უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ოლექსი დანილოვის განცხადებით რუსების მიერ კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის აფეთქება რუსული აგრესიის ძირეულად ახალი ეტაპია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 2 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 3 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 4 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 5 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 6 ტაილანდელი იუთუბერი საქართველოში გარდაცვლილი იპოვეს
„კრემლის ყალბი იდეოლოგიური კონსტრუქცია სრულად და საბოლოოდ ჩამოიშალა: „უკრაინის გათავისუფლება“, „ნაცისტებთან ბრძოლა“, „მხოლოდ სამხედრო ობიექტების დაზიანება“ და დანარჩენი ბოდვითი, წმინდა პროპაგანდისტული და ტყუილი თეზისები... ისტორიიდან რუსეთისა და პუტინის გაქრობის გარდაუვალობის მოლოდინში, ყალბი ნიღბები საჭირო აღარ არის“, - განაცხადა დანილოვმა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ.
მისივე თქმით, რუსეთმა ღიად განაცხადა საკუთარი მიზნები, რაც უკრაინის განადგურებას, უკრაინელების მკვლელობას, ეკონომიკისა და მოსახლეობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სტრუქტურების განადგურებას გულისხმობს.
ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომასთან დაკავშირებით, რომელიც დღეს გაიმართა, დანილოვმა მხოლოდ ის თქვა, რომ „ვერავინ და ვერაფერი, ვერცერთი რუსი ვერ შეაჩერებს უკრაინის გათავისუფლებას, რომლის დროც დამდგარია“.
უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, 6 ივნისს, ღამით, რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ააფეთქეს კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი, რომელიც ხერსონის ოლქის ანექსირებულ ნაწილში მდებარეობს. მომხდარის გამო მდინარე დნიპროში წყლის დონე იმატებს და დასახლებულ პუნქტებს ტბორავს. რუსული მხარე მომხდართან კავშირს უარყოფს და ამტკიცებს, რომ კაშხალი უკრაინის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად განადგურდა.
ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს საგანგებო სხდომის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ წყალდიდობის ზონაში 80 დასახლებული პუნქტი აღმოჩნდა. მიმდინარეობს მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია და სასმელი წყლის მიწოდება იმ დასახლებებისთვის, რომლებიც კახოვკის წყალსაცავიდან მარაგდებოდნენ. სხდომაზე განაცხადეს, რომ დნიპროში სულ მცირე 150 ტონა ძრავის ზეთი ჩაიღვარა და არსებობს დამატებით 300 ტონაზე მეტის გაჟონვის საფრთხე.
კახოვკის ჰიდროელექტროსადგური დნიპროზე გასული საუკუნის 50-იან წლებში აშენდა. იგი ხერსონის ოლქში, ქალაქ ნოვა კახოვკიდან 5 კილომეტრში მდებარეობს. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, რუსეთის შეჭრამდე რეგიონში ასობით ათასი ადამიანი ცხოვრობდა, საიდანაც ათობით ათასი ისევ რჩება.
კახოვკის წყალსაცავი სასმელი წყლის წყარო იყო მილიონობით ადამიანისთვის და სარწყავი წყლით უზრუნველყოფდა ფერმებსა და მეურნეობებს.
პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, რუსეთის მიერ მოწყობილ ეკოციდს მსოფლიომ უნდა უპასუხოს. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რუსეთი სიცოცხლეს, ბუნებას და ცივილიზაციას ებრძვის, ის უნდა გავიდეს უკრაინული მიწიდან და ტერორზე სრულად აგოს პასუხი.
