„ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მოძალადეები ზაზა მამალაძე და ირაკლი ბაუჩიძე გაათავისუფლეს

„ქართული ოცნების“ აქტივისტები, ზაზა მამალაძე და ირაკლი ბაუჩიძე, რომლებმაც 9 სექტემბერს, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან, საპროტესტო აქციის მონაწილეებზე ძალადობის ბრალდებით იყვნენ დაკავებულები, გაათავისუფლეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ამ გადაწყვეტილების შესახებ „ქართული ოცნების“ შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ  დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„მსურს მოგაწოდოთ ინფორმაცია, 8-9 სექტემბერს, ქალაქ თბილისში მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებული სამი პირის შესახებ.

სამწუხაროდ, დაზარალებულმა აქტივისტებმა არ ითანამშრომლეს გამოძიებასთან და მათი ჩვენებებიდან გამომდინარე, შეუძლებელი გახდა ჯგუფური ძალადობის ბრალდებით დაკავებული ორი პირის პასუხისგებაში მიცემა. შესაბამისად, ისინი დღეს გათავისუფლდნენ დაკავებიდან.

რაც შეეხება ნივთის დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეს, როგორც ჩვენთვის ცნობილია,ს აქართველოს გენერალურმა პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონსიძიების სახით გირაოს შეფარდების შესახებ და ის არამდენიმე საატში გათავისუფლდება პატიმრობიდან“, – თქვა დარახველიძემ.

შსს-მ 23 წლის მეგი დიასამიძე, 60 წლის ზაზა მამალაძე და 22 წლის ირაკლი ბუჩიძე 10 სექტემბერს დააკავა. დიასამიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში კახა კალაძის საარჩევნო ბანერებზე „რუსული ოცნების“ დაწერის გამო მისცეს. პროკურატურამ მას ბრალი 11 სექტემბერს, დღის ბოლოს წარუდგინა.

დაკავების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ზაზა მამალაძემ და ირაკლი ბუაჩიძემ საპროტესტო აქციის მსვლელობისას აქციის მონაწილეებზე ფიზიკურად იძალადეს.

ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, ზაზა მამალაძე „ქართული ოცნების“ დეპუტატის ნოდარ ტურძელაძის მძღოლია. მან აქციის მონაწილეს, ქეთი ალავერდაშვილს ხელი გაარტყა და დემონსტრანტებს რკინის ჯებირს უქნევდა. გარდა ამისა, აქციის მონაწილეებს საკუთარ გენიტალიაზე მიუთითებდა.

რაც შეეხება ირაკლი ბუაჩიძეს, მან აქციის ერთ-ერთ დემონსტრანტს ხელკეტით სცემა. გავრცელდა ვიდეოც, სადაც ბუაჩიძე პოლიციელს, რომელმაც მას ხელკეტი წაართვა, ეუბნება „თქვენიანი ვარ“.

ქეთი ალავერდაშვილი, რომელსაც ზაზა მამალაძემ სახეში გაარტყა, უარყოფს, რომ დაზარალებულებმა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს.

„აცხადებენ, რომ არ ვითანამშრომლეთ, რაც აბსურდია. გუშინ 4 საათი ვიყავით მე და ადვოკატი გამოკითხვაზე და თითოეული დეტალი გავიარეთ. ვუთხარი, რომ ზაზა მამალაძეზე (თუ მანგოშვილზე) ყველა მასალა მქონდა შეკრებილი და სახლში მოვალთ და წავიღებთო. არადა, იქვე მქონდა მიტანილი. თან, ეს ზაზა თუ ვინცაა, დაკავებული იყო ჯგუფური ძალადობის ბრალდებით და არა სილის გარტყმის ეპიზოდის გამო. თუმცა რადგანაც მე ტკივილი არ განმიცდია, უშვებენ ახლა და ძალადობის სხვა კადრებიც იგნორდება“, - წერს ალავერდაშვილი Facebook-ზე.

8 სექტემბერს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები ფიზიკურად გაუსწორდნენ მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან გამართული საპროტესტო აქციის მონაწილეებსა და ჟურნალისტებს, მათ შორის, ქალებს. ე.წ. ტიტუშკების მიერ ნასროლი ნივთები პოლიციელებსაც მოხვდათ.

თავდასხმის შედეგად აქციის არაერთმა მონაწილემ სხეულის დაზიანებები მიიღო. დაშავდა უნგრელი ჟურნალისტიც. ტელეფონები წაართვეს და ფიზიკურად იძალადებს ონლაინგამოცემა „პუბლიკის“ ორ თანამშრომელზე. „ნეტგაზეთის“ თანახმად, მათ ჟურნალისტს დედა აგინა და პროფესიული მოვალეობის შესრულებაში ხელი შეუშალა თბილისის პოლიციის უფროსის მოადგილე ხუტა პაჭკორიამ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯგუფური ძალადობის და „წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობის ან ძალადობის მუქარის“ მუხლებით დაიწყო. 

სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მათზე თავდასხმა წინასწარ იყო დაგეგმილი და პოლიციის მიერ ნებადართული. მიუხედავად იმისა, რომ მოძალადეთა ნაწილი იდენტიფიცირებულია, პოლიციამ მხოლოდ ზაზა მამალაძე და ირაკლი ბაუჩაძე დააკავა. ისინი ორ დღეში გაათავისუფლეს. 

„ქართული ოცნება“ პროტესტის მონაწილეებს „პროვოკაციაში“ ადანაშაულებს. „ერთი ადამიანი მაჩვენეთ, რომელია ქალი. ქალები არ არიან, რაღაც სხვა ჯიშია“, - თქვა კახა კალაძემ იმ ქალების შესახებ, რომლებზეც მისმა მხარდამჭერებმა იძალადეს.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.