კავკასიის ხალხები არ უნდა იხოცებოდნენ რუსეთის სამარცხვინო ომში - ზელენსკის მიმართვა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ კავკასიის, ციმბირის და რუსეთის სხვა ძირძველ ხალხებს მიმართა, არ დაემორჩილონ მობილიზაციიას და არ ჩაერთონ უკრაინის წინააღმდეგ ომში. უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, საკუთარი თავისუფლება ქუჩებსა და მოედნებზე დაიცვან, რათა შემდეგ, როდესაც რუსეთი ხელისუფლება მობილიზაციის მომდევნო ტალღებს დაიწყებს, სიცოცხლის უფლებისთვის ბრძოლა მთებსა და ტყეებში არ მოუწიოთ.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

უკრაინის პეზიდენტის მიმართვას უცვლელად გთავაზობთ:

„კავკასიის ხალხებო!

ახლა მე ვიმყოფები კიევის იმ ნაწილში, სადაც 1860-იან წლებში დაღესტნის გმირი და მთელი კავკასიის იმამი შამილი ცხოვრობდა. როგორც ხედავთ, უკრაინამ იცის თქვენი გმირების პატივისცემა. ჩვენ ვინახავთ ხსოვნას იმ ადგილების შესახებ, რომლებიც ჩვენი ხალხების კულტურებს აკავშირებდნენ.

ეს ჩვენი დედაქალაქის ცენტრია. უკრაინის ასობით ქალაქიდან ერთ-ერთის, რომელთა წინააღმდეგაც რუსეთის ხელისუფლებამ რაკეტები, ბომბები და ჯარები მომართა. კავკასიამ იცის, ეს რას ნიშნავს. კავკასიას ეს უნახავს.

უკვე 218 დღეა, ჩვენ თავს ვიცავთ იმათგან, ვისაც ჩვენზე მეტი რაკეტები აქვს და ჩვენზე მეტი ხალხი ჰყავს, თუმცა სრულიად მოკლებულია წესიერებას. რუსეთის მხრიდან ეს სულმდაბალი, დანაშაულებრივი ომია. ეს ჩვენი წმინდა ვალდებულებაა, ჩვენი ვალია ჩვენი მშობლების წინაშე, ჩვენი შვილების წინაშე, ჩვენი ერის ყველა თაობის წინაშე - მათ წინაშე, ვინც ცხოვრობდა და მათ წინაშეც, ვინც იცხოვრებს ჩვენს მიწაზე. ჩვენ არ გვჭირდება ის, რაც ჩვენი არ არის.

უკვე 58 500 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში. ისინი ჩვენს მოსაკლავად მოვიდნენ და დაიღუპნენ. თქვენ მათ რაოდენობას არ გეუბნებიან, გატყუებენ, რომ ვითომ, დაახლოებით 6 ათასი დაიღუპა. 58 500! ეს არის სიმარლთე. ისინი დაიღუპნენ იმის გამო, რომ ეს ომი ერთმა ადამიანმა მოისურვა, მხოლოდ ერთმა, რომელსაც ბევრი ემსახურება.

 

კავკასიის ხალხებო! რუსეთის ტერიტორიაზე მცხოვრებო ყველა ხალხებო! თქვენ ერთი მიზეზიც კი არ გაქვთ, აღმოჩნდეთ იმ ბევრს შორის, ვინც ჯერ კიდევ ემსახურება იმ ერთს, რომელსაც ეს ომი უნდა. თქვენ არ უნდა დაიხოცოთ უკრაინაში. თქვენი შვილები არ უნდა დაიხოცონ უკრაინაში. არ გაქვთ ასეთი ვალდებულება და ასეთი ვალი არც თქვენი მამების წინაშე, არც თქვენი შვილების წინაშე, არც თქვენი მომავლის და თქვენი მიწის მომავლის წინაშე. თქვენ ეს იცით.

