„ის, რაც საქართველოში ხდება, ძალადობის, სისასტიკის დონე აბსოლუტურად მიუღებელია. ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ განსხვავებული აზრი, ეს ყველაფერი ყველა დემოკრატიის ნაწილია, მაგრამ ძალადობა, სისასტიკე აბსოლუტურად მიუღებელია“, - ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ბოლო 12 დღის განმავლობაში საქართველშო განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 3 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
- 6 აქციაზე დაკავებულ 21 წლის მათე დევიძეს 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება
ჰერჩინსკის თქმით, ევროკავშირი შოკირებულია ძალადობით და გვერდში უდგას საქართველოს ხალხს, რომელსაც უკეთესი მომავალი და ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება სურს.
„გასულ კვირას ვიყავი ბრიუსელში, მქონდა შესაძლებლობა მესაუბრა ევროკავშირის 27 ელჩთან, ასევე შევხვდი ჩემს ახალ კოლეგებს, მოხდა ხელმძღვანელობის ცვლილება ევროკავშირის ინსტიტუტებში. ორშაბათს, 16 დეკემბერს, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები შეხვდებიან და საქართველოს საკითხს განიხილავენ. საქართველოზე კვლავ იმსჯელებენ მომდევნო კვირის ბოლოს ევროკავშირის სახელმწიფოთა და მთავრობების მეთაურების დონეზე.
ვნახოთ რა მოხდება შემდეგ კვირაში. ვფიქრობ, ჩვენმა უმეტესობამ ევროკავშირის დედაქალაქებში, ისევე როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებში, მიაღწია იმ ეტაპს, როდესაც უნდა ვიმოქმედოთ. საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა განაცხადა, რომ შედეგები იქნება. ვნახოთ, რაზე შეთანხმდებიან წევრი ქვეყნები ორშაბათს“, - თქვა ევროკავშირის ელჩმა და დასძინა, რომ ყველა ზომა განიხილება.
„მე ყოველთვის ძალიან მკაფიო ვარ, როცა საქმე სანქციების პოლიტიკას ეხება. ეს ძალიან რთული საკითხია ევროკავშირისთვის, რადგან ჩვენ გვჭირდება 27 წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნება, თუმცა
ის, რაც საქართველოში ბოლო 12 დღის განმავლობაში ხდება, აშკარად მოითხოვს სანქციებს და ვიცი, რომ მუშაობა უკვე მიმდინარეობს სანქციების მოსამზადებლად.
ერთსულოვნების მიღწევა დამოკიდებულია 27-ვე დედაქალაქზე. ვფიქრობ, ვიმედოვნებ, რომ ევროკავშირის ნებისმიერ დედაქალაქს გაუჭირდება ძალადობის დონის, სისასტიკის დონის იგნორირება. ორშაბათს ვნახოთ, სანქციები თუ იქნება შემოღებული. მოსამზადებელი სამუშაოები უკვე მიმდინარეობს“, - განაცხადა დიპლომატმა.
პაველ ჰერჩინსკის თქმით, განსახილველი ვარიანტია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერება:
„ვნახოთ, რას გადაწყვეტენ წევრი ქვეყნები.
არის გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების ვარიანტი. ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ არ გვინდა ზიანი მივაყენოთ მოსახლეობას, არ გვინდა დავისაჯოთ ადამიანები, რომლებიც გამოხატავენ ერთგულებას ევროკავშირის ღირებულებებისადმი, რომლებიც თბილისში და ბევრ სხვა ქალაქში არიან ქუჩებში, აფრიალებენ საქართველოს და ევროკავშირის დროშებს, მაგრამ ხელისუფლებაზე, რომელიც პასუხისმგებელია ძალადობაზე, სისასტიკეზე, ჩვენ ვერ გავჩუმდებით.
წევრი ქვეყნები ამაზე ორშაბათს იმსჯელებენ და იმედი მაქვს, უკვე ორშაბათს იქნება გადაწყვეტილება მიღებული“.
ელჩმა აღნიშნა, რომ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება არის პრინციპები, რომლებზედაც ევროკავშირი დგას, სწორედ ამიტომ გმობს ის თბილისის ქუჩებში მიმდინარე ძალადობას.
„ეს აბსოლუტურად მიუღებელია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ის მიმართულია მედიის წარმომადგენლებზე, მედიის ნებისმიერ წარმომადგენელზე, რომელსაც უნდა მიეცეს საშუალება თავისუფლად განახორციელოს თავისი მოვალეობები, სამუშაო. პირადად მე მართლა შოკირებული ვარ, ბევრი ახალგაზრდა სცემეს სასტიკად. იმედი მაქვს, რომ ძალადობის ეს უპრეცედენტო დონე დაუყოვნებლივ შეწყდება“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
საქართველოს არალეგიტიმურმა მთავრობამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, რასაც ქვეყანაში მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მოჰყვა.