პარტია „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, შვიდ დაზარალებულ ქალთან ერთად, ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ მაიკლ ო'ფლაერტს ოფიციალური წერილით მიმართა იზოლატორებში დაკავებულთა ძალადობრივი გაშიშვლების დამამცირებელ პრაქტიკასთან დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სამხარაძე: არაბმა პარტნიორებმა ინვესტიციების წინააღმდეგ კამპანიაზე რეაგირება გვთხოვეს
- 2 აბასთუმნის თავზე ფრენა აიკრძალა - რატომ ჩაკეტა სახელმწიფომ ცა იქ, სადაც ივანიშვილი ცხოვრობს
- 3 უცხოეთში მყოფ წვევამდელებს ჯარში გაწვევისას საქართველოში დაბრუნება მოუწევთ
- 4 საქართველო ევროპაში ბოლო ადგილზეა: პენსია ძირითადი ხარჯების მხოლოდ 22%-ს ფარავს
- 5 მეუფე ისაია უარყოფს, თითქოს კანდიდატურა მოსაყდრე შიოს სასარგებლოდ მოხსნა
- 6 პოლონეთში 5 თვის ჩვილის გარდაცვალების საქმეზე ნუგზარ ქავთარაშვილს ეძებენ
ხელმომწერები კომისარს მოუწოდებენ, აამოქმედოს მის ხელთ არსებული ყველა მექანიზმი, რათა დაუყოვნებლივ დასრულდეს ღირსების შემლახავი ეს პრაქტიკა; პასუხისგებაში მიეცეს ყველა პირი, ვინც ამ პროცესში მონაწილეობდა.
წერილში ხაზგასმულია, რომ 2025 წლის მარტში ელენე ხოშტარიას მიმართ დიღმის იზოლატორში განხორციელებული ქმედებები არ არის შემთხვევითი ეპიზოდი. ავტორების განცხადებით, ეს არის სისტემური მეთოდი, რომელიც გამოიყენება პროევროპული წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეების დასაშინებლად.
„ეუთოს „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშმა მკაფიოდ გაუსვა ხაზი, რომ ძალადობრივი გაშიშვლება არ არის მხოლოდ პროცედურული გადაცდომა - ეს არის ადამიანის უფლებების სისტემური დარღვევა და სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული წამების სისტემის ერთ-ერთი საყრდენი“, - ნათქვამია მიმართვაში.
წერილს ელენე ხოშტარიასთან ერთად ხელს აწერენ აქტივისტები და დაზარალებულები: თამუნა გიორგაძე, ლიკა ბასილაია-შავგულიძე, მარიამ მელიქიშვილი, ნუცა მახარაძე, ნინო ბარძიმაშვილი, ნინო დათაშვილი და ქრისტინა ბოტკოველი (ნენსი ვოლანდი).
საზოგადოებისთვის მსგავსი შემთხვევების შესახებ ფართოდ ცნობილი 2024 წლის 28 ნოემბრის მოვლენების შემდეგ გახდა. არაერთმა აქტივისტმა დაადასტურა, რომ იზოლატორებში შესახლებისას ან ჩხრეკისას მათ სრულ გაშიშვლებას აიძულებდნენ.
იზოლატორში შესახლებისას პირის სრულად გაშიშვლება ეწინააღმდეგება მოქმედ რეგულაციებს. სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკით, ადამიანის გაშიშვლება ჩხრეკისას დაუშვებელია შესაბამისი, გადაუდებელი საფუძვლების გარეშე. თუ ეს ხდება უმიზეზოდ, ქმედება უთანაბრდება არასათანადო მოპყრობას ან წამებას. გაშიშვლება დასაშვებია მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში, როდესაც სხვაგვარი დათვალიერებით (მაგ. მეტალოდეტექტორით) მიზნის მიღწევა შეუძლებელია.
