ხაზარაძე: გამოგვიშვეს მხოლოდ ერთი რამის გამო - რომ ოპოზიციაში დაპირისპირება მოხდეს

კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, რომ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში მისი პოლიტიკური პარტიის მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია, მიხეილ ყაველაშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება კი ოპოზიციის ფლანგზე დაპირისპირების შეტანას ისახავს მიზნად.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის ტაქტიკა გვაქვს სხვადასხვა, მზიანი გვაქვს ერთი - ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა და პოლიტპატიმრების, სინდისის პატიმრების გათავისუფლება. „ლელო - ძლიერ საქართველოს“ ამ მიზნისთვის არცერთი წამით არ უღალატია და ამ ბრძოლას გააგრძელებს. მე ყველას პატივს ვცემ, მაგრამ გადაწყვეტილებას ჩვენ მივიღებთ დამოუკიდებლად“, - უთხრა მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს.

როგორც მან აღნიშნა, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ მისი და ბადრი ჯაფარიძის შეწყალების გადაწყვეტილება „აბსოლუტურად მოულოდნელი“ იყო.

„მე და ბადრი ჯაფარიძე არ ვეთანხმებით იმ მოცემულობას, რომელიც ქვეყანაშია შექმნილი - ეს არის არალეგიტიმური, მიტაცებული პარლამენტი, მიტაცებული პრეზიდენტის სავარძელი. მიუხედავად იმისა, რომ მან დღეს შეწყალებით გამოგვიშვა - გასაგებია, რომ მადლიერების გრძნობა მე არ მაკლია - მაგრამ ეს არის მუხანათური, ძალიან ბინძური, უკაცრავად ამ სიტყვისთვის, საქციელი, როდესაც ჩვენი თანამებრძოლები ზუსტად იმავე მუხლით, იმავე „დანაშაულისთვის“ იხდიან სასჯელს.

ჩვენ გამოგვიშვეს მხოლოდ და მხოლოდ ერთი რამის გამო - რომ მოხდეს დაპირისპირება, მოხდეს ე.წ. შავი ნიაღვრის, პიარის გადმოსხმა, რაც არ გამოუვათ, რადგან ის, რაც დღეს გააკეთა ე.წ. პრეზიდენტმა, სამართლებრივი ნონსენსია, ეს არის მანიპულირება ადამიანების თავისუფლებით, ეს არის კანონის ფეხქვეშ გათელვა, ადამიანებით ვაჭრობა“, - თქვა ხაზარაძემ.

„ლელო - ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა განაცხადა, რომ თუ უახლოეს დღეებში არ გამოუშვებენ სხვა პოლიტპატიმრებს, რომლებიც ასევე „წულუკიანის კომისიაზე“ გამოუცხადებლობის გამო არიან დაპატიმრებულები, ეს იქნება კიდევ ერთი ლუსტრაცია იმისა, რომ ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნება“ და მისი პრეზიდენტი კანონს პირადი ინტერესებისთვის იყენებენ.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, რომელიც 4 ოქტომბერს გაიმართება, დიდი ოპოზიციური პარტიებიდან მონაწილეობას მხოლოდ „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ იღებენ.

მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ხაზარაძე და ჯაფარიძე ყაველაშვილმა შეიწყალა, პროდასავლური  ოპოზიციური პარტიების ნაწილმა მათ მოუწოდა, უარი თქვან არჩევნებში მონაწილეობაზე.

„მიიღეთ არა კოალიციისთვის, არა ჩემთვის, არამედ ქვეყნისთვის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება: გამოდით არასწორი, არარსებული რუსული სპეცოპერაციიდან, გამოდით და დაუბრუნდით საერთო, პრინციპულ, ართანამშრომლობის, არშეგუების, არდამორჩილების, წინააღმდეგობის ბრძოლას“, - მიმართა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს „დროას“ ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ.

„ფედერალისტების“ დამფუძნებლის, თამარ ჩერგოლეიშვილის აზრით, „ივანიშვილის დღევანდელი ჟესტით“ ხაზი გაესვა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნებისთვის ლეგიტიმაციის მინიჭება.

რვა პარტია, რომელიც არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს, მიიჩნევს, რომ „ივანიშვილის რეჟიმი 4 ოქტომბერს საქართველოში მორიგ რუსულ სპეცოპერაციას გეგმავს“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.