საქართველოში გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებით, მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი უნდა იყოს, რადგან ქვეყანა, რომელსაც ასეთი არჩევნების ჩატარება არ შეუძლია, ევროკავშირის წევრი ვერ გახდება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 2 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 3 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 დასანქცირების შემდეგ ტელეკომპანია „იმედი“ აცხადებს, რომ საკუთარ ბანკს შექმნის
დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა ამომრჩევლების ინფორმირების აუცილებლობაზეც და თქვა, რომ არ არის ჯანსაღი, როდესაც არჩევნების დროს საუბარია მხოლოდ ომსა და მშვიდობაზე, ქართველსა და „უცხოეთის აგენტზე“.
„ველაპარაკე ერთ ქართველ პოლიტიკოსს, რომელმაც ამიხსნა, როგორი იქნებოდა ჯანდაცვის პოლიტიკა მისი მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში და მე ეს მომეწონა, რადგან ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც პოლიტიკოსი საქართველოში კონკრეტულ საკითხებზე საუბრობს. მე მას ვკითხე, იქნებოდა თუ არა ჯანდაცვის პოლიტიკა ამ არჩევნების ერთ-ერთი მთავარი თემა და მან მიპასუხა, რომ არა. მთავარი იქნება ვინ არის რუსი და ვინ ევროპელი. ჩემი აზრით, ეს არ არის ჯანსაღი მიდგომა. გერმანიაში ჩვენ ვსაუბრობთ სხვადასხვა საკითხებზე - სამუშაო ადგილებზე, ჯანდაცვაზე და ასე შემდეგ. აქ კი საუბარია ომსა და მშვიდობაზე და რაც კიდევ უფრო უარესია, ქართველსა და უცხოეთის აგენტზე, რაც არ არის კარგი და არ არის ჯანსაღი
სამწუხაროდ, დღეს მსოფლიოში პოპულისტური ტენდენციებია და პოპულიზმის მიზანია ყველაფრის გამარტივება და წარმოჩენა, როგორც არჩევანი შავსა და თეთრს შორის. ასე საზოგადოების პრობლემებს ვერ გადავწყვეტთ, არ არსებობს მარტივი გამოსავლები.
როდესაც მე მივდივარ არჩევნებზე გერმანიაში, მე არ ვითხოვ, რომ ჩემს მიერ არჩეულმა მთავრობამ ჭეშმარიტების გზა მაჩვენოს და სამოთხე შექმნას. მე მინდა, რომ მათ მართონ სახელმწიფო გონივრულად მინიმუმ 4 წლის განმავლობაში. ასე რომ, ახლა ყველაფერი თქვენს ხელშია. ხმის მიცემა სუპერძალაა, რომელიც უნდა გამოიყენოთ“, - თქვა პიტერ ფიშერმა.
გერმანელ დიპლომატს ჰკითხეს „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერებზეც, სადაც რუსეთის მიერ განადგურებული უკრაინული ქალაქებისა და ინფრასტრუქტურის ფოტოები პარტიის პროპაგანდისთვის არის გამოყენებული. ფიშერის თქმით, საკითხები, რაც საქართველოს მოქალაქეების აწუხებთ, რთულია და არ არის მხოლოდ „ომი თუ მშვიდობა“.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს, სრულად პროპორციული წესით და 5%-იანი ბარიერის პირობებში ჩატარდება.
