თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე გამოსახლების წინააღმდეგ აქციაზე სისხლის სამართლის წესით დაკავებულ სამოქალაქო აქტივისტებს, გიორგი ხასაიასა და კაკო ჩიქობავას 3-დან 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ აღსრულების ეროვნული ბიუროს კუთვნილი ავტომობილის განზრახ, ჯგუფურად დაზიანებას ედავება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Meta ფაქტების გადამოწმების პროგრამას წყვეტს
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 4 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
გიორგი ხასაია და კაკო ჩიქობავა სამოქალაქო მოძრაობა „ხმის“ თანადამფუძნებლები არიან. ჩიქობავა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს ისტორიას ასწავლის, ხოლო ხასაია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის დოქტორანტია. მოძრაობა „ხმა“ ორივე დაკავებულის გათავისუფლებას და მათ მიმართ დევნის შეწყვეტას ითხოვს.
დაკავებულებს არასამთავრობო ორგანიზცია „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ იცავს. იურისტ გურამ იმნაძის განცხადებით, დროებითი მოთავსების იზოლატორში მათ ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ.
23 იანვარს, კეკელიძის ქუჩაზე სულ 20 ადამიანი დააკავეს, მათგან 18 - ადმინისტრაციული წესით, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის მოტივით. დაკავებულთა ნაწილის სასამართლო პროცესი ღამით გაიმართა, რის შემდეგაც ისინი გაათავისუფლეს. ადვოკატები აცხადებენ, რომ შსს-ს მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები არ ადასტურებს სამართალდარღვევის ჩადენას, რის გამოც მოელიან, რომ სასამართლო საქმის წარმოებას შეწყვეტს.
აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კეკელიძის ქუჩის N1-ში მდებარე საცხოვრებელი ბინიდან ხატიაშვილების ოჯახი პოლიციის დახმარებით გამოასახლა. გამოსახლება ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა გააპროტესტეს. მათ კორპუსის შესასვლელი რკინის კარი შეადუღეს, თუმცა აღსრულების პოლიციის წარმომადგენლებმა, საპატრულო პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების დახმარებით, კარი გახსნეს და ბინაში შესვლა მოახერხეს, რის შემდეგაც ოჯახს და მათ მხარდამჭერებს ბინა ძალის გამოყენებით დაატოვებინეს. იძულებითი გამოსახლების დროს რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ზოგიერთი მათგანი ამბობდა, რომ სამართალდამცველებმა ბინაში შეღწევის შემდეგ ცრემლსადენი გაზი გაუშვეს. აღსრულების ბიურო ამას უარყოფს და აცხადებს, რომ „პირიქით, ბინაში მყოფმა ადამიანებმა, პროცესის ხელშეშლის მიზნით, სამაშველო სამსახურისა და აღსრულების პოლიციის მიმართ გამოიყენეს, სავარაუდოდ, წიწაკის სპრეი, რა დროსაც დაშავდა რამდენიმე პოლიციელი“.
პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ ჟურნალისტებსაც, რომლებიც პროფესიულ მოვალეობას ასრულებდნენ. დააკავეს გამოცემების „მთის ამბებისა“ და „საქართველოს ამბების“ რედაქტორი გელა მთივლიშვილი, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის დარღვევას ედავებიან, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. ჟურნალისტი მოგვიანებით ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლეს. ის პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევას უარყოფს. მისი თქმით, დაკავების შემდეგ მასზე იძალადეს და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მანქანაში გუდავდნენ.
გამოსახლების დროს პოლიციამ ძალა გამოიყენა სხვა ჟურნალისტების მიმართაც. ონლაინპლატფორმა „მაუწყებლის“ ჟურნალისტი რატი რატიანი ავტომობილის სახურავზე იდგა და განვითარებულ მოვლენებს პირდაპირ ეთერში აშუქებდა, როდესაც პოლიციელმა ხელი ჰკრა და ძირს გადააგდო. გამოცემის ინფორმაციით, პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ კიდევ სამ ჟურნალისტს - ნათია ქარჩილაძეს, ანი გიორგაძეს და გიორგი არობელიძეს.
აქციაზე პოლიციელების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტებზე გამოძიება დაიწყო სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა.