170-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია ერთობლივი განცხადებით მიმართავს ევროკომისიას და საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, ითხოვს, ქვეყანას მიეცეს რეკომენდაცია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია, რომ ეს დაეხმარება ქართველ ხალხს უკეთ გაუმკლავდეს რუსულ ინტერესებს, რადგან მეტი ევროკავშირი ნიშნავს ნაკლებ რუსეთს. ორგანიზაციების წარმომადგენლებმა განცხადება საქართველოში ევროკავშირის ელჩს გადასცეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატობის სტატუსზე ევროკომისიის რეკომენდაციის მოლოდინშია. ხელმომწერ ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს გვაერთიანებს საერთო მისია - დავიცვათ და წარმოვადგინოთ საქართველოს მოქალაქეების ინტერესი, დავიცვათ და დავამკვიდროთ ევროპული დემოკრატიული ღირებულებები.
ჩვენი, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეების უდიდესი ნაწილის, ურყევი არჩევანი და სასიცოცხლო ინტერესია, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რომელშიც თითოეული მოქალაქე იცხოვრებს ღირსეულად - მშვიდობიან, შეძლებულ, თავისუფალ და სამართლიან სახელმწიფოში. ამიტომაც, ჩვენ ვითხოვდით საქართველოს მთავრობისგან ევროკავშირის წევრობის განაცხადის შეტანას.
საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარების დღიდან, ჩვენი ძალისხმევა მიმართული იყო იმისაკენ, რომ საქართველოს ხელისუფლებას შეესრულებინა 12 რეკომენდაცია, რომელსაც უნდა გაეუმჯობესებინა საქართველოს მოქალაქეთა მდგომარეობა.
დღეს ჩვენ კარგად ვხედავთ იმ სირთულეებს, რომლებიც 12 რეკომენდაციის შესრულებას უკავშირდება, მაგრამ, ამავე დროს, ევროპული არჩევანი საზოგადოების მთავარ მისწრაფებად რჩება, რაც მოქალაქეებს ქმედითი სოლიდარობით აერთიანებს.
ჩვენ ვიბრძოდით და ვიბრძვით საქართველოში უკეთესი დემოკრატიისთვის, რომელსაც საქართველოს მოქალაქეები ითხოვენ და იმსახურებენ, და რომლის ღირებულებებიც დღეს ევროკავშირის 27 სახელმწიფოს აერთიანებს.
2023 წლის მარტში ჩვენ შევძელით გაგვეერთიანებინა ქართული საზოგადოება „რუსული კანონის“ წინააღმდეგ, რომელიც დიდი კედელი იქნებოდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის. სწორედ ამ ძალისხმევით მოხერხდა ამ კანონის უკუგდება და ყველასთვის ჩვენება, რომ ქართველი ხალხი მომავალშიც მზადაა დაიცვას ქვეყნის ევროპული მომავალი.
ჩვენ, ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, გვჯერა, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება, გარდა იმისა, რომ ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფების გზაზე მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება, დაეხმარება ქართველ ხალხს უკეთ გაუმკლავდეს რუსულ ინტერესებს საქართველოში, რადგან მეტი ევროკავშირი ნიშნავს ნაკლებ რუსეთს.
მოგმართავთ ჩვენი ქვეყნის ერთგულ და ძლიერ ევროპელ მეგობრებს და კონკრეტულად, ევროკომისიას, საქართველოში არსებული პრობლემების მიუხედავად, 12 პრიორიტეტის შესრულების ობიექტური შეფასების პარალელურად, მოგვეცეს რეკომენდაცია, რომ 2023 წლის დეკემბერში ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
8 ნოემბერს გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.
გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა. საქართველოს განაცხადზე კომისიის მიერ მომზადებულ დასკვნაში, პრიორიტეტებს შორის დასახელებულია პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება, სასამართლო რეფორმის გატარება, დეოლიგარქიზაცია, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერება, მედიის თავისუფლების უზრუნველყოფა და სხვა.
