„მინდა, ნდობისთვის მადლობა გადავუხადო მთელ ჩვენს პოლიტიკურ გუნდს. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო ჩვენი პარტიის დამფუძნებლისა და საპატიო თავმჯდომარის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის როლი ჩვენი სახელმწიფოსთვის განგრძობადი მშვიდობის შენარჩუნებაში, ეროვნული ინტერესების წამოწევაში, ჩვენი ქვეყნის დემოკრატიზაციაში და რეალურად ევროპულ ტრანსფორმაციაში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, სადაც მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე მსჯელობენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ჩიქოვანმა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე და მთავრობის გადამდგარი მეთაური ირაკლი ღარიბაშვილიც ახსენა.
„დიდი პატივია პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ბატონი ირაკლი კობახიძის ნდობა. სამშობლოსადმი მისი ერთგულება, საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება და დაუღალავი შრომის უნარი სამაგალითოა არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი პატრიოტისთვის. პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემდგომ, ვუერთდები შემადგენლობას; ვუერთდები თანამებრძოლებს, მეგობრებს, რომლებმაც არაერთი წარმატება მოუტანეს ჩვენს სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მეთაურობით. მადლობა მას მიღწეული მნიშვნელოვანი შედეგებისთვის, ქვეყნისათვის ურთულეს პერიოდში გონიერი და ძლიერი ლიდერობისთვის. რა თქმა უნდა, წარმატება მას ახალ სარბიელზე“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
პარლამენტის კომიტეტებში საქართველოს მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა დღეს დაიწყო. პროცესი 8 თებერვალს, პლენარულ სხდომაზე დასრულდება.
ირაკლი კობახიძის მიერ წარდგენილ მინისტრთა კაბინეტში მხოლოდ ერთი, თავდაცვის მინისტრი იცვლება - ირაკლი ჩიქოვანი ჯუანშერ ბუჭულაძეს შეცვლის. კობახიძის თქმით, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარდგენის შემდეგ დარჩენა ყველა მინისტრს შესთავაზა, თუმცა, ბურჭულაძეს თანამდებობიდან წასვლა თავად სურდა. თავის მხრივ, ბურჭულაძემ თქვა, რომ კობახიძისგან მიიღო შეთავაზება, NATO-ში საქართველოს ელჩის თანამდებობის დაკავება განიხილოს. „ეს იქნება ოთხი თვის შემდეგ. მე, სავარაუდოდ, დავთანხმდები ამ თანამდებობას, თუმცა მაქვს ფიქრის დრო“, - თქვა ბურჭულაძემ 1-ელ თებერვალს.
ირაკლი ჩიქოვანი 2007-2009 წლებში გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის, ირაკლი ალასანიას მოადგილე იყო, 2009 წლიდან კი ალასანიას მიერ დაფუძნებული პარტიის, „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალური მდივანი გახდა. 2012 წელს, საპარლამენტო არჩვენებში „ქართული ოცნების“ გამარჯვების შემდეგ, ის საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი და საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქციის თავმჯდომარე იყო. 2014 წელს ირაკლი ალასანია თავდაცვის მინისტრის თანამდებობიდან გადააყენეს, „თავისუფალი დემოკრატები“ კი ოპოზიციაში გადავიდნენ. ირაკლი ჩიქოვანი ხელისუფლებაში 2018 წელს დაბრუნდა, როდესაც ჯერ სტრატეგიული კომუნიკაციების, შემდეგ კი საგარეო ურთიერთობების საკითხებში მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას მრჩეველი გახდა. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩიქოვანი პარლამენტში „ქართული ოცნებიდან“ ზუგდიდის მაჟორიტარ დეპუტატად აირჩიეს. თავდაცვის მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ, ირაკლი ჩიქოვანს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდება.