საქართველოს მთავრობა გეგმავს, დააფუძნოს საგრანტო პროგრამა იმ ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სახელმწიფო ბიუჯეტიდან დასაფინანსებლად, რომლებიც ნებაყოფლობით დარეგისტრირდნენ რუსული კანონის საფუძველზე შექმნილ „აგენტების რეესტრში“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ რეგისტრაციის თაობაზე იუსტიციის სამინისტროს 450-ზე მეტმა ორგანიზაციამ მიმართა.
„სამოქალაქო საზოგადოების წინაშე გამოვლენილი პასუხისმგებლობისთვის თითოეულ ამ ორგანიზაციას მინდა მადლობა გადავუხადო. ამ ფაქტით დადასტურდა, რომ უცხოური დაფინანსების მიღება ავტომატურად არ ნიშნავს უცხოური ძალის უარყოფითი ინტერესების გატარებას.
ვისაც დასამალი არაფერი აქვს, მას არც გამჭვირვალობის ეშინია. ლოგიკურია, რომ რეგისტრაციას არ ერიდებიან უცხოური დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზციები, რომლებიც საქართველოში არც პოლიტიკური დღის წესრიგის შექმნას ცდილობენ, არც რევოლუციური გეგმების რეალიზებაში მონაწილეობენ, არც ქვეყნის რელიგიური იდენტობის შერყევას ცდილობენ, არც ლგბტ პროპაგანდით არიან დაკავებული და არც სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტების მშენებლობისთვის ქმნიან ხელოვნურ დაბრკოლებებს“, - განაცხადა კობახიძემ.
პრემიერ-მინისტრის თქმით, რეგისტრაციის პროცესი „აქტიური ზეწოლისა და შანტაჟის ფონზე“ წარიმართა. მას კონკრეტული მაგალითები არ დაუსახელებია, თუმცა მუქარასა და შანტაჟში დაადანაშაულა, როგორც არასამთავრობო, ისე „ცალკეული“ დონორი ორგანიზაციები.
„მრავალ არასამთავრობო ორგანიზაციას კონკრეტული უცხოეული დონორები დაემუქრნენ დაფინანსების შეწყვეტით იმ შემთხვევაში, თუ ისინი საქართველოს იუსტიციის სამინისტროში რეგისტრაციას გაივლიდნენ.
ამ ფონზე და ზოგადად, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დავაფუძნოთ საგრანტო პროგრამა, რომელიც სრულად ქართველი გადასახადის გადამხდელის ფულით საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
საგრანტო ფონდის გამართული მუშაობისთვის აუცილებელი ინსტიტუციური და ფინანსური საფუძვლები უახლოესი 2 თვის განმავლობაში მომზადდება, ხოლო პირველი საგრანტო პროექტები 2025 წლის იანვრიდან დაფინანსდება.
საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალურ ინფორმაციას ახლო მომავალში გაგიზიარებთ. საგრანტო პროექტები დაფინანსდება ქართველი ხალხის ინტერესების შესაბამისად განსაზღვრული ამოცანების შესასრულებლად. ამ ამოცანებს შორისაა - დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება, კორუფციასთან ბრძოლა, ჰიბრიდულ საფრთხეებთან დაპირისპირება, შშმ პირებზე ზრუნვა, გარემოს დაცვა, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებებისა და ინტერესების დაცვა და ა.შ.
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც კეთილ საქმეს აკეთებენ და ქართველი ხალხის ინტერესებს ემსახურებიან, სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ორად მეტ დაფინანსებას მიიღებენ, ვიდრე დღემდე უცხოელი დონორებისგან იღებდნენ“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
მისვე თქმით, საგრანტო პროგრამის ფარგლებში გაცემული და დახარჯული თითოეული თეთრი იქნება გამჭვირვალე საზოგადოებისთვის:
„შესაბამისად, საზოგადოებას მუდმივ რეჟიმში ექნება იმის გადამოწმების საშუალება, თუ რამდენად შეესატყვისება შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. წინასწარ მოვუწოდებთ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც სურს იქცეს ქართველი ხალხის გავლენის აგენტად და გაატაროს საქართველოს ეროვნული ინტერესები, აქტიურად ჩაერთოს საგრანტო პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსებში.
ვინც არ დარეგისტრირდა, იმან არ უნდა გაიზიაროს ეს ინიციატივა. ეს ინიციატივა უნდა გაიზიაროს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელიც მოქმედებდა დღემდე და მომავალშიც იმოქმედებს საქართველოს ეროვნული ინტერესების შესაბამისად. ეს ინიციატივა უნდა გაიზიაროს იმ არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც პატივს სცემენ საქართველოში კანონს, კანონისა და სამართლის უზენაესობას. ეს არის ჩვენი ინტერესი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის საფუძველზე შექმნილ სპეციალურ რეესტრში იმ არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების ნებაყოფლობით რეგისტრაციის ვადა, რომლებსაც შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან აქვთ მიღებული, 2 სექტემბერს ამოიწურა. 3 სექტემბრიდან საჯარო რეესტრის ფინანსური მონიტორინგის დეპარტამენტს უფლება აქვს, შეამოწმოს და დააჯარიმოს ყველა ის ორგანიზაცია, რომელმაც რეგისტრაციაზე უარი თქვა. იუსტიციის სამინისტროს ბოლო მონაცემებით, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელად“ ნებაყოფლობით 476 ორგანიზაცია დარეგისტრირდა, რაც მათი საერთო რაოდენობის დაახლოებით 1.5%-ია.