ჩვენ ვხედავთ, რომ თქვენ ეწინააღმდეგებით დანაშაულებრივ მობილიზაციას, რომლითაც რუსეთის ხელისუფლებას საკუთარი მარცხის გადაფარვა სურს, საკუთარი რეგულარული ჯარის და საკუთარი დანაშაულებრივი ბრძანებების მარცხის. თქვენ გატყუებენ, თითქოს მარცხი არ განუცდიათ.

იმის ნაცვლად, რომ რუსეთისთვის ეს უაზრო ომი დაასრულოს, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, მკვდრები ახალი ადამიანებით ჩაანაცვლოს. რა ელის ყველა მათგანს, პასუხი იცით.

უკრაინა გააგრძელებს თავის დაცვას და ჩვენს წინააღმდეგ გაჩაღებულ ამ ომში გაიმარჯვებს, რადგან ჩვენ ჩვენს მიწაზე ვართ, ჩვენს მხარესაა სიმართლე, ჩვენს გვერდითაა მთელი ცივილიზებული მსოფლიო. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რაც ჭეშმარიტებას წარმოადგენს ნებისმიერი ერისთვის ამ პლატენაზე - სიცოცხლისა და თავისუფლებისთვის, ყველა ჩვენგანის ოჯახის, ჩვენი შვილების ბედნიერების უფლებისთვის.

რუსეთი მარტო დარჩა. ის უკვე იზოლირებულია და დაგმობილი იქნება ამ ომის გამო.

„ნებისმიერი, ვინც სიმართლის წინააღმდეგ აღმართავს იარაღს, მას აღმართავს საკუთარი თავის განადგურებისთვის“,  - როგორც ჩანს, კრემლში არ იციან იმამ შამილის ეს სიტყვები, მაგრამ ეს სიტყვები უნდა იცოდნენ კავკასიაში. ეს სიტყვები უნდა გაიგონ ციმბირში და ყველა სხვა მიწაზე, საიდანაც ხალხს ამ ომში გზავნიან.

და ახლა - მობილიზაცია. იბრძოლეთ, რომ არ  დაიღუპოთ! დაიცავით თქვენი თავისუფლება ახლა, ქუჩებსა და მოედნებზე, რათა შემდეგ არ მოგიწიოთ ბრძოლა მთებსა და ტყეებში უბრალოდ სიცოცხლის უფლებისთვის, როდესაც რუსეთი ხელისუფლება მობილიზაციის შემდეგ ტალღებს დაიწყებს.

თუ დაიჯერეთ, რომ მხოლოდ 300 ათას ადამიანს წაიყვანენ? ის ერთი ადამიანი, რომელმაც ეს ომი დაიწყო, არ გაჩერდება მობილიზაციის მხოლოდ პირველ ტალღაზე, კიდევ იქნება. ის შეეცდება სხვა ცოცხლების წაყვანასაც. მას არ ადარდებს ხალხი. ის პატივს არ სცემს არც ცოცხლებს და არც მკვდრებს.

სხვადასხვა რეგიონიდან ათასობით რუსი სამხედროს ცხედარი უკრაინაშია დარჩენილი. ისინი ლპებიან მინდვრებში, ინახებიან მორგში ისინი, ვინც რუსულმა არმიამ არ დაწვა. მსოფლიოში ერთადერთი არმია, რომელსაც თან დააქვს კრემატორიუმები, რათა თავიდან მოიშოროს საკუთარი სამხედროების ცხედრები, როცა ამის გაკეთებას ასწრებს.

მაგრამ ახლა ის ისე გარბის, რომ არა მხოლოდ დაღუპულთა ცხედრებს, არამედ ტანკებსაც და რეაქტიულ არტილერიასაც ტოვებს.

