ეროვნული ბანკი „ლიბერთი ბანკთან“ მუშაობს, რათა განისაზღვროს, როდიდან შეუმცირდება 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხზე პროცენტი. ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, ინტერპლელაციის წესით გამოსვლისას განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„2018 წლიდან საპროცენტო განაკვეთი - იმ დროს 40%-ს და მეტს აღწევდა - ეტაპობრივად ჩამოდიოდა ქვევით, მცირდებოდა, მაგრამ რადიკალური გარღვევა 2023 წლის პირველ იანვარს მოხდა, როცა ის კონკრეტულ ფორმულას დაექვემდებარა. გუშინ მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე ყველას, ვინც საპენსიო სესხი 2023 წლამდე აიღო, საპროცენტო განაკვეთი შეუმცირდება და საერთო ჩარჩოში მოექცევა. ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ „ლიბერთი ბანკთან“, რათა განვსაზღვროთ, რა თარიღიდან, როგორი სქემითა და პროცედურით ამოქმედდება ცვლილება. ეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება 150 ათასზე მეტ ადამიანს შეეხება და უხარვეზოდ უნდა განხორციელდეს“, - აღნიშნა თურნავამ.
ოპოზიციონერი დეპუტატების შეკითხვის საპასუხოდ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა, რომ კონკრეტულ პროცენტზე საუბარი მართებული არ არის: „თუკი ჩახედავთ ხელშეკრულებას, რომელიც დადებულია ბანკსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს შორის, იქ არის ფორმულა, რომელიც მიბმულია ბანკთაშორის ბირჟაზე. დღესდღეობით ეს არის 25.5%. ახლა, როდესაც ხდება მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება, მოსალოდნელია, რომ პროცენტი კიდევ უფრო მეტად ქვევით წამოვიდეს“.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი პარლამენტში ინტერპელაციის წესით ოპოზიციის წევრებმა დაიბარეს. ერთი დღით ადრე პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნათია თურნავას და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა.
მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი 2023 წლამდე აიღეს, სესხის პროცენტი შეუმცირდება და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც 2023 წლიდან არის დაწესებული. ცვლილება შეეხება როგორც ე.წ. ოვერდრაფტებს, ისე ჩვეულებრივ სესხებს.
„ბიუჯეტიდან სუბსიდირება აქ არ ხდება. ეს არის „ლიბერთი ბანკის“ სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილი. საქმე გვაქვს ისეთ გადაწყვეტილებასთან, რომელიც მომგებიანია ყველასთვის“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ოპოზიციის შეფასებით, გადაწყვეტილება საპარლამენტო არჩევნების მოახლოებას უკავშირდება.
საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს, საქართველოში პენსიის მიმღებთა (ასაკით პენსიონერი) რიცხოვნობამ 838 100 შეადგინა. 354 ათას პენსიონერს და სოციალური შემწეობის მიმღებს საპენსიო სესხი აქვს აღებული. „ლიბერთი ბანკის“ მიერ ეროვნულ ბანკში წარდგენილი ანგარიშის მიხედვით, გასული წლის მესამე კვარტალში გაცემული საპენსიო სესხების საშუალო შეწონილი ნომინალური საპროცენტო განაკვეთი 29.4% იყო. საპენსიო სესხების მთლიანი პორტფელი 401 მილიონ ლარს აღწევდა.
2023 წლიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26%-მდე შემცირდა.