ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ კვირის დასაწყისში, საარტილერიო დაბომბვის შედეგად ხერსონის ოლქში ერთ-ერთი ჩეჩნური ბატალიონის 23 მებრძოლი დაიღუპა, 58 კი დაიჭრა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„ადგილზე ყველა სამაშველო ოპერაცია დასრულებულია და დაღუპულთა და დაშავებულთა საბოლოო სია არსებობს. დაიღუპა 23 და დაიჭრა 58 ჯარისკაცი“, - წერს Telegram-ში კადიროვი და ამატებს, რომ იმავე ბრძოლაში 70 უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს.

როგორც რამზან კადიროვი აღნიშნავს, ჩეჩნები ჯიჰადში მონაწილეობენ და „წმინდა ომში“ დაცემა „დიდი სიხარულია“ ნამდვილი მუსლიმისთვის. ის შურისძიებით იმუქრება და დაღუპული „ძმების“ ოჯახებზე ზრუნვის პირობას დებს.

„სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში დაღუპული მებრძოლების დაკრძალვისთვის მილიონ რუბლს გამოვყოფთ, კიდევ 12 მილიონს კი სახელმწიფო ოჯახებს გადაუხდის. გარდა ამისა, დაღუპულთა ოჯახებისთვის ჩვენ უზრუნველვყოფთ წმინდა მექაში მომლოცველობას...

ჩემს ყველა თანამემამულეს მოვუწოდებ, გაერთიანდნენ ალაჰის გზაზე. ყველანი მზად უნდა ვიყოთ ნებისმიერი განვითარებისთვის. გულხელდაკრეფილი ჯდომა არ შეიძლება. ბრძოლა რელიგიისთვის, სახლისთვის, ოჯახისთვის, სამშობლოსთვის თითოეული კაცის მოვალეობაა! სამხედრო საქმე მაინც ისწავლეთ. უბრალოდ გაკვირვებული ვარ, როგორ შეგიძლიათ სახლში მშვიდად იჯდეთ და მოვლენებს აკვირდებოდეთ“, - ამბობს კადიროვი.

ჩეჩნეთის მეთაურის ამ განცხადებამდე, 25 ოქტომბერს, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუსტი საარტილერიო დარტყმების შედეგად ხერსონის რაიონის სოფელ კაირიში 30-მდე ოკუპანტი გაანადგურეს, ხოლო ასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე ნანგრევების ქვეშ მოჰყვა.

18 ოქტომბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ მიიღო დადგენილება, რომლითაც ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად აღიარა, დაგმო ჩეჩნეთის პირველი (1994-1996) და მეორე ომის (1999-2009) დროს რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები, ასევე, ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ გენოციდის პოლიტიკა.

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა რამზან კადიროვს მოუწოდა, უკრაინიდან გავიდეს და იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლოს. დანილოვი ამბობს, რომ რუსეთი თუ არ დამარცხდა, რუსები დაბრუნდებიან  გროზნოს კიდევ ერთხელ გასანადგურებლად და ჩეჩენების დასახოცად.

უკრაინაში 2014 წლიდან იბრძვიან კადიროვის და რუსეთის ხელისუფლების მოწინააღმდეგე ჩეჩნებიც. მათ შორისაა იჩქერიის პირველი პრეზიდენტის, ჯოხარ დუდაევის და შეიხ მანსურის სახელობის მოხალისეთა ორი ბატალიონი. ჩეჩნების ერთ-ერთი რაზმი უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაშია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).