ენჯეოების“ მიერ შავი ფულის დამალვაზე. ეს იქნება ღირსეული და პასუხისმგებლობით გამსჭვალული დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ.

ოქტომბერში გველოდება უმნიშვნელოვანესი საპარლამენტო არჩევნები. ეს არის ერთგვარი რეფერენდუმიც „ენჯეოებისა“ და ფსევდოლიბერალური პროპაგანდის შესახებ კანონებთან დაკავშირებით. დღეს „ქართულ ოცნებას“ მოქალაქეების 60 პროცენტზე მეტი უჭერს მხარს. შესაბამისად, დარწმუნებული ვართ, რომ „ქართული ოცნება“ რადიკალურ ოპოზიციას კიდევ ერთხელ დიდი უპირატესობით დაამარცხებს და ზედიზედ მეცხრე საარჩევნო გამარჯვებას იზეიმებს“, - განაცხადა კობახიძემ.

„ქართულმა ოცნებამ“, 2024 წლის 3 აპრილს, პარლამენტში ხელმეორედ დააინიცირა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი, რომელიც ერთი წლის წინ, მრავალათასიანი საპროტესტო აქციების შედეგად უკან გაიწვია და პირობა დადო, რომ მას აღარასდროს მიიღებდა. რუსული კანონი უცხოეთის აგენტებად რეგისტრაციას ავალდებულებს დამოუკიდებელ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც საერთაშორისო ფონდების საგრანტო მხარდაჭერით მუშაობენ და ხელისუფლება ან მასთან დაკავშირებული ჯგუფები ვერ აკონტროლებენ. 150-ზე მეტმა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციამ გაავრცელა განცხადება, რომ „ღირსების შემლახავ რეესტრში“არავითარ შემთხვევაში არ დარეგისტრირდებიან. 17 აპრილს, 83-მა დეპუტატმა რუსულ კანონს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

15 აპრილიდან თბილისში ყოველდღე იმართება ხალხმრავალი საპროტესტო აქციები, 28 აპრილის დემონსტრაციაში კი ათობით ათასი ადამიანი მონაწილეობდა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).