„ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებმა თავადაც შეუწყვეს ხელი იმას, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში დაეკავებინათ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„თუ ადამიანი დაკავებული იყო ფულის აღებ-მიცემობით იმისთვის, რომ ადამიანებს გადაეკვეთათ ეს ხელოვნური ადმინისტრაციული საოკუპაციო საზღვარი, ბუნებრივია, ამ ადამიანსაც, სამწუხაროდ, ხელი შეუწყვია იმისთვის, რომ ის დაეკავებინათ.
თუმცა, მან უნდა აგოს პასუხი არა აფხაზეთის მარიონეტული ხელისუფლების და/ან რუსული საოკუპაციო ჯარის წინაშე, არამედ ის უნდა დაუყოვნებლივ გადმოცემული იქნას საქართველოსთვის, საქართველოს ლეგიტიმური ხელისუფლებისთვის, რომელიც, ვფიქრობ, გაერკვევა საკითხში. მე უდანაშაულობის პრეზუმფციას დავიცავდი, არ დავადანაშაულებდი ამ ადამიანს იმიტომ, რომ ჩემთვის რუსული საოკუპაციო ჯარის პრესსამსახური და ან კიდევ აფხაზეთის დღევანდელი მოქმედი მარიონეტული რეჟიმი ვერ იქნება ავთენტური წყარო“, - განაცხადა ოდიშარიამ.
17 აგვისტოს ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გალის რაიონის სოფელ მეორე ოტობაიაში (ბგოურა) საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა. 1964 წელს დაბადებულ რემიკო და 1967 წელს დაბადებულ მურთაზ ჭითანავებს ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში დახმარებას ედავებიან.
დე ფაქტო ხელისუფლებამ დაკავების შესახებ ინფორმაცია 20 აგვისტოს გაავრცელა. როგორც ისინი აცხადებენ, ჭითანავები „იყენებდნენ გეოგრაფიულად ხელსაყრელ საცხოვრებელ ადგილს, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება საქართველოს ტერიტორიას და დახმარებას უწვდნენ სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში“.
„დაკავებულთა საცხოვრებელი სახლების დათვალიერებისას აღმოჩენილია F1 ხელყუმბარა, RGD-5 ხელყუმბარა, 1600 გრამი ტროტილი, 45 გრამი - პლასტიდი, ტროტილის ბლოკი, სხვადასხვა კალიბრის ვაზნები და დოლარის კუპიურების დასტა“, - განაცხადეს ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. აღსანიშნავია, რომ გამოქვეყნებულ ვიდეოში რამდენიმე ათეული ერთდოლარიანი ჩანს.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საქართველოს ორი მოქალაქის უკანონოდ დაკავების შესახებ ინფორმაცია დღეს, 21 აგვისტოს დაადასტურა. როგორც გაირკვა, ჭითანავებს ე.წ. სასამართლომ 2-თვიანი „წინასწარი პატიმრობა“ მიუსაჯა და ამჟამად ე.წ „აფხაზეთის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის იზოლატორში“ იმყოფებიან.
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დეპუტატ ბექა ოდიშარიას განცხადებას „სამარცხვინო“ უწოდა. „საერთოდ, უდანაშაულობის პრეზუმფცია არ იცოდე რას გულისხმობს და უარესი, კიდევ ეგრეთ წოდებული სამართალდამცველების ბრალდებებს უაპელაციოდ იზიარებდე... ეს როგორც ჩანს, „ოცნების“ მიერ გაგებული, ოკუპანტებთან სამომავლო ურთიერთობების დალაგების ხედვაა, რისთვისაც თურმე საკონსტიტუციო უმრავლესობა სჭირდებათ!“, - დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.