კიდევ ერთი მკვლელობა სვანეთში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მონაწილეობით

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

1-ელ იანვარს, ღამით, სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ეცერში თანასოფლელებს შორის მომხდარი კონფლიქტის შედეგად მოკლეს 29 წლის გიორგი პაკელიანი, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის მესტიის სამმართველოს თანამშრომელი. მოკლულია 33 წლის გურამ აფრასიძეც. დაჭრილია გიორგი პაკელიანის ძმა, 24 წლის როლანდ პაკელიანი. დაპირისპირების დროს დაშავდა მოკლული გურამ აფრასიძის დედა, ზემფირა აფრასიძე, რომელიც კომაშია და ქუთაისის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სამართალდამცავებმა ორი პირი დააკავეს - 23 წლის გიორგი ცინდელიანი, რომელიც სასაზღვრო პოლიციის მესტიის სამმართველოს თანამშრომელია. მას ბრალად გურამ აფრასიძის განზრახ მკვლელობა ედება. მეორე დაკავებული მოკლული გურამ აფრასიძის მამა, 70 წლის როლანდ აფრასიძეა. პროკურატურა მას გიორგი პაკელიანის განზრახ მკვლელობასა და მისი ძმის, როლანდ პაკელიანის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში ადანაშაულებს.

პროკურატურის განცხადებით, სოფელ ეცერში, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს, გიორგი ცინდელიანს და გიორგი პაკელიანს, მამა-შვილ როლანდ და გურამ აფრასიძეებთან ფიზიკური დაპირისპირება წარსულში არსებული უთანხმოების გამო მოუვიდათ.

ბრალის დადგენილების მიხედვით, კონფლიქტის დროს, გიორგი ცინდელიანმა განზრახ მოკვლის მიზნით, თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა გურამ აფრასიძეს, რომელიც მიღებული დაზიანებების შედეგად დაიღუპა. იმავდროულად, როლანდ აფრასიძემ თან ნაქონი ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა გიორგი პაკელიანისა და მისი ძმის, როლანდ პაკელიანის მიმართ, რის შედეგადაც გიორგი პაკელიანი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო როლანდ პაკელიანმა სიცოცხლისთვის სახიფათო სხეულის დაზიანება მიიღო.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ორივე დაკავებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. მოსამართლის კითხვაზე, ცნობს თუ არა თავს დამნაშავედ, როლანდ აფრასიძემ თქვა, რომ არაფერი დაუშავებია. მისი ადვოკატი, რევაზ მიქაია ამბობს, რომ როლანდს აფრასიძეს ცეცხლსასროლი იარაღი თან არ ჰქონია.

„როგორც ჩემი დაცვის ქვეშ  მყოფი განმარტავს, მის შვილს სცემეს, მიაყენეს ჯანმრთელობის დაზიანება. გარკვეული დროის, დაახლოებით ორი საათის შემდეგ, მისი საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან მივიდნენ პაკელიანის ოჯახის წევრები, ისროდნენ, ილანძღებოდნენ, იგინებოდნენ და აქედან წარმოიშვა ეს დაპირისპირება. ამ მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ როლანდ აფრასიძემ ჩაიდინა ან განზრახ მკვლელობა ან ვინმეს სხეულის მძიმე დაზიანება“, - აღნიშნავს ადვოკატი.

მეორე ბრალდებულის ადვოკატის, სოსო ჯანაშიას თქმით, გიორგი ცინდელიანი ამ დაპირისპირებას შემთხვევით შეესწრო. „პაკელიანებისა და აფრასიძეების ოჯახებს შორის არსებობდა, თურმე, წარსულში რაღაც უთანხმოება და დაპირისპირება. ცინდელიანი იმ დღეს სრულიად შემთხვევით შეესწრო ამ დაპირისპირებას და მისი ფუნქცია იყო ჩხუბის მონაწილეების გაშველება. ის აფრასიძეებს საერთოდ არ იცნობდა და ბუნებრივია, მათთან არანაირი დაპირისპირება არ ექნებოდა. იარაღთან შეხება არ ჰქონია. ცინდელიანის დაკავების საფუძველი აფრასიძეების ოჯახიდან მოწმის ჩვენება გახდა“.

