ოპოზიციონერი დეპუტატი ხატია დეკანოიძე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდა. როგორც პარტიის ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა, დეკანოიძე დღეიდან მისი მოადგილე იქნება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„დღეს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში ბრუნდება ხატია დეკანოიძე, რაც ძალიან მისასალმებელია. ხატია დეკანოიძე დღეიდან შეუდგება საქმიანობას მიხეილ სააკაშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის პოზიციაზე. რამდენიმე დღის წინ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობამ ამირჩია ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარედ. დღეიდან, ხატია იქნება ეროვნული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ადამიანი, როგორიც ხატია დეკანოიძე, ისევ იქნება „ნაცმოძრაობის“ რიგებში, ამ დიდი ერთობის რიგებში. კარგი დასაწყისია და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრი საინტერესო, ძალიან სერიოზული ადამიანი შემოუერთდება ამ დიდ ბრძოლას.
ზუსტად ვიცი, რომ 26 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ გადავა ოპოზიციაში და დღევანდელი ოპოზიციური ძალები დიდი ერთობით უმრავლესობას შექმნიან საქართველოს პარლამენტში. ეს არის გარდაუვალი“, - განაცხადა ნაყოფიამ საგანგებო ბრიფინგზე. მისი თქმით, „ამ ერთიანობის სულისჩამდგმელი“ მიხეილ სააკაშვილია.
როგორც ხატია დეკანოიძემ აღნიშნა, მის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა კონსულტაციები, მათ შორის, ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან.
„ქვეყანა არის უმძიმესი საფრთხის ქვეშ. დღეს „ქართულმა ოცნებამ“ გამოაცხადა ძალიან მარტივი რამ, რომ თუ გაიმარჯვებენ, გააუქმებენ პარტიებს, გააუქმებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს და ქვეყანა წავა დიქტატურისკენ. ამიტომ ნებისმიერ შემთხვევაში, ნებისმიერი პოლიტიკოსი უნდა დადგეს მაღლა ყოველგვარ ეგოცენტრულობაზე, ყოველგვარ საკუთარ თავზე ფიქრზე და რა თქმა უნდა, იმ პლატფორმაზე ჩემი დაბრუნება, საიდანაც ბრძოლა რამდენიმე წლის წინ დავიწყე, არის ძალიან ბუნებრივი და არაფერი განსაკუთრებული აქ არ არის“, - განაცხადა დეკანოიძემ და აღნიშნა, რომ საკუთარ ფუნქციას ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში ხედავს.
ხატია დეკანოიძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნების გამო თანაპარტიელმა, დეპუტატმა ანა წითლიძემ გააკრიტიკა და მას „უძღები შვილი“ უწოდა. „ერთობის კი არა საპარლამენტო სიის ხათრით იზელ ახლა ამ ყველაფერს. მიხვდი, რომ სხვაგან არსად არ დასჭირდი, შანსი არ გაქვს და აგერ ჩვენც მიგიღებთ, მაგრამ რა ნომერზეც არ უნდა ივაჭრო სიაში, შენი ავტორიტეტი ენმ-ის ამომრჩეველში არის ნული“, - მიმართა წითლიძემ დეკანოიძეს.
ხატია დეკანოიძემ, რომელიც პარლამენტში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ თავმჯდომარე იყო, პარტია და ფრაქციის ხელმძღვანელის თანამდებობა 2023 წლის მარტში დატოვა. ამას წინ უძღოდა პარტიის თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევა. გარდა იმისა, რომ ხატია დეკანოიძე ხაბეიშვილის თავმჯდომარეობას არ ეთანხმებოდა, მას განსხვავებული მოსაზრება ჰქონდა პოლიტსაბჭოს არჩევნებსა და პარლამენტის ბოიკოტზე. როგორც დეკანოიძე ამბობობდა, მას არ მოსწონდა შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვანო მერაბიშვილის გავლენა პარტიაზე.