პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. სხდომას, რომელიც ერთი წუთი გაგრძელდა, მხოლოდ უმრავლესობის და ჯგუფ „ევროპელი სოციალისტების“ წევრები ესწრებოდნენ. შეკითხვა, შენიშნვა ან მოსაზრება არავის ჰქონია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„არაფერი უსწრაფესად... ვინმეს ჰქონდა შეკითხვა და არ მიეცა დასმის საშუალება? არ ყოფილა“, - უთხრა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს.
„ქართული ოცნება“ არ დაელოდა სხდომათა დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატების შესვლას, რომლებსაც საკანონმდებლო ორგანოს შენობაში პოლიცია არ უშვებდა.
„ჩვენ გარეთ დაგვაყოვნა პოლიციამ. შემდეგ ველოდებოდით პრესას, ჟურნალისტებიც არ იყვნენ შემოსულები. უმრავლესობის წევრები სკამებზეც არ ისხდნენ, როდესაც ოხანაშვილმა სხდომა უკვე დაასრულა. ეს არის არალეგიტიმური პროცესი“, - განაცხადა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ.
ოპოზიციონერი დეპუტატები პარლამენტში შესვლას ჯერ კიდევ გუშინ საღამოდან ცდილობდნენ, თუმცა როგორც „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, საკანონმდებლო ორგანოში შესვლა უკანონოდ აეკრძალათ.
„დღეს დილიდანაც იყო მიზანმიმართული პოლიტიკა, რომ ძალისა და რობოკოპების გამოყენებით შემოეყვანათ „ქართული ოცნების“ დეპუტატები და ოპოზიციონერი წევრებისთვის ხელოვნური ბარიერები შეექმნათ. მესამე მოსმენა წუთებში წყდება და სწორედ ეს წუთები დაგვაკარგინეს, როდესაც ხელოვნურად შეგვაფერხეს. მაგრამ იმ ფონზე, რაც ქვეყანაში ხდება, როდესაც ხელისუფლება აწყობს საკონსტიტუციო გადატრიალებას, მიდის ხალხის ნების წინააღმდეგ, რა თქმა უნდა, ესეც აღარ არის გასაკვირი. ეს არის სრული თვითნებობა, ზუსტად რუსული ხასიათის თვითნებობა, რომლის დასაკანონებლადაც სჭირდებათ რუსული კანონი“, - აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტის შესასვლელები რუსული კანონის მოწინააღმდეგეებისგან გაათავისუფლა. პოლიციამ და სპეცრაზმმა მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი გამოიყენეს, დააკავეს რამდენიმე ადამიანიც. „ქართული ოცნების“ დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში პოლიციის დახმარებით შევიდნენ და ამავე გზით დატოვეს შენობა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ.
რუსულ კანონს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით განსახილველად და კენჭისყრისთვის ხვალ, 14 მაისს გაიტანენ. „ქართულ ოცნებას“ აქვს კანონის მისაღებად საჭირო 76 ხმა.