რაც შეეხება აფრასიძეებსა და პაკელიანებს შორის წარსულში არსებულ უთანხმოებას - ეცერის მცხოვრებლების მონათხრობით, გურამ აფრასიძეს გიორგი და როლანდ პაკელიანების დის ცოლად მოყვანა სურდა, რაზეც უარი უთხრეს. კონფლიქტის გაღრმავების თავიდან ასაცილებლად, პაკელიანის ოჯახის წევრები, გიორგი და მისი და, დროებით სვანეთს გაარიდეს და კახეთში გადაცხოვრდნენ, სადაც გიორგის და გათხოვდა. რამდენიმე წლის წინ, ქალიშვილთან სვანეთიდან სტუმრად ჩასულ მამას, სიძის ნათესავის გასროლილი ტყვია მოხვდა და დაიღუპა. ამის შემდეგ და-ძმა პაკელიანები საცხოვრებლად სვანეთში დაბრუნდნენ.

ადგილობრივების მონათხრობის მიხედვით, 1-ელ იანვარს, გიორგი პაკელიანი ნაკრიდან, სადაც სასაზღვრო პოლიციის N5 სექტორია, ეცერში, სახლში ბრუნდებოდა. ის თანამშრომელთან, გიორგი ცინდელიანთან ერთად, მისივე მანქანით მგზავრობდა. ეცერში აფრასიძეების ნათესავის სახლში გაჩერდნენ, სადაც ახალ წელს აღნიშნავდნენ. იქ ყოფნისას, გიორგი პაკელიანსა და გურამ აფრასიძეს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ისინი გააშველეს. იმავე ღამით, ცოტა ხნის შემდეგ, გურამ აფრასიძე და გიორგი პაკელიანი ერთმანეთს ისევ შეხვდნენ და მკვლელობა მოხდა.

„ჩემს გოგოზე იყო გადაკიდებული მისი ბიჭი [გურამ აფრასიძე]. ამდენი ფათერაკი იყო იქით, აქეთ. იქიდან მომდინარეა ეს ყველაფერი. წლებია გრძელდება. გოგო ჩვენ აქედან გადავიყვანეთ, თავის ძმებს რომ არ გაეგოთ - სამი ბიჭი მყავს. მოვაშორეთ აქაურობას. მერე თავისმა ძმებმაც გაიგეს. მე რომ ჩავედი, ჩემს უმცროს ბიჭს, რომელიც დაჭრილია, გიორგი კალთაში ეწვინა და სასწრაფო დახმარებას ითხოვდა“, - იხსენებს მოკლული გიორგი პაკელიანის დედა.

ადგილობრივების თქმით, აფრასიძისა და პაკელიანის ოჯახები ერთმანეთის ნათესავები არიან.

მოკლული გურამ აფრასიძე ეცერში დღეს დაკრძალეს, გიორგი პაკელიანს კვირას დაკრძალავენ.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში როლანდ აფრასიძესა და გიორგი ცინდელიანს 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. წინასასამართლო სხდომა 27 თებერვალს გაიმართება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მონაწილეობით, ეს, ბოლო პერიოდში, სვანეთში მკვლელობის პირველი შემთხვევა არ არის.

2020 წლის 20 აპრილს, სასაზღვრო პოლიციის მულახის მე-2 სექტორის მესაზღვრემ ბესიკ ნავერიანმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ამავე სექტორის თანამშრომელი, 36 წლის ბესიკ იოსელიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ორივე მათგანი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდათ. იოსელიანი ნასვამი იყო. მკვლელობის შემდეგ ნავერიანი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ბრალდებული პოლიციას მკვლელობიდან რამდენიმე დღეში ჩაბარდა. მოკლული და დანაშაულის ჩამდენი პირი მეგობრები და ნათესავები იყვნენ.

2015 წლის 13 მარტს, სასაზღვრო პოლიციის მესტიის სამმართველოს ოპერატიულმა მორიგემ კახა მარგიანმა ყოფილი უფროსი, გიორგი რატიანი მოკლა - პროკურატურის ინფორმაციით, კახა მარგიანის საცხოვრებელ სახლში სტუმრად იმყოფებოდნენ გიორგი რატიანი და ზაზა ჯაფარიძე. მარგიანს სტუმრებთან შელაპარაკება მოუვიდა, რაც მალევე ჩხუბში გადაიზარდა. ჩხუბის შემდეგ კახა მარგიანი, გიორგი რატიანი და ზაზა ჯაფარიძე ერთმანეთს დაშორდნენ. რამდენიმე წუთში კახა მარგიანი ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღდა და თამარ მეფის ქუჩაზე ფეხით მიმავალი გიორგი რატიანის და ზაზა ჯაფარიძის მიმართულებით გაისროლა. გიორგი რატიანი მიყენებული ჭრილობებით ადგილზე გარდაიცვალა, ზაზა ჯაფარიძე ზურგის არეში დაიჭრა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.