ისრაელმა ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურას დაარტყა

13 ივნისს, დილით, ისრაელის თავდაცვის არმიამ დაარტყა „ირანის ბირთვული პროგრამის გულს“ - ურანის გამდიდრების მთავარ ობიექტს ქალაქ ნათანზში, ასევე, ირანელ მეცნიერებს, რომლებიც ბირთვული ბომბის შესაქმნელად მუშაობენ და ბალისტიკური რაკეტების პროგრამის ცენტრს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მედიის ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალების იერიშის შედეგად ლიკვიდირებულნი არიან ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური ჰოსეინ სალამი; შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი მოჰამად ბაღერი; ფერეიდუნ აბასი - ბირთვული მეცნიერი და ირანის ატომური ენერგიის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი; მოჰამედ მეჰდი თეჰრანჩი - ცნობილი ბირთვული ფიზიკოსი; ღოლამ ალი რაშიდი - შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსის მოადგილე; ალი შამხანიი - ირანის ყოფილი ეროვნული უშიშროების ხელმძღვანელი.

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ირანს აქვს საკმარისი რაოდენობის გამდიდრებული ურანი, რათა უახლოეს დღეებში შექმნას 15 ბირთვული ბომბი, რაც ეგზისტენციალურ საფრთხეს წარმოადგენს ისრაელისთვის და მსოფლიოსთვის.

ისრაელის თავდაცვის არმიის წარმომადგენლის, გენერალ ეფი დეფრინის განცხადებით, ირანზე შეტევაში მონაწილეობდა ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების 200-ზე მეტი თვითმფრინავი. ისრაელის გამანადგურებლებმა ირანის ტერიტორიაზე 330-ზე მეტი საბრძოლო მასალით დაარტყეს 100-ზე მეტ სამიზნეს - სამხედრო და ბირთვული პროგრამის ობიექტებს.

ირანისგან მოსალოდნელი საპასუხო შეტევის გამო ისრაელში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ისრაელის თავდაცვის ძალებმა მოსახლეობა გააფრთხილა, რომ ქვეყანას „ძლიერი და რთული დღეები“ ელის.

ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი ისრაელს „მკაცრი პასუხით" დაემუქრა. ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით დაახლოებით 100 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვა და ისრაელის თავდაცვის ძალები მათ მოგერიებაზე მუშაობს.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, მან წინასწარ იცოდა, რომ ისრაელი ირანს დაარტყამდა.

„ირანს არ შეიძლება ბირთვული ბომბი ჰქონდეს და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან დავბრუნდებით. ვნახოთ. ხელმძღვანელობაში რამდენიმე ადამიანია, რომლებიც აღარ დაბრუნდებიან“, - განაცხადა ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, აკვირდება ნებისმიერ საპასუხო ქმედებას და აშშ-ის ცენტრალური სარდლობა მაღალი დონის მზადყოფნაშია. დონალდ ტრამპის მტკიცებით, აშშ მზადაა დაიცვას საკუთარი თავი და ისრაელი, თუ ირანი საპასუხო ზომებს მიიღებს.

სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ თქვა, რომ ირანზე ისრაელის დარტყმაში შეერთებული შტატები არ მონაწილეობდა. ამის მიუხედავად, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პასუხისმგებლობა ვაშინგტონსაც დააკისრა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.