„ქართული ოცნება“, მომდევნო ორი თვის განმავლობაში, მედიის წინააღმდეგ ახალი რეპრესიული კანონის მიღებას გეგმავს. ამის შესახებ პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და ე.წ. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
„ხვალიდანვე დავიწყებთ მუშაობას და დაინიცირდება მედიის კანონი, რომელსაც მივიღებთ ბრიტანული მოდელისა და კანონმდებლობის შესაბამისად.
კანონით დადგინდება მედიის ობიექტურობის, აგრეთვე, ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტები. განისაზღვრება აღნიშნული სტანდარტების მონიტორინგის და დაცვის ინსტიტუციური მექანიზმები. შეიზღუდება მედიასაშუალებების დაფინანსება უცხოური წყაროებიდან.
ბუნებრივია, ეს არ შეეხება კომერციული რეკლამიდან მიღებულ და სხვა ამგვარ შემოსავალს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ასევე მიიღებენ ამერიკული Foreign Agents Registration Act-ის (FARA) მოქმედი რედაქციის „პირდაპირ ასლს“, ვინაიდან შარშან მიღებული რუსული კანონი სრულფასოვნად არ ამოქმედებულა. დაანონსებული ახალი კანონის მიღების შემდეგ რუსული კანონის გაუქმება იგეგმება.
„შარშან პარლამენტმა მიიღო FARA-ს მსუბუქი ვერსია, რომელიც ჯერ სრულფასოვნად არც აგვიმოქმედებია. თუმცა, იცით, რომ მიუხედავად მისი ძალაში შესვლისა, რეესტრში რეგისტრაციაც კი არ გაუვლია რამდენიმე ათეულ, ყველაზე მდიდარ და გარე დაფინანსების მიმღებ ყველაზე მსხვილ არასამთავრობო ორგანიზაციას. ამიტომ,
მის ნაცვლად მივიღებთ ახალ ამერიკულ კანონს, მისი მოქმედი რედაქციის პირდაპირ ასლს და უზრუნველვყოფთ მის სრულფასოვან ამოქმედებას.
პირობას ვაძლევთ საზოგადოებას, რაც უფრო მეტი იქნება წნეხი, შანტაჟი, ზეწოლა და საქართველოს დამოუკიდებლობის ხელყოფის, არეულობის, ქაოსის მცდელობები, მით უფრო მკაცრი იქნება რეაგირება და გაგრძელდება, მათ შორის, როგორც სამართლებრივი, ასევე პოლიტიკური რეაგირებები, რომ მოხდეს ამ ყველაფრის პრევენცია“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ამასთან, მდინარაძის თქმით, მთავრობა სპეციალურ ფონდს შექმნის, რომელიც საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივებს დააფინანსებს.
„საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომლებსაც სურთ, უზრუნველყონ არა უცხოური, არამედ ქართველი ხალხის გავლენების გატარება საქართველოში, შეეძლებათ, მიიღონ საგრანტო დაფინანსება მთავრობისგან“, - თქვა მან.
ასეთი ფონდის შექმნა ჯერ კიდევ 2024 წლის სექტემბერში, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის სრულად ძალაში შესვლის შემდეგ დაანონსდა. მაშინ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობდა, რომ საგრანტო პროექტების დაფინანსება 2025 წლის იანვრიდან დაიწყებოდა.