თბილისის სააპელაციო სასამართლომ ოპოზიციური პარტია „ლელოს“ ლიდერების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე, ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის საქმეზე, საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელი დატოვა და „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლები, „თიბისი ბანკის“ კუთვნილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლებაში დამნაშავედ ცნო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 12 იანვრის განაჩენი სააპელაციო სასამართლოში ორივე მხარე ჰქონდა გასაჩივრებული. პროკურატურა საქალაქო სასამართლოს განაჩენს არ ეთანხმებოდა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის მუხლის თაღლითობის მუხლით დაკვალიფიცირებაში, ხოლო მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი მიიჩნევდნენ, რომ მათ მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უნდა გაუქმებულიყო და გამართლებულიყვნენ. სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ, მერაბ ჯორბენაძის, დავით მამისეიშვილისა და ვეფხია ლომიძის შემადგენლობით, სააპელაციო საჩივრები არ დააკმაყოფილა.
„სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც საქალაქო სასამართლო, სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები. შესაბამისად, დაადგინა გამამტყუნებელი განაჩენი. უბრალოდ, სააპელაციო სასამართლო ბრალდების მხარეს არ დაგვეთანხმა კვალიფიკაციის ნაწილში. გავეცნობით დასაბუთებულ განაჩენს და ამის შემდეგ გადავწყვეტთ გასაჩივრების საკითხს“, - განაცხადა პროკურორმა არჩილ ტყეშელაშვილმა.
მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი უზენაესი სასამართლოსთვის მიმართვას აპირებენ.
„ეს არის სამართლებრივი აბსურდი, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. აქ არ არის ლაპარაკი ხანდაზმულობაზე. ვინმეს არ ეგონოს, ჩვენ იმიტომ არ ვართ საპყრობილეში, რომ საქმე ხანდაზმული იყო. არა, მეგობრებო. პროკურატურას არ წაუყენებია ამ საკითხზე [თაღლითობაზე] ბრალდება და ეს მოიგონა მოსამართლემ - პირველად, მოსამართლე [გიორგი] არევაძემ და ახლა დაადასტურა [მერაბ] ჯორბენაძემ. ეს არის ის სასამართლო, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, გადმოიბარა წინა ხელისუფლებისგან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მოსამართლეები გაასამართლებენ ისევ „ქართული ოცნების“ ლიდერებს, რომლებიც დღეს ამას პოლიტიკურ მხარდაჭერას უკეთებენ.
ჩვენ დღესვე მივმართავთ ჩვენს ადვოკატებს და გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ უზენაეს სასამართლოში. ეს არის გრძელი გზა. უზენაესში დაგვხვდება ის ადამიანი, ის მოსამართლე, რომელიც იყო ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, შალვა თადუმაძე, რომელიც იყო გენპროკურორი და დაიწყო საქმე ჩვენ წინააღმდეგ. ახლა მივდივართ, მოსამართლე თადუმაძესთან. ეს არის აბსურდის თეატრი, აბსურდის ქვეყანა“, - განაცხადა ხაზარაძემ.
პროკურატურამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2018 წლის 2 აგვისტოს, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის (ფულის გათეთრება) მუხლით აღძრა. პროკურატურა აცხადებდა, 2008 წლის აპრილ-მაისში „თიბისი ბანკმა“ ხაზარაძესთან დაახლოებული ბიზნესმენის, ავთანდილ წერეთელის (ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელის, ვატო წერეთლის მამა) კომპანიებზე - „სამგორი M“-სა და „სამგორი თრეიდზე“ სესხის სახით გასცა 17 მილიონი აშშ დოლარი. საქმის მასალების თანახმად, იმავე დღეს, ხაზარაძემ და ჯაფარიძემ, ამავე კომპანიებიდან, როგორც ფიზიკურმა პირებმა, ისესხეს ზუსტად იმ ოდენობის თანხა, რაც „თიბისი ბანკმა“ საბრუნავი საშუალებების შევსების მიზნობრიობით ასესხა „სამგორი M“-სა და „სამგორი თრეიდს“. პროკურატურის ცნობით, „თიბისი ბანკმა“ კომპანიებს სესხი ჩამოაწერა და აღნიშნული სესხები ბანკს არ დაბრუნებია.
მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე მათ მიმართ დაწყებულ სისხლისსამართლებრივ დევნას ხელისუფლების მიერ ანაკლიის პორტის პროექტის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად აფასებდნენ, ვინაიდან მათ მიერ დაფუძნებული „თიბისი ჰოლდინგი“ პორტის მშენებლობაში მონაწილეობდა და „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ მთავარი პარტნიორი იყო.
ხაზარაძე, ჯაფარიძე, წერეთლის საქმე სახალხო დამცველმაც შეისწავლა და თქვა, რომ საქმეში ფულის გათეთრების ნიშნები არ ჩანს.