უბრალოდ დაფიქრდით სადამდე მივიდა საქმე! იძულებულები ვართ, დავიწყოთ საინფორმაციო ომი, რათა რუსეთის მოქალაქეებს, რომელთა მობილიზაციას ახლა ახდენენ, მივაწოდოთ სპეციალური თეზისი:

ტატუ მაინც გაიკეთეთ თქვენი სახელითა და გვარით, რომ ვიცოდეთ, როგორ ვიპოვოთ თქვენი ახლობლები, როცა მოგკლავენ და თან არ გექნებათ ჯარისკაცის ჟეტონი. რუსეთის ხელისუფლება ამ ომში გზავნის ხალხს ჯარისკაცის ჟეტონის გარეშე, ხშირად დოკუმენტების გარეშეც! ამას სპეციალურად აკეთებენ, რათა ადვილი იყოს თქვენი მოტყუება, თუ რამდენი ადამიანი კვდება აქ სინამდვილეში. აი, ეს არის მათი სპეცოპერაცია. სიცრუის, ტერორის, მკვიდრი ხალხების განადგურების სპეცოპერაცია.

კრიმინალური მობილიზაციის პირველ კვირაში რუსეთიდან უფრო მეტი მამაკაცი გაიქცა, ვიდრე რუსეთის ხელისუფლება ოფიციალურად აპირებდა ომში გაგზავნას. როგორი რეაგირება ექნება ამაზე კრემლს? რუსეთის საზღვარზე გზავნის სამხედროებს თვით რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს სამარცხვინოა!

ტყუილები რაღაც ფსევდო-რეფერენდუმებით, რაღაც აღიარებებითა და ანექსიებით, რუსეთისთვის კიდევ უფრო მეტი სირცხვილით დასრულდება.

არავინ არ უნდა მიიღოს მონაწილეობა სამარცხვინო ომში. დაღესტნელები არ უნდა კვდებოდნენ უკრაინაში. ჩეჩნები, ინგუშები, ოსები, ჩერქეზები და ნებისმიერი სხვა ერი, რომელიც რუსეთის დროშის ქვეშ აღმოჩნდა. სულ, თითქმის 200 სხვადასხვა ერი... თქვენ იცით, ვინ გზავნის მათ უკრაინაში. ის, ვინც მათ გზავნის, უნდა ისინი „ტვირთი 200“-ად აქციოს.

და თქვენ ეს გინდათ? მე დარწმუნებული ვარ, თქვენ სიცოცხლე გინდათ. მე დარწმუნებული ვარ, თქვენ დაიღალეთ ტყუილებით. მე დარწმუნებული ვარ, იცით, რომ ახლა ბრძოლაა საჭირო!

იმისთვის, რომ რუსეთის მოქალაქეები წავიდნენ ომში, მათ ხელოვნურად აღარიბებენ  კრედიტებით. ხალხს რეპრესიებით აშინებენ, პროპაგანდით წამლავენ. თქვენ შეგიძლიათ ეს შეცვალოთ. საჭიროა მხოლოდ იმის გაგება, თუ ვინ არის თქვენთვის ნადვილი სიმბოლო, ვინ არის თქვენთვის გმირი, ვინ არის თქვენი ისტორიის სიამაყე და ვის სურს უბრალოდ თქვენი გამოყენება.

იბრძოლეთ და გაიმარჯვებთ!“

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში, ომში გასაგზავნად მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოცხადა. პუტინის განცხადებით, გაწვევას დაექვემდებარებიან „პირველ რიგში ისინი, ვინც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება“. სინამდვილეში, სამხედრო კომისარიატები მამაკაცებს განურჩევლად იწვევენ. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მტკიცებით, ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, 300 ათასი მოქალაქის გაწვევა იგეგმება, თუმცა, როგორც მედია წერს, კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პუტინის განკარგულება შეიცავს დახურულ პუნქტს, სადაც დაახლოებით მილიონი ადამიანის გაწვევაზეა საუბარი. კრემლი ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.

ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის წინააღმდეგ აქციები რუსეთის სხვადასხვა ქალაქსა და რეგიონში გაიმართა, მათ შორის დაღესტანშიც, სადაც ძირითადად ქალები გამოვიდნენ. პოლიციამ ისინი ძალის გამოყენებით დაშალა, ასზე მეტი ადამიანი კი დააკავა.

მობილიზაციის ფონზე, რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას მასობრივად ცდილობენ. ზედიზედ რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველო-რუსეთის საზღვარზე, ზემო ლარსის გამშვებ პუნქტთან მრავალკილომეტრიანი რიგები იყო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.