ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკ Julius Baer-ს შანტაჟში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, აშშ-ის მიერ სანქცირებული ბიძინა ივანიშვილი სამართლებრივი დავის დაწყებას კიდევ ერთი შვეიცარიული ბანკის, Julius Baer-ის წინააღმდეგ აპირებს. ამის შესახებ მილიარდერის ადვოკატმა, ლაშა კალანდაძემ განაცხადა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ადვოკატის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილს აღნიშნულ ბანკში აქვს გადატანილი Credit Suisse-ის „უკანონო ქმედებებს გადარჩენილი აქტივების დიდი ნაწილი“, მათ შორის, ის ანგარიშებიც, რომლებზედაც ჰეჯ ფონდებიდან შესული თანხები უნდა განთავსებულიყო. ჰეჯ ფონდი საინვესტიციო ფონდია, რომელიც მდიდარი კერძო პირებისა თუ ინსტიტუციური ინვესტორებისგან მიღებული თანხების ინვესტირებას ახორციელებს, მათ შორის, მაღალრისკიან პროექტებში, მაქსიმალური მოგების მიღების მიზნით.

ლაშა კალანდაძის განცხადებით, Julius Baer-ი წლების განმავლობაში კონსტრუქციულად თანამშრომლობდა ბიძინა ივანიშვილთან, თუმცა უკანასკნელი ერთი წლის განმავლობაში ურთიერთობა რადიკალურად შეიცვალა.

„თითქმის 6 თვის განმავლობაში Julius Baer-ი ჰეჯ ფონდებიდან შემოსული თანხებისთვის განკუთვნილი ანგარიშების (თანხების ბრუნვის) შესახებ ინფორმაციას ზღუდავდა. [...] მხოლოდ მას შემდეგ, რაც Julius Baer-მა ირწმუნა, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი უფლებების დასაცავად მიმართავდა სამართლებრივ მექანიზმებს, Julius Baer-მა დაიწყო ინფორმაციით უზრუნველყოფის ვალდებულების შესრულება.

ბოლო პერიოდში კი კვლავ გართულდა ურთიერთობა. ბიძინა ივანიშვილის აზრით, ჰეჯ ფონდებმა (CarVal Credit Value Fund III, Promona Capital VIII და TPG Opportunities Partners III) დაარღვიეს თანხების დაბრუნების ვადები. Julius Baer-ი არის, ხელშეკრულების მიხედვით, ვალდებული, მიიღოს ზომები ჰეჯ ფონდების მიერ ვალდებულების დროულად შესრულებაზე. Julius Baer-ი კი მხოლოდ იტყობინება, რომ წერილებს უგზავნის ჰეჯ ფონდებს, თუმცა არ აკეთებს განმარტებას წერილების შინაარსთან, არც იმასთან დაკავშირებით, რა ქმედებებს ახორციელებს ან განახორციელებს ჰეჯ ფონდების მხრიდან ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად. რადგან ბიძინა ივანიშვილი ვერ იღებს კანონით გარანტირებულ ინფორმაციას, თუ განმარტებას, თვლის, რომ Julius Baer-ი და ზემოაღნიშნული ჰეჯ ფონდები კოორდინირებულად მოქმედებენ მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ/საზიანოდ“, - განაცხადა ადვოკატმა.

ლაშა კალანდაძის თქმით, შვეიცარიულ ბანკთან ურთიერთობა სხვა მიმართულებითაც გაუარესდა. კერძოდ, თავდაპირველად, ბანკმა ბიძინა ივანიშვილს და მისი ოჯახის რამდენიმე წევრს უარი უთხრა შეესრულებინა დავალება თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით.

„მას შემდეგ, რაც Julius Baer-მა მიიღო შეტყობინება, რომ სამართლებრივი მექანიზმებს მიმართავდნენ ბენეფიციარები თავიანთი უფლებების დასაცავად, ბანკმა შეასრულა დავალება თანხის გადმორიცხვის შესახებ, თუმცა თითქმის ერთი თვე დასჭირდა აღნიშნული ვალდებულების შესრულებას, არა და, როგორც წესი, ასეთი დავალების შესრულება ერთ დღეში ხორციელდება.

შემდეგ 2024 წლის დეკემბრის შუა რიცხვებში Julius Baer-ი, ფაქტობრივად, დაემუქრა, რომ პირადი საბანკო ანგარიში უნდა დაეხურა ბიძინა ივანიშვილისთვის, როგორც პოლიტიკურად აქტიური პირისთვის. აღნიშნული საფუძვლით ანგარიშის დახურვის/გაუქმების მიზანშეწონილობა Julius Baer-ის მიერ არ იყო არგუმენტირებული. ბანკმა არც კი განმარტა, რატომ დადგა დღის წესრიგში, თან მაინც და მაინც 2024 წლის ბოლოს, პოლიტიკურად აქტიური პირის საფუძვლით პირადი ანგარიშის გაუქმების საკითხი. Julius Baer-ს არც დაუხურავს პირადი ანგარიში, თუმცა მისი აღნიშნული ქმედების შესახებ საზოგადოების ინფორმირება მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული.

და ბოლოს, Julius Baer-მა, ბენეფიციარების აზრით, არასწორად (უფრო, სათავისოდ) განმარტა ე.წ. ამერიკული სანქციები და ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრებს და მის კომპანიებსაც აცნობა, რომ ფაქტობრივად ე.წ. ამერიკულ სანქციებს დაუქვემდებარა მათი საბანკო ანგარიშები. 

ზემოაღნიშნული საკითხები უქმნის ბიძინა ივანიშვილს წინაპირობას ჩათვალოს/იფიქროს, რომ Julius Baer-ის მხრიდან ადგილი აქვს პოლიტიკურ შანტაჟს და Julius Baer-იც, ამა თუ იმ ფორმით, ჩართული არის პოლიტიკურ შანტაჟში“, - აცხადებს ადვოკატი.

ბიძინა ივანიშვილი Julius Baer-ის წინააღმდეგ სამართლებრივი დავის დაწყებას ბანკის მხრიდან ვალდებულების შესრულებისა და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით აპირებს.

ივანიშვილი თითქმის 10 წელია Credit Suisse-ისა და მასთან დაკავშირებული იურიდიული პირების წინააღმდეგ სხვადასხვა იურისდიქციებში დავას აწარმოებს. სინგაპურში მიმდინარე დავა ივანიშვილის სასარგებლოდ დასრულდა, ბერმუდაში მიმდინარე საქმე კი, როგორც ადვოკატი ამბობს, საბოლოო ინსტანციის სასამართლოში განხილული იქნება 2025 წლის ზაფხულში. ამასთან. ლაშა კალანდაძის თქმით, სამოქალაქო საქმეების განხილვა შვეიცარიაშიც იწყება. ამ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს იმ თანხების ანაზღაურება, რომლის კომპენსირება ვერ მოიცვა სინგაპურსა და ბერმუდაში მიმდინარე დავებმა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.