უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა ჩეჩნეთის ლიდერს, რამზან კადიროვს მოუწოდა, უკრაინიდან გავიდეს და საკუთარი სამშობლოს, იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის იბრძოლოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 2 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 3 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
„ვიდრე გვიანი არ არის, გადით უკრაინიდან და იბრძოლეთ იჩქერიის დამოუკიდებლობისთვის - ეს საუკეთესო გარანტიაა იმისთვის, რომ რუსეთმა მეორედ არ აღგავოს მიწის პირიდან ჯოხარის ქალაქი (გროზნო). რუსეთი თუ არ განადგურდა, დაბრუნდებიან იმისთვის, რომ ისევ მოკლან ჩეჩენი ქალები და ბავშვები. თქვენ ხომ არ დაგავიწყდათ...“, - წერს დანილოვი Twitter-ზე.
ოლექსი დანილოვის ამ განცხადებამდე რამზან კადიროვმა უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის რეგიონების დაბომბვაში დაადანაშაულა. მან უკმაყოფილება გამოთქვა რუსეთის ფედერაციის „სუსტი პასუხის“ გამო და უკრაინული ქალაქების მიწის პირიდან აღგვის მოწოდებით გამოვიდა:
„ადრე ვამბობდით, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სპეციალურ სამხედრო ოპერაციას ვატარებთ, მაგრამ უკვე ჩვენს ტერიტორიაზე მიდის ომი. ამით ძალიან უკმაყოფილო ვარ. საომარი მდგომარეობა გამოვაცხადეთ, მაგრამ ისინი [უკრაინელები] არ ერიდებიან, ისვრიან. ჩემი აზრით, სუსტად ვპასუხობთ. თუ ჭურვი ჩვენსკენ, ჩვენი რეგიონისკენ მოდის, ჩვენ მიწის პირიდან უნდა აღვგავოთ ქალაქები, რათა შორეული ჰორიზონტი ჩანდეს. არც კი უნდა იფიქრონ ჩვენი მიმართულებით სროლაზე“.
უკრაინის უმაღლესმა რადამ ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის ტერიტორია შეიარაღებული აგრესიის შედეგად რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულად ცნო. 18 ოქტომბერს, რადას თავმჯდომარის, რუსლან სტეფანჩუკის ინიციატივითა და 287 დეპუტატის მხარდაჭერით მიღებული დადგენილებით უკრაინის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ დაგმო ჩეჩნეთის პირველი (1994-1996) და მეორე ომის (1999-2009) დროს რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულები, ასევე, ჩეჩენი ხალხის წინააღმდეგ გენოციდის პოლიტიკა. დადგენილების ავტორები აღნიშნავენ, რომ რუსეთმა ტერორით, დაშინებისა და ძალადობის გზით, მძევლად აიყვანა სრულიად ჩეჩენი ხალხი, რის შედეგადაც მოსკოვის მიერ კონტროლირებადი ადმინისტრაცია შეიქმნა. უკრაინის უმაღლესი რადა გაეროს წევრ სახელმწიფოებს და საერთაშორისო ორგანიზაციებსაც მოუწოდებს, იჩქერია რუსეთის მიერ ოკუპირებულად ცნონ, გამოიძიონ რუსეთის მიერ იჩქერიაში ჩადენილი დანაშაულები და დამნაშავეები პასუხისგებაში მისცენ.
უფრო ადრე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კავკასიის ხალხებს მიმართა, უკრაინის წინააღმდეგ „სამარცხვინო ომში“ არ ჩაერთონ: „დაიცავით თქვენი თავისუფლება ახლა, ქუჩებსა და მოედნებზე, რათა შემდეგ არ მოგიწიოთ ბრძოლა მთებსა და ტყეებში უბრალოდ სიცოცხლის უფლებისთვის, როდესაც რუსეთი ხელისუფლება მობილიზაციის შემდეგ ტალღებს დაიწყებს“, - ამბობდა ზელენსკი.
