დაღესტანში, ქალაქ მაჰაჩყალაში, რუსეთის პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული მობილიზაციის წინააღმდეგ გამართულ აქციებზე პოლიციამ 100-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა, სოფელ ენდირეიში კი აქციის დასაშლელად ჰაერში ისროდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„არა ომს! რუსეთი დაესხა თავს უკრაინას. ბრმები არ ვართ... ჩვენ არ გვინდა ჩვენი შვილების ომში გაგზავნა. რატომ თქვენ არ მიდიხართ ომში და აქ თქვენს ხალხს ებძრძვით?!“
ასე მიმართავდნენ პოლიციელებს ქალები, რომლებიც აქციის მონაწილეთა დიდ ნაწილს შეადგენდნენ.
მედიის ინფორმაციით, მაჰაჩყალაში გამართულ საპროტესტო აქციაში 300-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, ხოლო სოფელ ენდირეიში მობილიზაციის წინააღმდეგ ათობით ადამიანი გამოვიდა. ერთ-ერთი Telegram არხის მიერ გავრცელებული ცნობით, ამ სოფლიდან ომში 110 ადამიანი გაიწვიეს, მათ შორის, ის ახალგაზრდებიც, რომლებიც ჯარიდან ახლახან დაბრუნდნენ.
დაღესტნის ლიდერმა, სერგეი მელიკოვმა მობილიზაციის დასაწყისში დაშვებული შეცდომები აღიარა და განაცხადა, რომ სამხედრო კომისარიატებმა ის ადამიანებიც გაიწვიეს, ვისაც ეს არ ეხება: „ნაწილობრივი მობილიზაცია პრეზიდენტის მიერ გამოცხადებული კრიტერიუმების მკაცრი დაცვით უნდა განხორციელდეს. წესიდან გამონაკლისი ან შეცდომა დაუშვებელია. ქალაქების და რაიონების მეთაურები ამაზე პერსონალურად აგებენ პასუხს“.
25 სექტემბერს მობილიზაციის წინააღმდეგ აქციები გაიმართა რუსეთის სხვა რეგიონებშიც, მათ შორის, ყაბარდო-ბალყარეთის ქალაქ ნალჩიკშიც. გავრცელებული ვიდეომასალების მიხედვით, აქციაში რამდენიმე ათეული ქალი მონაწილეობდა.
„არ გაგატანთ ჩემს ქმარს! რომ დამხვრიტონ კიდეც, მაინც არ გაგატანთ. ეს არ არის ჩვენი ჯიჰადი. რატომ მიდიან იქ ჩვენი ახალგაზრდები, ჩვენი მშობლები? ჩვენ დაგვესხნენ თავს?!“, - ამბობდა აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
მობილიზაციას აპრტოტესტებენ ირკუტსკის ოლქშიც, სადაც სამხედრო კომისარიატში სროლა იყო. ომში გაწვეულმა ახალგაზრდა მამაკაცმა კომისარიატის ერთ-ერთი თანამშრომელი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრა.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში, ომში გასაგზავნად მობილიზაცია 21 სექტემბერს გამოცხადა. პუტინის განცხადებით, გაწვევას დაექვემდებარებიან „პირველ რიგში, ისინი, ვინც შეიარაღებულ ძალებში მსახურობდნენ, აქვთ გარკვეული სამხედრო სპეციალობა და შესაბამისი გამოცდილება“. სინამდვილეში, სამხედრო კომისარიატები მამაკაცებს განურჩევლად იწვევენ. თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს მტკიცებით, ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში, 300 ათასი მოქალაქის გაწვევა იგეგმება, თუმცა, როგორც მედია წერს, კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებული პუტინის განკარგულება შეიცავს დახურულ პუნქტს, სადაც დაახლოებით მილიონი ადამიანის გაწვევაზეა საუბარი. კრემლი ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს.
ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაციის ფონზე, რუსეთის მოქალაქეები ქვეყნის დატოვებას მასობრივად ცდილობენ. საქართველო-რუსეთის საზღვარზე ბოლო დღეებია სულ მცირე 15-20 კილომეტრიანი საცობია შექმნილი. ზემო ლარსის საკონტროლო გამშვები პუნქტის გადასაკვეთად, რუსეთის მოქალაქეები 24-40 საათი რიგში დგანან.
რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმების დასრულების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება საზღვრებს ჩაკეტავს იმ მოქალაქეებისთვის, ვინც მობილიზაციას ექვემდებარებიან. აკრძალვის შემოღების სავარაუდო თარიღად 28 სექტემბერი განიხილება. გამოცემა „ნოვაია გაზეტა.ევროპა-ს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკუთარმა წყარომ განუცხადა, რომ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი უკვე 261 ათასმა მამაკაცმა დატოვა.