თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცელარია სტუდენტებმა დაიკავეს. ისინი კეკელიძის ქუჩაზე ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს დაკავებული გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას გათავისუფლებას, ასევე, დაგეგმილი გამოსახლებების შეჩერებას ითხოვენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 3 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 4 მძღოლს, რომელმაც გორში ავარიით დედა-შვილი იმსხვერპლა, 225 ვიდეოჯარიმა ჰქონდა
- 5 ნატა ვიბლიანის გაუპატიურების ერთი ეპიზოდი მამის საფლავზე მოხდა - ადვოკატი
- 6 ციხიდან ვადაზე ადრე გაათავისუფლეს ლაშა ფურცხვანიძე, რომელმაც 13 წლის ბავშვი იმსხვერპლა
კანცელარიის ოთახში მყოფი „მაისის სტუდენტური მოძრაობის“ წევრები, მოქმედი და ყოფილი სტუდენტები, უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, თსუ-ს დაკავებული ლექტორის აკაკი ჩიქობავას მხარდამჭერი განცხადება გააკეთოს.
„რამდენიმე დღის წინ, კეკელიძის ქუჩაზე პოლიციამ ძალადობრივი გზით გამოასახლა ხატიაშვილების ოჯახი უკანასკნელი საცხოვრებლიდან. პოლიციამ სახალხო სოლიდარობას დაუპირისპირა ხისტი და უკანონო ძალმომრეობა, რის პასუხადაც აკაკიმ და გიორგიმ დააზიანეს აღსრულების პოლიციის მანქანა. ურო, რომლითაც აღსრულების პოლიცია ოჯახს კარს უმტვრევდა, გამოდგა ამ უკანონობაზე წინააღმდეგობის იარაღი.
აკაკი და გიორგი სწორედ სოლიდარობისთვის დააკავეს. გუშინ სასამართლომ მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. მათ არ გაითვალისწინეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების შუამდგომლობა და აკაკი და გიორგი პატიმრობაში დატოვეს. ჩვენ ვიკავებთ უნივერსიტეტის კანცელარიას და ვითხოვთ, შემოგვიერთდეს პროფესურა, გაიფიცოს უნივერსიტეტი მანამ, სანამ გიორგი ხასაია და აკაკი ჩიქობავა არ გათავისუფლდებიან უკანონო პატიმრობიდან და არ შეჩერდება დაგეგმილი გამოსახლებები.
ოჯახის უკანასკნელი საცხოვრებლიდან გამოსახლება და ამის მიმართ სოლიდარული ხალხის დაკავება არის პირდაპირი შედეგი იმ ეკონომიკური პოლიტიკის, რომელიც მოსახლეობას ყოველდღიურად გვავალიანებს და ცდილობს წაგვართვას მომავალი“, - ნათქვამია სტუდენტების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გიორგი ხასაია და აკაკი (კაკო) ჩიქობავა 23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე, გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე დააკავეს. ისინი სამოქალაქო მოძრაობა „ხმის“ თანადამფუძნებლები არიან. გარდა ამისა, აკაკი ჩიქობავა თსუ-ში საქართველოს ისტორიას ასწავლის, ხოლო ხასაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია.
პროკურატურა ხასაიასა და ჩიქობავას აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის განზრახ, ჯგუფურად დაზიანებას ედავება. როგორც პროკურორმა როინ ხინთიბაძემ განაცხადა, მათ სახელმწიფო უწყებას 3380 ლარის ზიანი მიაყენეს.
„მოსამართლემ იმოქმედა არა სამართლიანობის და ადამიანის უფლებების პრინციპებით, არამედ ამ გადაწყვეტიელბით, აღკვეთის ღონისძიება სადამსჯელოდ გამოიყენა - იმისთვის, რომ განსხვავებული თუ კრიტიკული აზრი, სამართლიანობისთვის ბრძოლა იყოს უფრო მეტი საფრთხის ქვეშ და მოქალაქეებს არ გაუჩნდეთ სურვილი, ცდუნება იმისა, რომ ხვალ და ზეგ ქვეყანაში მიმდინარე პროცესები გაპროტესტონ“, - განაცხადა იურისტმა გურამ იმნაძემ მას შემდეგ, რაც მოსამართლე დავით კურტანიძემ დაკავებულებს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გიორგი ხასაიასა და აკაკი ჩიქობავას 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
