„ქართული ოცნების“ ინიციატივა აშკარა თავდასხმაა ლგბტი ადამიანების უფლებებზე - Amnesty

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Amnesty International-ი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, უარი თქვას, ლგბტი უფლებების შემზღუდველ კანონპროექტზე. ორგანიზაციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ქვეყანაში, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მიისწრაფვის, ასეთი „მავნე ინიციატივის“ განხორციელება შემაშფოთებელია.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილის, დენის კრივოშეევის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ წარმოდგენილი საკონსტიტუციო ცვლილებები დისკრიმინაციულია, კრძალავს აზრის ნებისმიერ საჯარო გამოხატვას ან საჯარო შეკრებას, რომელიც შეიძლება „ერთსქესიანთა ურთიერთობის პოპულარიზაციად“ ჩაითვალოს.

„შემოთავაზებული ინიციატივა აშკარა თავდასხმაა საქართველოში ადამიანის უფლებებზე და განსაკუთრებით, ლგბტი ადამიანების უფლებებზე. შემაშფოთებელია მმართველი პარტიის მიერ ასეთი მავნე ინიციატივის განხორციელება ქვეყანაში, რომელიც მიისწრაფვის გაწევრიანდეს ევროკავშირში, რომელიც დაფუძნებულია ადამიანის ღირსების პატივისცემის, თავისუფლებისა და საყოველთაო თანასწორობის ღირებულებებზე.

ამ ღიად დისკრიმინაციული კანონმდებლობის ხელშეწყობით, საქართველოს ხელისუფლება არა მხოლოდ ღალატობს ადამიანის უფლებათა პრინციპებს, არამედ ეთანხმება ყველაზე სავალალო მაგალითებს რეგიონში, სადაც ლგბტი პირების უფლებები სულ უფრო და უფრო მეტად ირღვევა. შემოთავაზებული ცვლილებები პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით ყველასთვის დაცულ ადამიანის უფლებებს, როგორიცაა გამოხატვის, შეკრების და გაერთიანების თავისუფლება, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის მიუხედავად.

მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ თქვას უარი ამ ინიციატივაზე და გადადგას სარწმუნო ნაბიჯები საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. ლგბტი ადამიანებს, ნებისმიერი ინდივიდის მსგავსად, აქვთ უფლება, დაცული იყვნენ დისკრიმინაციისგან, ისარგებლონ ადამიანის ყველა უფლებით სრულად და გამონაკლისის გარეშე, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებით“, - განაცხადა დენის კრივოშეევმა, Amnesty International-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორის მოადგილემ.

Amnesty International-ი აღნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ადამიანის უფლებების შემზღუდველი საკანონმდებლო ცვლილებები „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის მიღების მცდელობიდან ერთი წლის თავზე წარმოადგინა. საერთაშორისო ორგანიზაციის განცხადების თანახმად, რუსული კანონმდებლობის მიხედვით შექმნილი კანონპროექტი, რომელიც საფრთხეს უქმნიდა სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფებს, თბილისში გამართული მასობრივი საპროტესტო აქციების შემდეგ გაუქმდა.

„ქართულ ოცნებას“ ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის საბაბით კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა სურს. მმართველ პარტიას საკონსტიტუციო ცვლილებების მისაღებად საჭირო 113 ხმა პარლამენტში არ აქვს. როგორც უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, ყველაფერს გააკეთებენ, რომ ცვლილებების მხარდაჭერა „ახლა თუ არა, მომავალი მოწვევის პარლამენტში მაინც“ იყოს უზრუნველყოფილი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).