კიევის ოლქში მდებარე ქალაქ ბროვარიში უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად სულ მცირე 17 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, შინაგან საქმეთა მინისტრი დენის მონასტირსკი, მისი პირველი მოადგილე ევგენი ენინი და შსს-ს სახელმწიფო მდივანი იური ლუბკოვიჩი. დაღუპულთა შორის 4 ბავშვია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 გლდანის ციხის ყოფილი დირექტორი დავით გოგობერიშვილი გარდაცვლილი იპოვეს
- 3 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 4 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 5 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 6 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული 13 პირის ვინაობა ცნობილია
ავიაკატასტროფა 18 იანვარს, 8:20 საათზე მოხდა. ვერტმფრენი ES-225, რომლის ბორტზე 9 ადამიანი (შსს-ს 6 თანამშრომელი და ეკიპაჟის 3 წევრი) იყო, საბავშვო ბაღისა და საცხოვრებელ სახლის სიახლოვეს ჩამოვარდა. ტრაგედიის დროს საბავშვო ბაღში ბავშვები და თანამშრომლები იმყოფებოდნენ.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ბორტზე მყოფი ყველა პირი დაიღუპა. დაშავდა 25 ადამიანი, საიდანაც 11 ბავშვია.
მომხდარზე გამოძიება უკრაინის უსაფრთხეობის სამსახურმა დაიწყო. ამ დროისთვის ტრაგედიის გამომწვევი რამდენიმე ვერსია განიხილება, მათ შორის, ფრენის წესების დარღვევა, ვერტმფრენის ტექნიკური გაუმართაობა და განზრახი ქმედება სატრანსპორტო საშუალების განადგურების მიზნით. „უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები ატარებენ კომპლექსურ საგამოძიებო-ოპერატიულ ღონისძიებებს, რათა ტრაგედიასთან დაკავშირებით ყველა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და დეტალი დაადგინონ“, - ნათქვამია უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დენის მონასტირსკი, რომელიც 42 წლის იყო, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრად 2021 წლის ივლისში დაინიშნა. მანამდე, 2019-2021 წლებში, ის უკრაინის უმაღლესი რადას [პარლამენტის] დეპუტატი იყო. 42 წლის ევგენი ენინი 2021 წლის სექტემბრიდან იკავებდა შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას, 33 წლის იური ლუბკოვიჩი კი იმავე წლის ნოემბრიდან.
